May 15, 2024

“გააზრებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ” - ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაზე

“ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 20 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნის შესრულებამდე პროტესტი არ შეწყდება. ნიკა მელიას გუნდი აქციას არ უერთდება, რადგან, მათი აზრით, ეს ნაბიჯი პოპულისტურია. აზრთა სხვადასხვაობაა რეგიონებში გამართულ აქციებთან დაკავშირებითაც. საპროტესტო ტალღა მასშტაბური ვერ აღმოჩნდა, ხაბეიშვილი ხალხს ვერ აგროვებს. 20 თებერვლის აქციას არ უერთდება “ლელო” და დიდი ალბათობით სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც არ იზიარებენ ენმ-ის გადაწყვეტილებას საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ბოიკოტი და პროტესტი სასიკეთო შედეგს ვერ მოიტანს. ექსპერტთა ნაწილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს სკეპტიკურად უყურებს. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან გააზრებულ ნაბიჯებს ვერ ხედავს. ექსპერტი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რეალურად დაშლილია, თუმცა პატარ-პატარა პერფორმანსების მოწყობა შეუძლიათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გააზრებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ” - ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაზე.

 

“რთულია ლაპარაკი მთლიანად ოპოზიციის ნაბიჯებზე, რას აკეთებენ, მაგრამ გააზრებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ, პარლამენტში ოპოზიციაზე საუბარიც კი ზედმეტია, იქ მათი “ჩამი- ჩუმიც” არ ისმის. რაც შეეხება ხაბეიშვილის მცირე აქციებს რეგიონებში, ეს აქციები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ თბილისში დიდი აქცია ჩატარდება... რაც შეეხება შიდაპარტიულ დაპირისპირებას, რეალურად, პარტია ორად არის გაყოფილი. მელია მოწოდებებით არ გამოვა, ლოდინის რეჟიმშია, ხაბეიშვილს ხელს არ უშლიან თავისი პოლიტიკა რომ გაატაროს, აცდიან სანამ მისი რეიტინგი დაეცემა. სავარაუდოდ პარტიას მელია თავის გუნდით შემოდგომაზე გაემიჯნება. ხაბეიშვილი კი უკვე მეთოდურად ცდილობს შეავიწროვოს მელია და მისი ჯგუფი, რათა დატოვონ პარტია. ბოიკოტის გამოცხადება კი არასერიოზული და არაფრის მომტანი ნაბიჯია. შედეგს ვერ მიიღებენ, თუ პარლამენტს დატოვებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“რაც შეეხება მთლიანად ოპოზიციას, სამწუხაროდ არ შეიმჩნევა მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციული მოქმედება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს მოემსახურებოდა. “ნაცმოძრაობა” კი სრულიად დეგრადირებულია. პარტია რეალურად დაშლილია, მაგრამ პატარ-პატარა პერფორმანსების მოწყობა კიდევ შეუძლიათ. საზოგადოება არ უნდა მოტყუვდეს, რომ ეს არის სერიოზული ძალა. ოპოზიციას ხალხში საყრდენი არ აქვს, გვახსოვს “ნაცმოძრაობის” გათანგული აქციები მელია რომ აწყობდა, დახეტიალობდენ აქეთ- იქით ქალაქში. პარტიის ახალი თავმჯდომარე ხაბეიშვილი კი იმდენად არაადეკვატურია, რომ არა მგონია შეძლოს რაღაც გრანდიოზული აქციის მოწყობა. ხალხს ვერ აგროვებენ; სააკაშვილის თემა გაცვეთილია, საქართველოს აქვს იმის ნებისყოფა, რომ დაიცვას კანონის უზენაესობა და ვერანაირი რეზოლუცია სააკაშვილს ვერ გამოუშვებს” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

წაკითხვა 181 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.