May 2, 2024

"უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა"

უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შემართებამ და ერთიანობამ შედეგი გამოიღო.

 

„მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც დღეს არიან საქართველოში, დღეს აქ დგანან და არიან ჩამოსული საქართველოში. მივესალმები მთელ მსოფლიოში ყველა ქართველს და უკრაინელს, რომელიც დღეს გამოდის სხვადასხვა დედაქალაქში, რათა აღნიშნოს დღევანდელი დღე. ერთი წელია, რაც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ბრძოლა წამოიწყო. ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი ერთბოლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას. ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევით და უგულებელყოფით. ერთი წელია, უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება, ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია.

 

ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო, რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია, ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა. პირიქით, უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა, მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება – არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება, არა მხოლოდ სიტყვიერი, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსით.

 

რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს არანახული ერთობა, რომელსაც ვერც ენერგოშანტაჟმა, ვერც ბირთვულმა შანტაჟმა და ვერც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა, ვერ შეაცვლევინა პრინციპული სოლიდარობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ერთგვარად ახალი, თავდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა, საიდან მოდის საფრთხე. დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ამასთან, ღონისძიების მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, საომარი მოქმედებების დროს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ.

 

„დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ ჩაითვლება, ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ, 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღეა, 23 თებერვალს იუნკერების საგმირო ბრძოლის ხსოვნის დღე იყო, 19 თებერვალს კი მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე. ეს ნამდვილი სიმბოლური პარალელია, რომელიც არ შეიძლება, არ გავიგოთ, როგორც ნიშანი. 1921 წელს მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, 1992-1993 წლებში გამოუცხადებელი ომი რუსული საჰაერო და საზღვაო და ძალების წინააღმდეგ, 2008 წლის ომი უკრაინელების დღევანდელ განსაცდელთან გვაერთიანებს და არ გვაშორებს. ახლა მინდა, წუთიერი დუმილით ერთად პატივი მივაგოთ უკრაინელ დაღუპულ სამხედროებსა და მოქალაქეებს, ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში და ბახმუტში. ჩვენი თანამემამულეები, ვინც უკრაინელების გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ, ისინი ქართულ ღირსებასაც და მომავალსაც იცავდნენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის შედეგები მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს.

 

„მინდა, გავიხსენოთ ყველა, ვინც საქართველოსა თუ უკრაინაში იცავდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მაშინ და დღეს ერთიან ევროპულ მომავალს. არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს, სხვა ალტერნატივაც არ არსებობს. ამ ომის შედეგი როგორც ჩვენს, არამედ მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს. ქართულ ენას ყველაფრის სწორი გამოხატვა შეუძლია, ბრძნული ენაა, ჩვენ გამარჯობას ვიძახით და მშვიდობას და ვიცით, რომ ერთი მეორის გარეშე ვერ იქნება. მჯერა უკრაინელი ხალხის გამარჯვების და გამარჯვებული მშვიდობიანი მომავლის. მათი და ჩვენი – ერთობლივად. გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას და ჩვენს ერთიან მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 173 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.