“ხალხი თუ მოინდომებს, აიძულებს ხელისუფლებას მას მოუსმინოს” - კახა გოგოლაშვილი

“რა დეპოლარიზაციაზეა საუბარი, როდესაც, სხვა თუ არაფერი, მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. მას კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი და ამის ნაცვლად, ვინც მასზე კრიტიკული აზრი გამოთქვა, ლანძღვა-გინებით პასუხობდა.

შესაძლოა ხელისუფლებამ ისევ ოპოზიციას დააბრალოს და თქვას, რომ ოპოზიციამ გამოიწვია, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, დეპოლარიზაცია და 12 პუნქტის შესრულება გადაცემული აქვს ხელისუფლებას და ვალდებულია შეასრულოს, არათუ გააღრმავოს პოლარიზაცია. მეორე - როგორ შეიძლებოდა ისეთი კანონის წამოწევა, რომელზეც ყველა აფრთხილებდა, რომ პოლარიზაციას გაზრდიდა. ხელისუფლება რომც თვლიდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კონსპირაციულ ურთიერთობაში არიან დასავლეთში არსებულ ძალებთან, რომ დაამხონ ხელისუფლება და მერე ომი გამოუცხადონ რუსეთს, ჯერ ხომ აბსურდულია, მაგრამ შეიძლება ამ რიტორიკით ელოდო, რომ დეპოლარიზაცია მოხდება და ხელისუფლებას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაეხუტებიან?!” - აცხადებს ექსპერტი, “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხალხი თუ მოინდომებს, აიძულებს ხელისუფლებას მას მოუსმინოს”.

“როგორც მინიმუმ, ამ ორი ფაქტიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ დეპოლარიზაციის და ამ 12 პუნქტის შესრულებას ხელისუფლება არ აპირებს. ამ დროს გაიძახიან, გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და არ მოგვცეს, ვალდებული არიან, მოგვცენო. ასეთი აზროვნება ინფანტილიზმია პოლიტიკაში. ხელისუფლებამ სცადა კი შეთანხმებულიყო ოპოზიციასთან რომელიმე საკითხზე, ერთად გაეკეთებინათ რამე, რათა გარეგნულად მაინც ეჩვენებინათ ევროკავშირისთვის, აი, ერთად ვმუშაობთ რაღაცებზეო? 31 მარტს “ოცნება” მთაწმინდაზე ავიდა ზვიად გამსახურდიას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. მარტო რატომ ავიდნენ, რა, ზვიად გამსახურდია ან ოპოზიციის, ან არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტი არ იყო? მხოლოდ მმართველი ძალის პრეზიდენტი იყო და რეფერენდუმი მხოლოდ “ოცნების” სასარგებლოდ ჩატარდა? ასეთ მარტივ რაღაცებზე მაინც რატომ ვერ ახერხებენ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებას იმის საჩვენებლად, რომ რაღაც საკითხებში მაინც არიან ერთსულოვანი. როდესაც პირად ან ჯგუფურ ინტერესებს აყენებ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, როგორ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ამას დაგიფასებს ევროპა, აღტაცებით შემოგხედავს და იტყვის, რაც შეიძლება მალე უნდა მიგიღოთ ევროკავშირშიო. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ძალიან ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ ხელისუფლებასთან დიალოგს. მართალია, ხანდახან რაღაც შეხვედრების გამართვა ხერხდება, მაგრამ ამის რეალური შედეგები არ ჩანს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

 

“მაგალითად, “აგენტების კანონის” თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და არგუმენტირებულად აუხსნეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ არავის აზრი არ გაითვალისწინეს. ეს კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას მარტო ყოფნა სურს, არ სჭირდება ოპონენტი და მით უმეტეს, კრიტიკოსი. ასეთ მდგომარეობაში ევროკავშირი თავის წიაღში ვერ მიგვიღებს, რადგან ის არ არის ექსკლუზიური საზოგადოება, პირიქით, ძალიან ინკლუზიურია, ყველას ჩართვას ცდილობს. მხოლოდ დეპოლარიზაციის პრობლემა რომ გვქონდეს, შეიძლებოდა ფოკუსირება მთლიანად ამაზე მოგვეხდინა, მაგრამ დანარჩენი, რაზეც ამბობენ, შესრულებულიაო, როგორ არის შესრულებული? დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიამ იმდენი შენიშვნა გამოგზავნა, ახალია დასაწერი, რომ ევროკავშირისთვის მისაღები იყოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“რაც შეეხება მედიათავისუფლებას, გვარამია ციხეშია, პრაქტიკულად ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თითქოს “რუსთავი 2” გააკოტრა და ამ დროს კარგად იციან, რომ ამისთვის მას 50-ათასლარიანი ჯარიმა აქვს დაკისრებული და მეტი არაფერი. ციხეში კი იმ საბაბით ზის, რომ ფარული თვალთვალის შედეგად ფოტო გადაუღეს, მისი სამსახურის მანქანით როგორ მიიყვანეს რამდენჯერმე მისი შვილი სკოლაში. წარმოუდგენელია, ვინმემ დაიჯეროს, რომ ეს არ არის მედიაზე ზეწოლა და პოლიტიკური შურისძიება. თანაც, დღე არ გავა, სარჩელი არ შეიტანონ მედიასაშულებების მფლობელების წინააღმდეგ ან ცილისმწამებლური კამპანია არ ააგორონ. პრაქტიკულად არავინ დასჯილა მედიაზე თავდასხმისთვის, რომელიც 2021 წლის ზაფხულში მოხდა. ამიტომაც არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამ პუნქტსაც შესრულებულად ჩაგვითვლიან”. - მიიჩნევს ექსპერტი. “სასამართლო რეფორმაში მთავარი იყო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა და რაც მიიღეს, ახლოსაც არ არის ამასთან. საარჩევნო კოდექსში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რასაც ეუთო/ოდირი ითხოვდნენ, და ძალიან მაღალი საარჩევნო ბარიერის დაწევას უკავშირდება, არ შესულა. შეუძლებელია არსებულ ვითარებაში 5%-იანმა ბარიერმა დემოკრატიული განვითარებისთვის პირობები შექმნას. არაფერია გაკეთებული საარჩევნო გარემოს შესაცვლელად, რათა არ იყოს ისეთივე ძალადობრივი გამოვლინებები და ა.შ. ასევე არ არის უზრუნველყოფილი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც. ამას დავუმატებდი ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომ ყველა კონსპირაციული თეორია, თითქოს დასავლეთს სურს ომში ჩაგვითრიოს, აბსოლუტური აბსურდია, მაგრამ ამას უჩიჩინებენ მოსახლეობას, რათა წარმოდგენა შეუქმნან, რომ არც ისე კარგია ევროპა. სამაგიეროდ, თვითონ არიან ყველაზე კარგები და ევროპა არ გვჭირდება. ცუდი ისაა, რომ ეს საზოგადოების რაღაც ნაწილზე გავლენას ახდენს, რადგან ჩვენ ახლა ორუელისეულ ხანაში ვცხოვრობთ, სიმართლე გაუფასურებულია - ხალხი იმას უსმენს, ვინც მეტს ლაპარაკობს, და არა იმას, ვინც სიმართლეს ამბობს”, - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.

 

“სწორედ ამ მეთოდს იყენებენ, ყოველდღე უჩიჩინებენ ხალხს, ომში უნდათ ჩაგვითრიონ, რომ იქნებ როგორმე ევროპა შეაზიზღონ და მერე უარს რომ გვეტყვიან კანდიდატის სტატუსზე, თქვან, ჩვენ ომში უნდა ჩავეთრიეთ სტატუსის სანაცვლოდ და ჩვენ მშვიდობა ავირჩიეთო. მოსახლეობის უმრავლესობას აქვს იმედი, რომ სასწაული მოხდება და ჩვენ მაინც მიგვიღებენ, რადგან ევროპამ დაინახა, როგორ მაღლა ვწევთ ევროკავშირის დროშას, როგორ გამოვდივართ, ვაპროტესტებთ. ევროკავშირის ინსტიტუტებში მართლა აღფრთოვანებით უყურებენ, ქართველი ხალხი როგორ ისწრაფვის ევროპისკენ. კი ბატონო, მოსახლეობა უჭერს მხარს, მაგრამ ხელისუფლება სხვა მიმართულებით მოქმედებს. ამიტომაც აქ სასწაული არ მოხდება. სასწაულის მოხდენა მხოლოდ ხალხს შეუძლია. მან უნდა აიძულოს ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც მას სურს და არა რაღაც სინდიკატს, პირთა რომელიღაც ჯგუფს, რომელსაც ხელში ძალაუფლება ჩაუვარდა. ხალხი თუ მოინდომებს, აიძულებს ხელისუფლებას მას მოუსმინოს. ამას საზოგადოების დიდი ძალისხმევა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა და ხელისუფლებასთან მკაცრი დიალოგი სჭირდება. თუ ამას შეძლებს ქართველი საზოგადოება, მაშინ შესაძლებელი იქნება ეს სასწაული მოხდეს და ევროკავშირმა თქვას, ღირსები არიან არა მარტო კანდიდატობის, არამედ წევრობისაცო. მე ეს მგონია გამოსავალი”, - დასძენს გოგოლაშვილი.

წაკითხვა 267 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.