May 15, 2024

ენმ-ში ყველაფერი ახალ არჩევნებამდე მიდის

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება და პრაქტიკულად ორად გაყოფილ პარტიაში ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს უკვე საჯაროდაც აღარ ერიდებიან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრიზისის საბოლოო შედეგი ახალი შიდაპარტიული არჩევნები იქნება.

„რეზონანსთან“ საუბრისას ისინი იმ ფორმალურ საფუძველსაც ასახელებენ, რაც ენმ-ში ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მიზეზად დასახელდება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ენმ-ში ყველაფერი ახალ არჩევნებამდე მიდის - ანალიტიკოსები ხაბეიშვილის გადადგომის ფორმალურ მიზეზს ასახელებენ.

„დაპირისპირების მორიგი ფაზა ენმ-ში 15 აპრილს დაიწყო. ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მომხრეებმა ახალს პრეტენზიები ღიად წაუყენეს და დამოუკიდებელი პარტიული ოფისიც იქირავეს, რაც ხაბეიშვილის გუნდში სეპარატიზმად შეფასდა. მათ თანაგუნდელებს სუს-ის აგენტებიც კი უწოდეს. მელიას ფლანგი კი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილმა და მისმა მომხრეებმა მათ ოფისის კარი ჩააუკეტეს და პოლიტიკური აქტიურობის უფლებას არ აძლევენ. ხაბეიშვილის ფლანგი, თავის მხრივ, ამ ბრალდებებს უარყოფს. ასევე ირკვევა, რომ პარტიაში თავად ლევან ხაბეიშვილის მდგომარეობაც არამყარია და თავმჯდომარის პოსტზე მისი ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშაა. ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკამაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა, პარტიაში ახალი შიდა არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, პრეტენზია ხაბეიშვილთან დავით კეზერაშვილს გაუჩნდა. ამის მიზეზად უცხო ენის არცოდნა სახელდება, რის გამოც ხაბეიშვილი უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. შესაბამისად, პარტიაში თანდათან მწიფდება ხაბეიშვილის ჩანაცვლება და თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებად პეტრე ცისკარიშვილი და ლევან ბეჟაშვილი მოიაზრებიან“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„ენმ-ის წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ახალი ოფისის გახსნის საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც პარტიის ძალიან ბევრ წევრს „ოფისის კარი დაუკეტეს“. მისივე თქმით, „კარის დაკეტვა“ იმაში გამოიხატა, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში პარტიის პოზიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, არც მასთან და არც მის მეგობრებთან კომუნიკაცია არ ყოფილა. „ორი თვეა გასული, რაც ახალი მენეჯმენტია მოსული პარტიის სათავეში. რაც კი პარტიას რაიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ან თუნდაც დაფიქსირებული აქვს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე, არცერთ შემთხვევაში ჩემთან და ჩემს მეგობრებთან კომუნიკაცია საერთოდ არ ყოფილა, რომ არათუ ჩვენი აზრი გაზიარებული არ ყოფილიყო, არამედ უბრალოდ ჩვენი მოსაზრება რომ მოსმენილიყო“, - აცხადებს დოლიძე. ენმ-ის მეორე ფლანგის წარმომადგენელი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი ამას ტყუილს უწოდებს. „არავის არავისთვის არ უთქვამს არჩევნების შემდეგ, რომ ვინმე უნდა წასულიყო ოფისიდან და იქ უნდა მიეტოვებინა სამუშაო, თუმცა, მეორე თუ მესამე დღეს, როდესაც დილით ოფისში მივედით, ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანები ყუთებში აწყობდნენ საკუთარ პირად ნივთებს და მიდიოდნენ ოფისიდან. რა თქმა უნდა, გვქონდა პირადი კომუნიკაცია და ვეუბნებოდით, რომ ეს მათთვის არავის არ უთქვამს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩემთვის ძალიან ბევრმა ძვირფასმა ადამიანმა, ვისთანაც ერთად წლებია ბრძოლაში ვარ და წლებია ერთად მოვდივართ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელშიც ბევრი განსხვავებული აზრია და დღესაც ასეა. არავინ არასდროს არ დევნიდა და არც ახლა დევნის განსხვავებულ აზრს. ის, რომ ვინმესთვის კარები ჩაიკეტა, ეს არის ტყუილი, არცერთ ოფისზე საკეტი არ შეგვიცვლია და არც დაკეტილა არცერთი ოფისი“, - აცხადებს ბოტკოველი“, - განაგრძობს გამოცემა.

 

„ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს დაპირისპირება მოსალოდნელი იყო, რადგან სხვადასხვა ჯგუფები ენმ-ში დიდხანს მშვიდად პოლიტიკურ თანაცხოვრებას ვერ შეძლებდნენ. მისივე შეფასებით, ნიკა მელიას ტაქტიკა - არ დატოვოს პარტია - სწორია, რადგან ახალი პარტიის შექმნის შემთხვევაში მათი შანსები დიდი არ არის. „ნაციოანლურ მოძრაობაში“ ეს სიტუაცია არ მგონია ვინმესთვის გასაკვირი იყოს, რადგან, ფაქტიურად, პარტიაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ჯგუფია. როოგრც ჩანს, კეზერაშვილი და მერაბიშვილი, ლევან ხაბეიშვილის დახმარებით, ნიკა მელიას თავის მომხრეებთან ერთად პარტიიდან გაგდებას უპირებენ. მათ პარტიაში ყველანაირი აქტიურობა აქვთ შეზღუდული. ახლა კი რეგიონებში ცდილობს საკუთარი გავლენების გაძლიერებას. „მელიამ კარგად იცის, რომ მისი ცალკე გასვლის და ახალი პარტიის შემქნის შემთხვევაში პოლიტიკურად შანსები ძალიან მცირე აქვს. უბრალოდ გაქრება და იმდენივე რეიტინგი ექნება, რაც სხვა პატარა პარტიებს აქვთ. ამიტომ ითმენს და მომენტს ელოდება. „არ არის გამორიცხული თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარე დიდხანს რომ ვერ იქნებოდა, ამას ყველა კარგად ხვდებოდა. როგორც ჩანს, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ფიქრობდნენ, რომ ამ სატყუარის შემოგდებით - ვითომ ხაბეიშვილი მიშას ყველაფრის ფასად დაიხსნიდა - ნიკა მელიას მოიშორებდნენ. მათი მთავარი მიზანი ეს იყო და შეძლეს კიდეც. „ახლა ხაბეიშვილს შარს ზუსტად იმაზე მოუდებენ, რასაც პარტიის მხარდამჭერებს ჰპირდებოდა. ამბობდა - ქაჯეთის ციხესაც კი ავიღებ და მიშას დავიხსნიო. ეს რომ დიდი ბლეფი იყო, ხომ ყველამ იცოდა... „ახლა ხაბეიშვილი კეზერაშვილსაც აღარ აწყობს. მას უკვე იმ დონის ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას შეძლებს და კეზერაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ისე წარმოაჩენს. უკვე სჭირდება ადამიანი, ვინც მას პოლიტიკოსად „გაათეთრებს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

 

„ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილი გარდამავალი ფიგურაა, ახლა კი მისი თავჯდომარედ ყოფნა პირიქით, პარტიის რეიტინგს დაბლა სწევს. საყვარელიძეც ფიქრობს, რომ მას ძალინ მალე შეცვლიან. „ლევან ხაბეიშვილის თავიდან მოშორება საერთოდ არ გაუჭირდებათ. უბრალოდ იმ დროს ფიქრობდნენ, რომ ის ყველაზე კარგი კანდიდტურა იყო. ნიკა მელიას წინააღმდეგ წასვლა ლევან ხაბეიშვილმა იკადრა და მისი დახმარებით ის მოიშორეს. ახლა უკვე ხაბეიშვილის მიმართ გულგატეხილობა თავად პარტიის შიგნით და მის გარეთ გაჩნდა. „ხაბეიშვილს რამოდენიმე კაცი ჰყავს მხოლოდ შემოკრებილი და იმის 10%-საც ვერ აკეთებს, რასაც ნიკა მელია აკეთებდა. მელიას ციხეში დაკავებას მთელი დასავლეთი ეხმაურებოდა და მისი ცნობადობა უფრო მაღალი იყო. ახლა კი პარტიაში იმდენად სავალალო სიტუაციაა, რომ ფაქტიურად ორად გაიყო. ეს არის უკვე ოპოზიციაში ოპოზიციის შექმნა, რომელიც პარტიაზეც აისახება. მათ მხარდამჭერების დიდი ნაწილი უკვე დაკარგეს და მხოლოდ სააკაშვილის ერთგული ამომრჩეველი ჰყავთ. ხაბეიშვილიც და მელიაც სწორედ ამ ნარჩენების შენარჩუნებისთვის იბრძვიან, თუ რომელი მოახერხებს მათ გადაბირებას“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 169 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.