"ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით უპრეცედენტოა" - ანა ბუჩუკური

ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის უპრეცედენტო - დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება.

 

"გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მომზადებულ ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე პირდაპირ, შავით თეთრზე მიუთითა, რომ ის „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“, შესაბამისად ის არ უნდა იქნას მიღებული.

 

კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის ფაქტობრივად უპრეცედენტო. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე - გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე. ფაქტობრივად, მსგავსი კანონპროექტის ინიცირებაც ადასტურებს ოლიგარქიული მმართველობის არსებობას.

 

კომისიის რეკომენდაციები სრულად ემთხვევა ჩვენი გუნდის, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ როგორც საჯაროდ, ისე პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში წარდგენილ მოსაზრებებს ოლიგარქიის პრობლემის აღსაკვეთად. კერძოდ, ამ პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სისტემური რეფორმებით, მათ შორის: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმით, რომელმაც ასევე უნდა მოიცვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა; აუცილებელია მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია; გამჭვირვალე ტენდერების განხორციელება; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის მექანიზმების გაძლიერება.

 

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ოცნების" ხელისუფლება იტყუება, რომ თითქოს ის მუშაობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

 

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ოცნების" ხელისუფლება ვაჭრობს საქართველოს და ქართველი ხალხის მომავლით და მზად არის სრულად გადაუსვას ხაზი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ ყველა პროგრესს საკუთარი, პირველ რიგში კი - ბიძინა ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის გამო.

 

კიდევ ერთხელ, მივმართავთ "ოცნების" ხელისუფლების თითოეულ წევრს - საკუთარი ქვეყნის ევროპული, თავისუფალი მომავლით ვაჭრობის გამო პასუხისმგებლობა იქნება ინდივიდუალური. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს ოდესმე დაავიწყდება მათი დღევანდელი როლი, ან შეძლებს ამ პასუხისმგებლობისგან უკანა კარიდან გაპარვას, ძალიან ცდება,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

წაკითხვა 359 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.