"იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი ზეწოლას გაუძლებდა და მართლმსაჯულების მხარეს დადგებოდა" - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი იმ ზეწოლას გაუძლებდა, რომელიც მასზე შეწყალებასთან დაკავშირებით იყო და ის კანონის უზენაესობის, ქართველი ხალხის სახელით განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს დადგებოდა, მაგრამ მან სხვა მხარე აირჩია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების ვერც ერთი მოტივი ვერ დაასახელა.

 

„ჩვენ ვხედავდით, რომ პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი ზეწოლა იყო და ეს ჩანდა, იყო ღიაც და არა ღიაც. იმედი გვქონდა, პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ, პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ შეიწყალა, ვინაიდან გადაწყვეტილება, განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს 3 ინსტანციის სასამართლოს აქვს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, რადგან თავად მსჯავრდებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, რადგან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი, საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი დეპოლარიზაცია იყო. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებაც არის, მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის.

რაც შეეხება დეპოლარიზაციის მიზეზად მოტანას, მათ შორის, როცა ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, ღიად იყო საუბარი, თითქოს ეს ყოფილიყო მოტივი ან მიზანი. ახლაც გვესმის ზოგიერთი კოლეგის მხრიდან ასეთი შეფასება. ჩვენ ვნახეთ თავის დროზე, გიგი უგულავას შეწყალება, თუ სხვა ასეთი შეწყალებები. მაშინაც იყო საუბარი, რომ ეს დეპოლარიზაციის გამო ხდებოდა და ამან რამდენად გაუარესებული პოლარიზაცია მოგვიტანა, ესეც დავინახეთ. ამიტომ, ისინი, ვინც ამბობენ და უწონებენ პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებას, თითქოს ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, გამოდის, რომ ამით ბურთს ოპოზიციის მხარეს აგდებენ, თუ მოახდენენ ისინი საკუთარი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლას. ამით ჩანს, რომ პასუხისმგებლობასაც იღებენ თავის თავზე ჩვენი პარტნიორები, ამიტომ თუ კი, ეს მათი ხედვა არის, დრო არის მე მგონი, რომ ბურთი, რომელიც ახლა ოპოზიციის მხარე არის, დაელაპარაკონ ოპოზიციას, რომ შეცვალონ. სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს იმ წარსული გამოცდილებიდან, რომელიც წინა შეწყალებებს ჰქონდა, არანაირი დეპოლარიზაცია არ მოუტანია, ამიტომაც არის, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების ვერც ერთი მოტივი ვერ დაასახელა, ვინაიდან რეალური მოტივების დასახელება მძიმე იქნებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კითხვაზე, თუ ვისგან იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა, პაპუაშვილი ასე პასუხობს:

 

„თავად პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რომ გარედან იყო მასზე ზეწოლა. ამას საჯაროდ ვხედავდით, მოწოდებებს, რომელიც პრეზიდენტის მიმართ იყო, ესეც რა თქმა უნდა, ზეწოლაა, როცა დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებაში ზედმეტად ერევი და აძლევ რჩევებს, რომელიც არავის ეკითხებოდა, რომ პრეზიდენტს ესა თუ ის გადაწყვეტილება მიეღო. რეაქციებითაც ვხედავთ, ვინ იყვნენ ის სუბიექტები, რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კითხვაზე, აღნიშნულში გულისხმობს თუ არა ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა:

 

„ყველა, ვინც მოუწოდებდა პრეზიდენტს საჯაროდ, რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია, რადგან ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს. ვნახოთ, თუკი ეს იყო ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის საფუძველი, ახლა ვინაიდან ნიკა გვარამია შეწყალებულია, გამოდის, რომ ბურთი ოპოზიციის მხარესაა. ამაში ჩართული იყვნენ, მათ შორის უცხოეთიდან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებდნენ. ახლა პასუხისმგებლობა აიღონ და დავაკვირდეთ, ოპოზიცია რამდენად შეცვლის საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, სამართლიანად გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა შეწყალების უფლება, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათ „მოლოდინი ჰქონდათ, რომ ის ზეწოლას გაუძლებდა“.

 

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი გაუძლებდა იმ ზეწოლას, რომელიც მასზე იყო შეწყალებასთან დაკავშირებით და კანონის უზენაესობის, ქართველი ხალხის სახელით განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს დადგებოდა, მაგრამ მან სხვა მხარე აირჩია. გუშინ, იმით, რომ მან მოტივაცია არ დაასახელა მისი გადაწყვეტილების, ვფიქრობ, ამითაც გამოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ ამ გადაწყვეტილებას რეალური მოტივი არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 286 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.