"დღეს საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენულია, როგორც არასდროს და დამოუკიდებლობის განმტკიცების ხარჯზე ახერხებს მშვიდობის, ეროვნული ინტერესების დაცვასა და შენარჩუნება"

ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრამ ჩვენი ეროვნული სიამაყის განცდა კიდევ ერთხელ გააღვიძა, მილიარდნახევრიანი მოსახლეობისა და მსოფლიოს მეორე, 20-ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანასწორი მიღება გაუმართა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია მიღწეული იყოს ისეთივე შიდაპოლიტიკური გარდატეხა, როგორსაც საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიაღწია.

 

„შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, რომ როდესაც ერთი სახელმწიფოს ლიდერი მეორე სახელმწიფოს ლიდერს თანასწორ მიღებას უწყობს, ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. შეიძლება ეს მართალიცაა, თუმცა, ჩვენ უკვე მრავალი წელია მიგვაჩვიეს, რომ დიდ ქვეყანას ჩვენს პატარა ქვეყანასთან მხოლოდ ბატონყმური ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს. უკვე მრავალი წელია, საქართველოს ზემოდან უყურებენ; საქართველოს განიხილავენ არა როგორც ღირსეულ პარტნიორს, არამედ როგორც ტერიტორიას, რომელიც აუცილებლად აგენტურის ხელით უნდა იმართებოდეს; შეურაცხყოფას გვაყენებენ აბსურდული რეზოლუციებითა და განცხადებებით; მფარველობენ დიქტატორებსა და დამნაშავეებს და ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომელმაც საქართველო აგენტურისგან გაათავისუფლა და ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი დაუბრუნა; გვაიძულებენ მანკიერი გარე ინტერესების შესაბამისად ვცვალოთ საქართველოს კონსტიტუცია, უპრეცედენტო და აბსურდული ცვლილებები შევიტანოთ კანონებში; გვთხოვენ ცალ ფეხზე დგომას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადის დატვირთვა აქვს.

 

ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების ლიდერს ბოლოს 2017 წლის მაისში შეხვდა, როდესაც დონალდ ტრამპი გიორგი კვირიკაშვილს გაესაუბრა. მას შემდეგ ექვს წელიწადზე მეტი გავიდა და ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, თუმცა, ჩვენ ჯერ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის კანდიდატის სტატუსსაც კი არ გვანიჭებენ. ეს ქედმაღლური და ბატონყმური დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ჩვენი პატარა, მაგრამ უნიკალური ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნისთვის.მ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრა იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ საქართველო ღირსებასა და ეროვნული სიამაყის განცდას იბრუნებს, რაც ასე ძალიან გვაკლდა წლების განმავლობაში. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენულია, როგორც არასდროს და სწორედ დამოუკიდებლობის განმტკიცების ხარჯზე ახერხებს, მშვიდობის შენარჩუნებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე. თუ წინა წლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ქართველების სიამაყის განცდა მინიმუმამდე იყო დასული, ბოლო კვლევების თანახმად, ნახტომისებური წინსვლა აღინიშნება, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბატონყმურ ურთიერთობებზე უარი თქვა და თავს აღარავის უხრის.

 

ახლა საჭიროა შიდა პოლიტიკაში ანალოგიური გარდატეხის შეტანა, რაც ხალხის სიამაყის განცდას საბოლოოდ გაამყარებს. ვიდრე აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ინარჩუნებს, შეუძლებელია ხალხის სიამაყის განცდა მაღალ ხარისხში იყოს და მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობდეს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. შესაბამისად, აუცილებელია მივაღწიოთ ისეთივე შიდაპოლიტიკურ გარდატეხას, როგორსაც საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიაღწია, რისი საბოლოო შედეგიც პოლიტიკიდან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, უცხოური აგენტურის საბოლოოდ ჩამოშორება უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წაკითხვა 241 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.