"2008 წლის ომის გამოცდილება სწორად რომ გაანალიზებულიყო, მსოფლიოს ბევრ უბედურებას აარიდებდა" - ზაზა ბიბილაშვილი

2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

 

2008 წლის ომი და მისი შედეგები Firstnews.ge -თან საუბარში "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა შეაფასა.

 

- როგორ შეაფასებთ დღევანდელი გადმოსახედიდან 2008 წლის აგვისტოს ომს?

- პირველ რიგში, უნდა შევხედოთ რუსეთის მიზნებს ამ ომში. რუსეთის სტრატეგიული მიზანი საქართველოს დესუვერენიზაცია, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების განეიტრალება და თბილისი პრორუსული ხელისუფლების დასმა იყო. ვერც ერთ ამ მიზანს რუსეთმა ამ ომში ვერ მიაღწია. ჩვენმა ჯარისკაცებმა საარაკო გმირობა და სამხედრო მომზადება გამოავლინესს, 3 დღის მანძილზე მტერს ოცამდე საფრენი აპარატი ჩამოვუგდეთ, რუსული ჯარის მეთაური ხრულიოვი კი უკანალში დაიჭრა. საქართველომ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და ეროვნული ხელისუფლება საკუთარი ტერიტორიის 80%-ზე, გაგრძელდა სვლა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ.

ამდენად, სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსეთმა დასახულ მიზნებს სრულად ვერ მიაღწია. საქართველომ კი შეძლო დაეცვა საკუთარი დამოუკიდებლობა, თუმცა 1990-იან წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთმა კოდორის ხეობა, ახალგორის რაიონი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ნაწილი მიამატა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია...

რუსეთი ომისთვის დიდი ხანი ემზადებოდა. პირველ რიგში, ეს იყო პუტინის პასუხი დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რაც მან წინასწარ დააანონსა (კოსოვოს აღიარების სცენარისთვის „დამაშნიე ზაგატოვკი“ მომზადებული გვაქვსო). საქართველოზე თავდასხმა ასევე იყო შედეგი NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ანგელა მერკელის მიერ საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების დაბლოკვისა, რითაც პუტინმა დაინახა, რომ შანტაჟისა და ბულინგის პოლიტიკა მუშაობს...

ომის წინა თვეებში ჩვენ ასევე ვიხილეთ აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების შეყვანა, ქართულ საჰაერო სივრცეში ქართული დრონის ჩამოგდება რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ, ქართველი ჯარისკაცების მკვლელობები, შტაინმაიერის სამშვიდობო გეგმაზე უარი და არაერთი სხვა პროვოკაცია... მიუხედავად ამ ყველაფრისა, დასავლეთში არავინ მოელოდა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებს გარეთ ღიად - ვიმეორებ, ღიად - ჩაერთვებოდა კონფლიქტში. მსგავსი პრეცედენტი 1979 წლის მერე აღარ ყოფილა (როცა საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა) და ახლაც ფიქრობდნენ, რომ რუსეთის როლი სეპარატისტების გაძლიერებითა და მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა. ეს იყო დასავლური სადაზვერვო და ანალიტიკური სამსახურების სრული ჩავარდნა.

ომის მერე პუტინმა განაცხადა, რასაც ვერ მიაღწიეს რუსულმა ტანკებმა, იმას გააკეთებს ქართველი ხალხიო. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. 2008 წლის ომი რუსეთმა 2012 წლის 1 ოქტომბერს მოიგო. მას შემდეგ, ძნელი გასარჩევია, ამა თუ იმ განცხადებას საქართველოს ხელისუფალი აკეთებს თუ ოკუპანტის წარმომადგენელი, იმდენად იდენტურია რუსებისა და „ოცნების“ მესიჯბოქსი. ასევე აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლების არც ერთი(!) პრემიერ მინისტრი საოკუპაციო ზოლთან არ ჩასულა. გნებავთ შიშითა და ლაჩრობით ახსენით ეს, გნებავთ - რუსეთისადმი ყრუ მორჩილებით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება (ეს იმ ფონზე, როცა აგვისტოს ომის დღეებში სააკაშვილი პირადად იყო ჩასული ფრონტის ხაზზე).

 

- როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა, თუ არა ამ ომის თავიდან აცილება?

- ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლება, თუ მტერს დანებდები, თავისუფლებას დათმობ, საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ფორმალობად აქცევ, მტრის ჯაშუშებს ციხეებიდან გამოუშვებ, მტრის დავალებით საკუთარი ჯარისკაცებისა და სპეცრაზმელების დევნას დაიწყებ, თუ ღირსებას მწვანილში დაახურდავებ და ოკუპანტის ყველა ბრძანებას შეასრულებ... ოღონდ ეს ომის თავიდან აცილება კი არა, მონობა იქნებოდა და სწორედ ამას ქადაგებს „ოცნება“ 11 წელია. „ოცნება“ ხომ იმაზე დგას, რომ ომი საქართველომ დაიწყო. კალაძემ კი ერთხელ ისიც თქვა საარჩევნო შეხვედრაზე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაიწყო ომიო (ანუ მაინც საქართველოა დამნაშავეო).

სინამდვილეში, როცა მტერი თავს გესხმის, ორი მარტივი არჩევანი გაქვს - ბრძოლა ან დანებება. ქართველებს მტერთან რომ არ გვებრძოლა, დღეს საქართველო არ იარსებებდა. ჩვენი ქვეყანა სწორედ იმიტომ არსებობს, რომ მუდამ იბრძოდა და იმარჯვებდა. არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა მტერზეც.

 

- რა შეცვალა მსოფლიო პოლიტიკაში 2008 წლის ომმა? რა დაგვანახა?

- ამ ომის გამოცდილება სწორად რომ გაანალიზებულიყო, ბევრ უბედურებას აარიდებდა თავიდან მსოფლიოს. ეს პროცესი უკვე დაწყებულიც იყო, მაგრამ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას გამარჯვებამ და ომიდან რამდენიმე თვეში რუსეთთან ურთიერთობების ცალმხრივმა გადატვირთვამ პროცესი მრავალი წლით შეაფერხა. მაშინ ამ უკიდურესად უგუნურ გადაწყვეტილებას საქართველოს გარდა ამერიკის სხვა მეგობარი ქვეყნების ინტერესებიც შეეწირა (უკრაინის, ჩეხეთის, პოლონეთის). მიკროფონებში შემთხვევით გაგონილი, ობამას მიერ მედვედევისთვის ნათქვამი დაუჯერებელი სიტყვებიც გეხსომებათ - არჩევნების მერე უფრო მოქნილი ვიქნები თქვენს მიმართო... ამ ყოველივეს შედეგად, სამწუხაროდ, არა მხოლოდ 2008, არამედ 2014-მა წელმაც არ შეცვალა ბევრი რამ, როცა რუსეთმა სუვერენული უკრაინის რამდენიმე რეგიონი მიიტაცა, დასავლეთი კი აგრძელებდა პუტინთან კეკლუცს (სხვათა შორის, ამ დღეებში ითქვა, რომ მაშინ ობამას ადმინისტრაცია მაშინ ზეწოლას ახორციელებდა უკრაინელებზე, რათა მათ რუსეთთან აქტიურად არ ებრძოლათ). ობამასეული საგარეო პოლიტიკის ნაწილი იყო საქართველოში რუსული ინტერესების შემოშვებაც 2012 წელს - იმ ილუზიით, რომ ივანიშვილი პროდასავლელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი იყო...

მისთვის, ვინც რუსეთს იცნობს (ასეთი კი საქართველოსა და კავკასიაში ბევრია), 2008 წელს ბევრი არაფერი შეცვლილა რაიმე ახლის დანახვების თვალსაზრისით. ხოლო ვინც რუსეთის მიმართ ილუზიებით იკვებებოდა, მათ კიდევ წლები და უკრაინაზე ღია თავდასხმა დასჭირდათ, რათა რუსეთის მიმართ პოლიტიკა შეეცვალათ. ასეა თუ ისე, ჩვენ რუსეთის იმპერიის საბოლოო ნგრევის მომსწრენი ვართ. გამარჯვება ვუსურვოთ მოძმე უკრაინას, რომელიც ამ საქმეში მთელი ცივილიზებული კაცობრიობის საქმეს აკეთებს. გამარჯვება და შინ მშვიდობით დაბრუნება იმ ათასობით ქართველს, ვინც ჩვენი ქვეყნის მტერს უკრაინელთა მხარდამხარ ებრძვის.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 779 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 13 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.