"დეზინფორმაციით ხდება საზოგადოების დაზაფვრა, მისი განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ" - შალვა პაპუაშვილი

დეზინფორმაციით ხდება საზოგადოების დაზაფვრა, მისი განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური იარაღი, რომელიც არ უნდა დაკარგოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, ზოგადად, რადიკალურმა ჯგუფებმა, რა თქმა უნდა, ამას ყველანაირად ებრძვიან, ჩვენ ყოველთვის ვამხელთ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, გუშინდელი მისი ბრიფინგი შეფასდა ცენზურად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „ცოტა უფრო მეტადაც, თავდასხმად შეფასდა ეს და, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პატიოსანი ადამიანის ვალდებულებაა, თავს დაესხას დეზინფორმაციას“.

 

„ნაცვლად იმისა, რომ თვითკრიტიკა ყოფილიყო, „მთის ამბებმაც“ და „მწვანე ალტერნატივამაც“, ნახეთ, რა განხადებები გაავრცელეს. ორაბზაციანი ​განცხადებები გამოაქვეყნეს და ერთადერთი, რაც იმ განცხადებებში თქვეს, არის, თითქოს მე თავს ვესხმი და ვცდილობ, დავაცენზურო, ნაცვლად იმისა, მისხალი თვითკრიტიკა ჰქონოდათ. თვითონაც ხომ ხვდებიან ახლა უკვე, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც ისინი ავრცელებდნენ. სულ მცირე, ხომ შეუძლიათ, თქვან, რომ გადაუმოწმებელი იყო ინფორმაცია, აიღონ ის ინფორმაცია, ეს ხომ რჩება, ეს ხომ არ არის ძველი დრო, ინტერნეტშია ყველა ეს ინფორმაცია. ხუთ წელიწადში ვიღაცა რომ წაიკითხავს, ეს დეზინფორმაცია ეგონება ისევ სიმართლე.

 

ამიტომ პირველი რეგულაცია ეს არის ადამიანის შინაგანი ეთიკა, რომელიც შემდეგ უკვე პროფესიულ ეთიკად გამოვლინდება ხოლმე და ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ამაზე რეაქცია ჰქონოდა, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის მოეწოდებინა, რომ მათ გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელეს, მათაც განცხადება გაავრცელეს, კოალიციებმა კიდევ ცალკე, რომ ეს არის თავდასხმა, ეს არის სწორედ გამრუდება პროფესიული სტანდარტისა. სწორედ ამიტომ არის, რომ შემდეგ ჟურნალისტის მიმართ არის უნდობლობა, მედიის მიმართ არის უნდობლობა. რაც შეეხება რეგულაციას, ამაზე თქვა კიდევაც ირაკლი კობახიძემ, ბევრი რამის რეგულაცია შეიძლება, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ამ დეზინფორმაციულ სისტემაში, რომელშიც ჩვენ მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი უცხოელი გვაცხოვრებს, ვიცით, რომ ასეთი ნებისმიერი იდეა მოინათლება რუსულ კანონად და იქ აზრი არ აქვს დისკუსიას. ინტერესი არის, ეს ტყუილი დარჩეს. დეზინფორმაციები იყო, რადგან ამ დეზინფორმაციით ხდება საზოგადოების დაზაფვრა, მისი განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური იარაღი, რომელიც არ უნდა დაკარგოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, ზოგადად, რადიკალურმა ჯგუფებმა, რა თქმა უნდა, ამას ყველანაირად ებრძვიან. რასაც მე ყოველთვის ვიზამ, ეს არის მხილება დეზინფორმაციის. მხილებაც გარკვეულ დონეზე მუშაობს თავისთავად და, სხვათა შორის, განცხადებაში, რომელიც „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა, იქ იყო საუბარი, თითქოს ისინი მხოლოდ ინფორმაციას ავრცელებენ, იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ დეზინფორმაცია, „დეზ“ რომ აქვს წინსართი, ეს არ არის ინფორმაცია, ეს არის ტყუილი და მისი გავრცელება არანაირი კეთილშობილური საქმე არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 251 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.