კობახიძე აშშ-ის სამხედრო ბაზის აშენებაზე ინფორმაციას სასაცილოს უწოდებს

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებს "მთავარი არხის" გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველომ უარი უთხრა აშშ-ს სამხედრო ბაზის აშენებაზე. ჟურნალისტებთან კომენტარში კობახიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ ნატოს სამხედრო ალიანსის წევრობაა.

"წყარო ლიკა [ბასილაია-შავგულიძე] ვიღაც გვარი ეწერა, რომელიც არის ამის წყარო. ეს ხომ არასერიოზულია - ეს ერთი. წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას.

 

ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში, არის ნატოს წევრობა. თქვენ იცით, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატოს ქოლგა. რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია.

 

რაც შეეხება ამ ინფორმაციას, ჯერ წყარო არის სასაცილო, დანარჩენზე კომენტარის გაკეთება არ ღირს... ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ?! ნატოს ქოლგაა ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი არასერიოზული", - თქვა კობახიძემ.

 

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტი 12 სექტემბერს მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ჰყვებოდა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის ოქტომბერში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი საქართველოში "უპრეცედენტო შეთავაზებით" ჩამოვიდა - "შეერთებული შტატები მზაობას გამოთქვამდა, გაეხსნა სრულფასოვანი სამხედრო ბაზა საქართველოში. 1800-კაციანი კონტინგენტი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებლობას იღებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე". "მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნებამ ისტორიულ შესაძლებლობაზე უარი თქვა და ბედის ანაბარა დაგვტოვა".

 

ლოიდ ოსტინი 2021 წლის ოქტომბერში საქართველოსა და უკრაინაში ჩავიდა. უკრაინამ აშშ-ისგან სამედიცინო ტვირთი და შეიარაღების მეორე პარტია მიიღო. საერთო ჯამში, 60 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება აგვისტოში ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვიზიტისას შეთანხმდა.

 

მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დახმარება მოითხოვა და რას მიიღებს მომავალში აშშ-ისგან საქართველო. მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ თქვა, რომ ხელისუფლების დუმილის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის - „არგაღიზიანების პოლიტიკა“.

წაკითხვა 471 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.