"ყველაფერი გამიგია, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ვინმეს საკუთარი ეკლესია ჰქონდა და საკუთარი მღვდელი ჰყავდა"- გია ხუხაშვილი

ლარის კურსთან მიმართებით პანიკის საფუძველი, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს - ეროვნული ბანკის ბრძანებას პირდაპირი შედეგი დღეს და ხვალ არ მოჰყვება, შენელებული მოქმედების ნაღმზე ვსხედვართ, მაგრამ ამ ნაღმის დეტონაციის რისკი დღეს არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა ბრძანება უნდა გააუქმოს, რადგან „კონსტიტუციაზე აპელირება ცინიზმის ტოლფასია, ამასთან, ფინანსური სისტემა რისკის ზონაში შედის და თუ მასშტაბები გაიზარდა, შეიძლება საქართველოს რეზერვებს შეექმნას პრობლემა“.

 

რაც შეეხება რისკებს საბანკო სექტორის მიმართულებით, ხუხაშვილი ამბობს, რომ რისკი მაღალია.

 

„კომერციული ბანკები ამ რისკებს ობიექტურად აფასებენ, შესაბამისად, ამ ბრძანებას არ დამორჩილდნენ. იმიტომ კი არა, რომ ეროვნულ ბანკს ობსტრუქცია მოუწყვეს, არამედ იმიტომ, რომ მათი ინტერესების დაზიანების რეალური რისკი დაინახეს. მაგალითად, „თიბისი ბანკიც“ და „საქართველოს ბანკიც“ არიან კომპანიები, რომელთა აქციებიც ლონდონის ბირჟაზე კვოტირებს და რისკი, რომ მათი აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცემა, ძალიან მაღალია. კონკრეტული არაფერი რომ არ მოხდეს და ამერიკელებმა ყურადღება რომ არც მიაქციონ, რისკის ზონაში შესვლა ნიშნავს, რომ შეიძლება კატასტროფული დარტყმა მიიღონ, თუნდაც აქციების ღირებულებასთან დაკავშირებით, რამაც საბოლოოდ, შეიძლება ირიბად, სხვა გზიდან ჩამოშალოს ბანკი. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. რაც მთავარია, არგუმენტაცია, რომ კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეს იცავს, თითიდან გამოწოვილია. ვფიქრობ, კონსტიტუციონალისტები ამის რევიზიას გააკეთებენ. რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებას, რატომ შევიდნენ ამხელა რისკის ზონაში და რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ბრძანებით - არც არაფრის. შეერთებული შტატების პირველ განმარტებას მოჰყვა მეორე და საუბარი მარტო იმაზე კი არაა, რომ ვიღაც დაასანქცირეს და მას შესაბამისი პროცედურა უნდა შეეხოს, არამედ კიდევ დამატებითი განმარტება გააკეთეს, რომ იგივე პრობლემა გაუჩნდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მასთან რაღაც ტიპის ეკონომიკურ ურთიერთობებში შევა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საბჭო აღარ არის ფუნქციონალური.

 

„ადამიანებს, რომლებმაც განცხადებები დაწერეს, ორთვიანი პერიოდი აქვთ, მაგრამ თუ საბჭოს სხდომაზე არ მივლენ, გამოდის, რომ ერთი თურნავა ზის და რასაც უნდა ჭრის და კერავს, რასაც ისედაც აკეთებს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

 

კითხვაზე, რატომ იცავს ხელისუფლება ფარცხალაძეს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო დიდი პრობლემა შეექმნა, რადგან ფარცხალაძის სანქცირებამ „მის შექმნილ სისტემაში ყველა დააფრთხო“.

 

მისივე თქმით, ფარცხალაძეს მისცეს საშუალება, ერთი დღის განმავლობაში ყველაფერი შვილზე გადაეფორმებინა და „მერე დაიბანეს მასზე ხელები“.

 

„ხელისუფალს, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს ასეთ კრიზისულ სიტუაციებში, ფარცხალაძე არაფერში აინტერესებს. დიდი სიამოვნებით მოისვრიდა და გათავისუფლდებოდა მისგან. არც იმის ეშინია, რომ ფარცხალაძე კომპრომატების ფრიალს დაიწყებდა. მას შეექმნა ბევრად დიდი პრობლემა, ვიდრე ერთი ფარცხალაძეა. საქმე ისაა, რომ როდესაც სანქციები დაიწყო, ამან სისტემაში ყველა დააფრთხო. მან ააშენა სისტემა, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდი და პატარა ფარცხალაძეები არიან, სისტემაში მყოფი უმრავლესობის მენტალიტეტი იგივეა, რაც ფარცხალაძის. მათთვის მაგარი კაცია ფარცხალაძე, დიდი ფული იშოვა, კაცური კაცია, ვიღაცას საქმე გაურჩია. ასეთი ფასეულობათა სისტემაა დამკვიდრებული. ფარცხალაძე იმიტომ დაასანქცირეს, რომ გავლენას ახდენდა ქართულ საზოგადოებაზე. „ქართული ოცნება“ იმავეს არ აკეთებდა? მთელ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამას აკეთებდა „მესიჯბოქსით“, გაუჩნდა საფრთხე, შფოთი და მოლოდინი, რომ რადგან იმავეს ვაკეთებ, ხვალ შეიძლება მეც დამაკისრონ ეს სანქციები. ბიძინა დადგა პრობლემის წინაშე, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ ბიძინას ამ პრობლემებისგან მათი დაცვა არ შეუძლია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

ამასთან, უშუალოდ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

 

„ინფორმაცია იყო რომ მის ერთ-ერთ ნაკვეთზე, ტაბახმელაში ეკლესია ყოფილა და ეკლესიაც შვილზე გადაუფორმებია. ყველაფერი გამიგია, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ვინმეს საკუთარი ეკლესია ჰქონდა, საკუთარი მღვდელი კიდევ. ხელფასს თუ იღებს იმაში, რომ ყოველ დილით პატრონზე ლოცულობს... არ მინდა დავიჯერო, თუ ეს სინამდვილეა, მაგრამ თუ სინამდვილეა, გაღმა გასვლის ტოლფასია“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

 

რაც შეეხება მიმდინარე მოვლენების ფონზე ოპოზიციის ქმედებებს, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ „ერთადერთი, რაზეც დღეს სისტემა დგას, ოპოზიციის სისუსტეა“

.

„ოპოზიციასა და ხალხს შორის ხიდი რომ არ არსებობს, ამ საკითხზე როგორ არიან? შორიდან ეძახიან ხალხს, გამოდით მხარი დაგვიჭირეთო, ხალხი მათ ეუბნება- გავიგე, რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ შენ რომ შორიდან მეძახი და მმოძღვრავ, ასე არ გამოვა, მოდი ჩემთან და დამარწმუნე, რომ უკეთესი იქნები და შენი ფარცხალაძე არ გეყოლება", -განაცხადა ხუხაშვილმა.

 

კითხვაზე როგორია მიმდინარე პროცესებში, მათ შორის ხელისუფლების შეცვლაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლს, ხუხაშვილი ამბობს, რომ მან „არა ცენტრალური, მაგრამ სერიოზული როლი შეიძლება ითამაშოს“.

წაკითხვა 685 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.