მელია პოლიციელებისგან სიტყვერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ გააგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წარმომადგენლების, ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას „სავარაუდო უფლებადარვევის ფაქტების შესწავლას“.

 

სახალხო დამცველის ცნობით, 22 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულთან დროებითი დაკავების იზოლატორში შეხვედრისას, ნიკა მელიამ „ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე“.
 
 
„სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება“, - იუწყება სახალხო დამცველი.
 
 
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „სახალხო დამცველის შეტყობინებაზე რეაგირება მოხდება“ და უწყების გამომძიებელი დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდება.
 
 
ომბუდსმენის ცნობითვე, მელია, კუპრავა და დოლიძე წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
 
 

მელია, დოლიძე და კუპრავა პარასკევს, 22 სექტემბერს, ღამის საათებში დააკავეს გლდანში, სადაც ისინი თანაპარტიელის, საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად მივიდნენ.

 

ეძგვერაძეს ცოტა ხნით ადრე ფიზიკურად გაუსწორდნენ - როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ, დაახლოებით, 30-ზე მეტი ადამიანი.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ამას უკავშირებს ეძგვერაძის დაპირისპირებას საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატ კოტე ზარნაძესთან. ეძგვერაძე ზარნაძეს სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

 

როგორც ეძგვერაძემ თქვა, ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გვერდით იდგნენ 2020 და 2021 წლების არჩევნებზე.

 

„იარაღით როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არჩევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში“, - აღნიშნა ეძგვერაძემ.

 

საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

 

მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.

 

რაც შეეხება ეძგვერაძეზე ძალადობას, შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კოლეგაზე თავდასხმაში მონაწილეებისა და ორგანიზატორების დაკავებასა და ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვენ.

 
წაკითხვა 550 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.