May 17, 2024

პაუზა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტამდე - რისთვის ემზადება პრეზიდენტი

“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტას ელის და სავარაუდოდ, 2024 წლისთვის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება.

ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს საბოლოო დასკვნა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, რომელშიც ასევე მოცემული იქნება ევროკომისიის რეკომენდაცია იმაზე, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. დეკემბერში კი, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, უკვე ევროკავშირის სამიტზე უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით. ანალიტიკოსთა აზრით, მთელი პოლიტიკური სპექტრი და მათ შორის პრეზიდენტიც, სწორედ ამ პროცესების დასრულებას ელოდება და ამის შემდეგ გააქტიურდება. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, კანდიდატის სტატუსზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პაუზა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტამდე - რისთვის ემზადება პრეზიდენტი.

 

“თუკი პასუხი დადებითი იქნება, პრეზიდენტი ამას თავის დამსახურებად გამოაცხადებს, ხოლო უარყოფით პასუხს კი - ხელისუფლების მხრიდან ევროინტერგაციის საბოტაჟისა და მისთვის ხელის შეშლის შედეგად. ანალიტიკოსთა ვარაუდით, ნებისმიერ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ეცდება ე.წ. მესამე ძალის ლიდერად ჩამოყალიბდეს, რისი მცდელობებიც უკვე შეიმჩნევა. შესაბამისად, მისი გეგმებიც ევროკავშირიდან მიღებული პასუხის მიხედვით შეიცვლება... ხელისუფლებაში კი დარწმუნებით აცხადებენ, რომ პრეზიდენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს “ერთ-ერთი პარტიის კანდიდატის” სახით. “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი აქედანვე ამზადებს ამისათვის საფუძველს და პოლიტიკური მიზნებისათვის სტატუსის საკითხის გამოყენებასაც ეცდება. “საუბარია კანდიდატად ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო შედეგზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რადგან მისი აზრით, `რაც მეტი 2-3-პროცენტიანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი “ქართული ოცნებისთვის”. ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია, ამიტომ მისი გეგმების შესახებ საუბარი რთულია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თავის დროზე “ოცნებამ” ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პრეზიდენტობაზე მისი კანდიდატურა დააყენა. ამ შეცდომას ვხედავთ როგორც იმკის. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკური ამბიციები და ეს ბოლო დროს ნათლად გამოჩნდა. ის არის “მადამ პრეზიდენტი”, რომლის ქცევის პროგნოზირებაც ძალიან რთულია. დიდი ალბათობით ვვარაუდობ, რომ ის მარტო არ მოქმედებს და დასალეთიდან მითითებას ელის. ალბათ სწორედ ამიტომ აქვს ჯერჯერობით პაუზა და არ აკეთებს განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გახდეს ცნობილი. ის ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება საკუთარ დამსახურებად გაასაღოს. ბოლო დროს სწორედ ამას აკეთებს და კონსტიტუციის დარღვევაც ამით გაამართლა. ამიტომ მაინც ველი, რომ ის დაელოდება სტატუსის მოცემას და ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს. ალბათ ამის შემდეგ დაიწყებს პოლიტიკურ აქტიურობას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

 

“სტატუსს თუ მოგვცემენ, ალბათ მისიც და სხვა ოპოზიციის დღის წესრიგიც სრულად ჩავარდება. ის ხაზი, რომ “ოცნება” პრორსულია, ვეღარ გაიმართება. ხოლო თუ სტატუსი არ მოგვცეს, ალბათ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ფერხულში ჩაბმას აპირებს. თუმცა, აქაც დიდი შეცდომას დაუშვებს, რადგან ეს სიმბოლური სტატუსი ჩვენს მოსახლეობას უკვე საერთოდ აღარ ადარდებს... ზურაბიშვილის ვითომ რეიტინგი და პოლიტიკური ამბიციები ხელოვნურადაა გაბერილი. ეს არის ილუზია, რომელიც მაშინვე დაინგრევა, როგორც კი ის თანამდებობიდან გადადგება და აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას დაიწყებს. არც მას და არც გახარიას არანაირი რეიტინგი არ აქვთ. ზურაბიშვილი შექმნა „ოცნებამ“, მისმა მხარდამჭერებმა მოიყვანეს პრეზიდენტად. ამიტომ გინდა დეკემბერში გადადგეს, გინდა მის მერე. ალბათ, უფრო სჯობია ბილეთი აიღოს და საფრანგეთში დაბრუნდეს. მისთვის სხვა პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. ვინც ხედავს, მას პოლიტიკური ალღო საერთოდ არ ჰქონია. გახარიასაც ასე ეგონა და მერის არჩევნებში მხოლოდ მესამე ადგილი აიღო. ამიტომ მის გარშემო დაწყებული ეს ფუსფუსი ფუჭია”, - დასძენს გია აბაშიძე.

 

“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და რა თქმა უნდა, მას აქვს სურვილი, რომ ე.წ. მესამე ძალის ლიდერად ჩამოყალიბდეს. მისი აზრით, ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ კანდიდატის სტატუსი კარგი საშულებაა, რომელსაც პოლიტიკურად გამოიყენებს.. რაც შეეხება პრეზიდენტისა და გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას, მისივე თქმით, ზურაბიშვილისა და გახარიას თანამშრომლობა ცოტა რთული იქნება, რადგან ორივეს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვთ. ამიტომ, როგორ შეძლებენ მორიგებას, მისთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია, თუმცა შესაძლოა 5%-იანი ბარიერი გადალახონ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლას ნაკლებად შეძლებენ. რადგან “ოცნებასაც” და “ნაციონალებსაც” სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ და ზურაბიშვილი ვერ შეძლებს ამ პოლიტიკური ძალების ჩანაცვლებას”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ქალბატონ პრეზიდენტს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და ეს მან არაერთხელ გვაჩვენა, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის დროს თანამდებობაზე ყოფნისას და ახლაც. ზურაბიშვილმა საკმაოდ კარგად აუღო ალღო დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და პირდაპირ ვიტყვი, მან დაიწყო პროდასავლელი ლიდერის თამაში. დასავლეთში აქვს კონტაქტები და იქ რაღაცეების დალაგებას ცდილობს. ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იგივეს აკეთებს, რაც რუსეთის ბაზების ქვეყნიდან გაყვანის შემთხვევაში ქნა - ვითომ მისი დამსახურებაა, რომ რუსული ბაზები ქვეყნიდან გავიდა. არადა ეს პროცესი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო და სააკაშვილის დრომდე გაგრძელდა. ზურაბიშვილი საერთოდ საგარეო საქმეთა მინისტრი აღარც იყო, როცა ბაზები ქვეყნიდან გავიდა. ახლაც მსგავს რაღაცას აკეთებს. ვფიქრობ, თუ სტატუსი მოგვცეს, ის ამას საკუთარ დამსახურებად ჩაითვლის. იტყვის, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი მოეცათ და მისი დამსახურებაა. მეორეს მხრივ, თუ არ მოგვცეს, ამასაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და იტყვის, რომ ხელისუფლება ნამდვილად პრორუსულია და როგორც ამბობდა, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი - ბევრი იწვალა, მაგრამ „ოცნებამ“ ეს პროცესი მაინც ჩაშალა. მე არ ველი, რომ ის გადადგება. ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან არასანდო ფიგურაა. მას არ აქვს სტაბილური ხასიათი, ამიტომ მის ნდობას არც გახარიას და არც დანარჩენ ოპოზიციას არ ვურჩევ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 153 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.