May 17, 2024

დასავლეთში პესიმიზმი იზრდება - უკრაინის „გადამწყვეტი დეკემბერი“ და საფრთხე საქართველოსა და ყაზახეთისათვის

“დასავლეთიდან სულ უფრო ხშირად ისმის პესიმისტური განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. აშშ-ის სამხედრო დახმარება მცირდება და ჯერჯერობით გაურკვეველია, მოახდენენ თუ არა ევროპული სახელმწიფოები ამის კომპენსირებას.

დასავლელი ლიდერები ასევე ხშირად მიანიშნებენ შესაძლო მოლაპარებაზე. გარდა ამისა, საუბრობენ რუსეთის მიერ უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიურ სცენარებზე და საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა. ის ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლო მომავალში რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოპოვების საშუალება პრაქტიკულად აღარ აქვს და ამიტომ, სავარაუდოდ, მომავალ წელს სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყება. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ, აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების მოსალოდნელი შემცირების ფონზე, ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასავლეთში პესიმიზმი იზრდება - უკრაინის „გადამწყვეტი დეკემბერი“ და საფრთხე საქართველოსა და ყაზახეთისათვის.

“ნატო-ს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა წამოაყენა იდეა, რომ უკრაინა ნატო-ში რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის გარეშე მიიღონ. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი და ექპრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩეველი დუგლას მაკგრეგორი კი მიიჩნევს, რომ ომი უკრაინაში პრაქტიკულად უკვე დასრულდა, რადგანაც დასავლეთის ყურადღება უკვე მთლიანად ისრაელი-“ჰამასის” დაპირისპირებაზე გადასული. ამასთან, დასავლელი ლიდერები იმაზეც საუბრობენ, რომ თუ უკრაინის დახმარება შემცირდა და რუსეთი ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებას შეძლებს, ევროპაში ახალი იმპერიალისტური ძალა გაიდგამს ფესვენს, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ემანუელ მაკრონი კონკრეტულ ქვეყნებს ასახელებს - საქართველო და ყაზახეთი. ანალიტიკოსების აზრით, დეკემბერში ფრონტზე მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საუბარი უფრო პოლიტიკური განცხადებაა. მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინისგან ამ პერიოდში რაღაც შედეგს ელოდებიან, რის შემდეგაც გადახედავენ და გადაწყვეტენ როგორ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და დახმარება. თუმცა, ანალიტიკოსთა თქმით, დეკემბერი ბრძოლის ველზე ვერანაირად ვერ იქნება გადამწყვეტი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისა და მათ შორის საქართველოსათვის არსებულ საფრთხეებს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საფრთხე მართლაც რეალურია ამის ნიშნები უკვე ჩანს. უშუალოდ ფრონტზე რუსებმა 11 ნოემბერს კიევის მიმართულებით “ისკანდერის” ტიპის ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს რაც, ბოლო 52 დღის განმავლობაში კიევზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა. უკრაინის საჰაერო ძალებმა ისინი ჰაერში ააფეთქეს. რაკეტების ნაწილები მინდორში ჩავარდა, რის შედეგადაც დარტყმის ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 10 ნოემბერს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ღამის ოპერაციის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სადესანტო კატარღებზე დარტყმა განხორციელდა. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ ცხელი წერტილები არის ავდეევკა, ბახმუტი, ზაპოროჟიე და ხერსონი. კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ ფრონტზე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ ყოფილა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ავდეევკის გარშემო ტაქტიკურად რთული სიტუაციაა. ძალიან ინტენსიური ბრძოლა მიდის. უკრაინელებმა შეტევის რამდენიმე ტალღა მოიგერიეს, მაგრამ სადამდე გააგრძელებს რუსეთი ასეთ შეტევებს და ავდეევკა რატომ ამოირჩიეს, ძნელი სათქმელია. უკრაინას გარკვეული წარმატებები აქვს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ძირითადად მაინც რეიდებს ვხედავთ სიღრმეში, ასევე სტრატეგიული და ლოჯისტიკური ობიექტების განადგურებას როგორც უკრაინის მხრიდან, ასევე რუსეთიც ცდილობს ენერგოობიექტებზე მიიტანოს იერიში. უკრაინა იმუქრება, რომ მის ენერგოობიექტებზე იერიშის საპასუხოდ რუსეთის სიღრმეში სტრატეგიულ ობიექტებზე გარკვეულ დარტყმებს განახორციელებს. ბახმუტის სამხრეთშიც ძალიან ინტენსიური ბრძოლებია, მაგრამ ტაქტიკური ვითარების შეფასება ყოველთვის ძალიან რთულია. ზაპოროჟიესკენაც იგივე მდგომარეობაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე. “ავდეევკაში, ბახმუტში, ზაპოროჟიეში კვლავ პოზიციური ბრძოლები მიდის, სერიოზულ გარდატეხას ადგილი არ აქვს არც ერთი მხრიდან, რუსეთს ავდეევკასა და ბახმუტითან მცირე ტაქტიკური უპირატესობა აქვთ და უკრაინელები ამას უმკლავდებიან. ხერსონშიც იგივე მდგომარეობაა, უკრაინელები რეიდებს ახორციელებენ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, “ვინაიდან უკრაინა საკუთარი მიწების დეოკუპაციას ეცდება”. მისი თქმით, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ვალდებულებაა, უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში დაეხმარონ. მაკრონისვე განცხადებით, თუ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების საშუალებას მისცემენ, მაშინ ევროპაში “ახალი იმპერიული სახელმწიფო გაჩნდება”, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი და მთელ კონტინენტს. მაკრონი “ბიბისისთან” აცხადებს, რომ უკრაინისთვის “ჯერ არ მოვიდა დრო” რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, თუმცა მოლაპარაკების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს. პესიმისტური გზავნილი ჰქონდა ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს. მისი თქმით, დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს და მომავალ წელს ოფიციალური კიევი შესაძლოა იძულებული გახდეს, მოსკოვთან მოლაპარაკება დაიწყებს, რადგან “დაპირისპირების ხაზზე არსებული ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის სამხედრო უპირატესობის მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა”, - დასძენს გამოცემა.

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, საფრთხე საქართველოს შემთხვევაში უფრო მეტია, ვიდრე ყაზახეთისთვის. “რუსეთი უკვე 30 წელია გვეომება. ჩვენთან ომი 2008 წლის მერე აქტიურ ფაზაშია. რუსეთი ჩვენსკენ მეტი რაღა უნდა წამოვიდეს, არ ვიცი. ვერ ვიტყვი, რომ ყაზახეთს საფრთხე შეექმნება, რადგან მასზე ჩინეთს აქვს გავლენა. რუსეთს ერთხელ უკვე ჰქონდა მცდელობა, რომ ყაზახეთში ჯარით რაღაცა ემოქმედა, მაშინ ჩინეთმა ძალიან მკაცრად მიუთითა, რომ მოსკოვს ჯარები გამოეყვანა და ასეც შესრულდა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ სანამ ნატოს და ევროკავშირის წვერები არ გავხდებით, ყოველთვის ვართ რუსული თავდასხმის საფრთხის ქვეშ”, - თვლის ლაშა ბერიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დაწინაურდა, მას შემდგომი მოქმედებებისთვის ხელ-ფეხი გაეხსნება და რასაც საჭიროდ ჩათვლის, იმ ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამისად, საფრთხეშია როგორც საქართელო, ისე ყაზახეთი”, - წერს სტატიის ავტორი.

“ცოტა ხნის წინ მაკრონსა და ყაზახეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. იმ დროს მეც იქ გახლდით, საერთაშორისო ექპერტებს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გვინდოდა და ვერ შევხვდით, რადგან მაკრონი იყო ჩასული და აქედან ვიცი, რომ ყაზახურმა მხარემ საფრანგეთთან საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოა. როგორც კი მაკრონი წავიდა, რამდენიმე დღის მერე ყაზახეთს პუტინი ესტუმრა და ვფიქრობ, რომ მათი მისამართით რუსული საფრთხეები რეალურია. ყაზახეთის მთავარობა რუსეთისგან დისტანცირდა და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს აწარმოებს. თოყაევმა წამოაყენა ახალი ინიციატივა - შეიქმნას საერთაშორისო სააგენტო ბიოლოგიური უსაფრთხოების მიმართულებით, რაც ყაზახეთის სტატუსს უფრო მაღლა სწევს. ჩემი აზრით, ამას საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს. მაკრონმა ყაზახეთი და საქართველო შემთხვევით არ ახსენა”, - ამტკიცებს ვახტანგ მაისაია.

“რუსეთიდან საქართველოს საფრთხეები უკვე სახეზეა. კირბალის ტრაგიკული მოვლენები ამის პირდაპირი გამოძახილია. საფრთხეა პოლიტიკურადაც - შესაძლოა არჩევნებისთვის პრორუსული პოლიტიკური ალიანსი ვიხილოთ და შეეცადონ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ასევე იმის საშიშროებაა, რომ საქართველო ეკონომიკურად რუსეთს კიდევ უფრო მიეჯაჭვოს და ამით ქეჩოთი დაგვიჭიროს მოსკოვმა, რაც შეიძლება გახდეს ბერკეტი, რომ საქართველო სანქციების არიდებისთვის გამოიყენონ და ევროინტეგრაცია ჩაგვიგდონ. რუსეთის ახალი ინციატივაა, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ტერიტორიების გვერდის ავლით ახალი სატრანზიტო კორიდორი გაჭრას. ფაქტიურად ახალი გეოეკონომიკური ალიანსი შეიქმნა, სადაც იქნება რუსეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დაწინაურდა, გათამამდება და სადაც სიტუაცია არ მოეწონება, იქ რა ნაბიჯებსაც საჭიროდ ჩათვლის, იმას გადადგამს, მათ შორის საქართველოშიც და სამხედრო მოქმედებებსაც არ გამოვრიცხავ”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

წაკითხვა 260 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.