May 17, 2024

“მთავარი ის არის, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება...” - გია ხუხაშვილი

“ვიზიარებ ქართველი ხალხის საყოველთაო სიხარულს, მაგრამ ფორიაქი მაინც მაქვს. რატომ?! ყველას კარგად ესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, ევროკომისიის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ არის, ევროსაბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

დიდი ალბათობით, საბოლოოდ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ რამდენადაც ჩვენს ხელისუფლებას კარგად ვიცნობ, მეშინია, მანამდე რაიმე ისეთი არ ჩაიდინონ, რომ ევროპარლამენტარების განწყობა არ შეიცვალოს. ვიმედოვნებ, რომ “ქართული ოცნება” წყალს აღარ აამღვრევს... გასულ წელს არ ვიყავით მზად, მეტიც, ევროკავშირის საწინააღმდეგო პოლიტიკას ვატარებდით. აბსოლუტურად გასაგებია, რატომ არ მოგვცეს შარშან სტატუსი. სხვა საკითხია, ახლა რატომ გვაძლევენ - იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა “ქართულ ოცნებას” მიზეზს მისცემდა, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დაეყენებინა. დასავლეთს არ უნდოდა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რის შედეგადაც საქართველო საბოლოოდ აღმოჩნდებოდა რუსეთის კლანჭებში...”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთავარი ის არის, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება...“

“დეპოლარიზაციის საკითხის მოგვარება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ მოწინააღმდეგის ლანძღვის მეტი არაფერი იცის. შესაბამისად, ნეგატიურ ქაოსში ვცხოვრობთ. ჩემი შეხედულებით, პოლარიზაცია უფრო და უფრო გაიზრდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. დღეს რევოლუციური სცენარის განვითარების ან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავ. ევროკომისიის რეკომენდაცია, ჩემი აზრით, ასეთ საფრთხეებს გამორიცხავს. სიმართლე გითხრათ, არც რუსეთისგან ველი აგრესიულ ქმედებას. მეტიც, არა მგონია, რუსეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იყოს - რუსეთს შეუძლია ეს სათავისოდ გამოიყენოს. ნახეთ, როგორ იყენებს უნგრეთს, ფაქტობრივად, მისი სახით “ტროას ცხენი” ჰყავს უკრაინაში. რატომ არ უნდა აწყობდეს ორი “ტროას ცხენი”?! მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თუ საქართველო რუსეთთან ლოიალურ პოლიტიკას გააგრძელებს, მოსკოვი ამას ხელზე არ დაიხვევს და ევროკავშირში საკუთარ პლაცდარმად არ გამოგვიყენებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“დღემდე მმართველი გუნდი რუსეთისთვის ხელსაყრელ პოლიტიკას აწარმოებდა, რა გარანტია გვაქვს, რომ ამ პოზიციას შეცვლიან? სხვათა შორის, მდათქმებში, რომლებიც რეკომენდაციებს მოჰყვა, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სინქრონიზაცია იმ პოლიტიკასთან, რომელიც ევროპას აქვს. მე არა მგონია, ჩვენი ხელისუფლება ამას აპირებდეს. კი ბატონო, “ქართული ოცნების, ბოლოდროინდელი რიტორიკა რაღაც დონეზე შეცვლილია, თითქოს ცალკეული პირების გამონათქვამები შედარებით პროდასავლურია, მაგრამ ამას არა აქვს სისტემური ხასიათი. მე მაინც მგონია, “ქართულ ოცნებას” ისე აქვს მოქოქილი პროპაგანდისტული მანქანა, რომ მის გაგრძელებაზე საბოლოოდ უარს არ იტყვიან. ეჭვი მეპარება, “ქართული ოცნების” ლიდერებმა აღარ თქვან, რომ დასავლეთი ომში გვითრევს და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ვერც დასავლეთი მოძებნის მათი შეჩერების მექანიზმს. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, მით უფრო, ახლა, დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა მიიჩნევს, რომ ყველაფერი შერჩა. შეიძლება თავიანთი პოლიტიკური ხაზი ოდნავ დააკორექტირონ, მაგრამ არსებითად მაინც არაფერს შეცვლიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია - გარდა იმისა, რომ დასავლეთს “ქართული ოცნების” მონიტორინგის შესაძლებლობა ეძლევა, ჩვენთვის ევროატლანტიკური ალიანსისკენ სავალ გზაზე კარი არ ჩაიკეტა. შეიძლება რაღაც ხარვეზები არის, მაგრამ მხოლოდ მოკლევადიანი თვალსაზრისით, გრძელვადიანად კი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. თუმცა თუ კანდიდატის სტატუსმა შინაარსი არ შეიძინა, ცარიელ სტატუსს რა აზრი აქვს? მთავარი ის არის, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება, აი, ამას რომ ვნახავთ, მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვინ რა მოიგო ან წააგო”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “2024 წლის არჩევნებს დასავლეთი გამადიდებელი შუშით დააკვირდება, როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ესა თუ ის ოპოზიციური პარტია?”, - პასუხობს:

“კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი შესაძლებლობაა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებისთვის. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მყავს “ნაციონალური მოძრაობა”, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური პარტია ჩაკეტილი ორგანიზაციაა და გარედან ამომრჩევლის მოზიდვა არ შეუძლია, განვითარების პოტენციალი არა აქვს. შესაბამისად, დიდი სივრცეა გახსნილი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებისთვის. სხვა საქმეა, ვინ როგორ გამოიყენებს ამას. ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი და ვერ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ 2024 წელს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. კი ბატონო, ეს არჩევნები იქნება ყველაზე დიდი დაკვირვების ობიექტი, რაც ამ დრომდე ყოფილა, მაგრამ ხელისუფლებამ შეიძლება აკრძალული მეთოდებიც გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას იზამს საზოგადოება. მგონი, ძალიან რთული წელი გვექნება, თუმცა ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დასრულდება. თუ არჩევნების შემდეგ ევროპელ პოლიტიკოსებს კითხვის ნიშნები დარჩათ, ჩათვალეთ, რომ ჩვენთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ დაიხურება”.

წაკითხვა 237 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.