მთავრობა პარლამენტისთვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების წარდგენას გეგმავს

მთავრობა საქართველოს პარლამენტისთვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენას გეგმავს.

ცვლილებები ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმას უკავშირდება. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში ნათქვამია, რომ ინიციატივა უკავშირდება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას. პროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება, რაც უკვე ასახულია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში, სადაც ავტორად ანტიკორუფციული ბიუროა მითითებული.

 

მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში მოცემული ინფორმაციის თანახმად, ცვლილებები ეხება როგორც თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებთან, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხებს. უფრო კონკრეტულად, მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში ნათქვამია, რომ ცვლილებების ახალი პაკეტით პოლიტიკური პარტიის ლიკვიდაციის ერთ-ერთ საფუძვლად განისაზღვრება პარტიის მიერ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში საფინანსო დეკლარაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარუდგენლობა. დოკუმენტის თანახმად, ამავე ცვლილებებით იგეგმება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მონიტორინგის პროცესში, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისას, გამოვლენილ დარღვევებზე გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შექმნა და გაუმჯობესება, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლებამოსილების მინიჭება, სახდელის სახეების და ოდენობის გადახედვა. ასევე გათვალისწინებულია, ანტიკორუფციული ბიუროსთვის კორუფციული რისკების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილების მინიჭება.

 

ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება და ბიუროს მიეცემა შესაძლებლობა გონივრულობის ფარგლებში, ბიუროს საჭიროებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობა.

 

როგორც მთავრობა განმარტავს, ცვლილებების პაკეტით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გამოქვეყნებისთვის განსაზღვრული ვადაც შეიცვლება. ასევე თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ პირთა წრე გაფართოვდება, შემუშავდება ინტერესთა შეუთავსებლობის დეკლარაციის ფორმაც.

 

მთავრობა განმარტავს, რომ ახალი მექანიზმების შექმნითა და არსებულის დახვეწით, გაუმჯობესდება დეკლარაციის შევსებისა და მონიტორინგის პროცესი.

წაკითხვა 198 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.