April 27, 2024

"უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილებასთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარესთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას მართავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს, რაც, ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ხარვეზია.

„ჩვენ შევიკრიბეთ მეორედ, ამჯერად ცესკო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან ერთად და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან, რათა განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დიასპორისთვის ხმის მიცემის საშუალების გამარტივებას ეხება. ეს საკითხი დიდი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და საინტერესოა არა მხოლოდ დიასპორაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოში მყოფი მოქალაქეებისთვის. პრაქტიკულად, ყოველ ოჯახში არის ვიღაც, რომელიც წასულია და ცხოვრობს საზღვარგარეთ. ამდენად, საკითხის მიმართ ერთობლივი ინტერესი არსებობს საქართველოში მაცხოვრებელი მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების მხრიდან. ჩვენ უკვე გვქონდა ერთია შეხვედრა, ასევე ორი საუბარი „სკაიპით“ დიასპორის წარმომადგენლებთან, რასაც გავაგრძელებთ. საჭიროა, განვიხილოთ, რა ვითარება არსებობს.

პირველი მნიშვნელოვანი ხარვეზი არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში, უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც საკმაოდ გაუგებარია. მთელი პროცესი დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნის შესახებ.საკონსულოებიდან საგარეოს უნდა გადაეცეს ინფორმაცია უბნების გახსნის თაობაზე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადმოსცეს ცესკო-ს. ეს არის პირველი ეტაპი. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ჩატარდეს საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია, საინფორმაციო კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერი გაკეთებული არ არის. ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია მნიშვნელოვანია ახლა და არა ოთხ-ხუთ თვეში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შემდეგ ეტაპზე ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროზე არის დამოკიდებული საარჩევნო აღრიცხვა, რეგისტრაცია, სიების გადაცემა ცესკო-სთვის. მისივე თქმით, ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობა საჭირო.

„ვიდრე დრო არის, ეს უნდა გამოსწორდეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად ყველა ხარვეზი გამოსწორდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის თანახმად, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკონსულო აღრიცხვაზე თუ არიან და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, იქ გაიხსნას საარჩევნო უბანი. ამაზე კანონი არსებობს, მეორე მხრივ კი ოფიციალურად გვეუბნებიან პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა აცხადებს, რომ ვერ და არ შეასრულებენ ამ კანონს. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნითო, კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ შეუძლებელიაო. ხან ამბობენ, რესურსები არ გვაქვსო, ხან ყოველ პადიეზდში არ გავხსნითო, რაც ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება გაკეთდეს.

ჩვენ მომავალ კვირას კიდევ გვექნება შეხვედრა ელჩებთან და საკითხი შეიძლება მოგვარდეს. რამდენადაც ვიცი და თუ ასე არ არის, მზად ვარ, მოვისმინო შესწორება, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი საუბარი არ ყოფილა აქ მყოფ ელჩებთან, რათა ამ საკითხმა წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები. ეს არის სრულიად შესაძლებელი. ამის მაგალითი არსებობს ძალიან ახლოს ჩვენთან, მოლდოვამ ჩაატარა არჩევნები და 150 საარჩევნო უბანი გახსნა არჩევნებისთვის. მოლდოვას თუ შეუძლია, ალბათ ჩვენც შეგვიძლია და რატომ ვამბობთ, რომ ამისი რესურსები არ გვაქვს. გასულ შეხვედრაზე განცხადება მოვისმინე ცესკო-სგან, რომ გვაქვს რესურსები, რაც იქნება საჭირო დამატებითი უბნების გასახსნელად, თუ მივიღებთ ინფორმაციას საგარეოსგან. ამიტომ ვამბობ, რომ ერთგვარი პინგ-პონგია დაწყებული – საგარეოსგან თუ მივიღებთ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, დავიწყოთ მუშაობა უბნების გახსნაზეო.

სხვადასხვა ქალაქში, სადაც ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის სივრცეები – ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართი, რასაც იყენებენ დიასპორული ორგანიზაციები და აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდო, ან ვიმუშაოთ, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, ასეთი სივრცე მოვიპოვოთ. არსებობს პრაქტიკაც, მოლდოვის მაგალითზე, როცა პარტნიორი ქვეყნები ჩვენს სასარგებლოდ გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი გამოსავალია.

მთავარია, ადგილი არ ჰქონდეს არავითარ დისკრიმინაციას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და ჩვენ შევუწყოთ ხელი. გასაგებია, რომ ყველგან და ყველა ადგილას, სადაც 50 ადამიანი ცხოვრობს, ალბათ შესაძლებლობა არ იქნება უბნების გახსნის, მაგრამ უნდა დაიწყოს პროცესი, რომ რამდენიმე ქვეყანაში, ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობაა დიასპორის, გაიხსნას საარჩევნო უბნები. ეს პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც შემდგომ არჩევნებში ალბათ კიდევ სხვა ფორმას მიიღებს.

დღევანდელი ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას მივცეთ საარჩევნო უფლება და არ გამოვიყენოთ მათ მიმართ არც დისკრიმინაცია, არც შეურაცხმყოფელი გზავნილები, რაც ჩემთვის და, მგონი, მთელი საზოგადოებისთვის გაუგებარია. არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, როდესაც ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას, პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ. საჭიროა, მათ, ვინც იქ მოღვაწეობოენ ან წვალობენ კიდეც, მივცეთ ის საშუალება, რაც ეკუთვნით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 88 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.