April 29, 2024

9 აპრილი - "ეს დღე მწუხარებასა და სიხარულს შორის გადებულ ერთგვარ ხიდს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობისთვის"

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

 

FirstNews.ge-მ ჩაატარა გამოკითხვა, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია 9 აპრილის ტრაგედია საქართველოს ისტორიაში?

 

ბექა ძოწენიძე -  სამართალმცოდნე, ფილოსოფოსი, ფილოსიფიის მეცნიერებათა დოქტორანტი, აწსუ ლექტორი ფილოსოფიაში

 

“1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, თავმჯდომარის (შემდგომ საქართველოს პრეზიდენტი) ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო...

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში და ადამიანთა ცნობიერებაში ჩაიწერა, საკუთრივ როგორც ერთგვარად გამოხატული ტრაგედიის და ამავდროულად - ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გაცხადებული -  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

ვფიქრობ, ღმერთის ნება და წყალობაა ჩემზე, რომ 1997 წლის 9 აპრილს, ამ ღირსშესანიშნავ, მეტად საკრალურ და საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს დავიბადე...

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველზე ჩატარებული ორლესური ნიჩბებითა და რკინის ხელ-კეტებით მოაწყვეს სისხლიანი კალოები... ამ დროის ქართველისთვის  გაუცხოებული და თანადროულად სისხლ-ხორცეულად გამჯდარია თავისუფლების სურვილი.

ეს კი სწორედ ის თავისუფლებაა, რომელიც ასე ნანატრი და მუდამ მოსაფრთხილებელია!

რუსეთის სახელმწიფო ოკუპანტი და მკვლელია!”

 

april 9 17

 

ნათია ჯიქია - ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი

“9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დიდი მნიშვნელობის მქონეა. ამ დიდმა ტრაგიზმმა გააერთიანა სრულიად ქართველი ერი და მოუტანა მას ორი წლის შემდგომ თავისუფლება. მე მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ეს ციფრი საკრალური მნიშვნელობისა იყო ჩემთვის, რადგან ჩემი ტოლი გოგო-ბიჭები ემსხვერპლნენ ამ დიდ ტრაგედიას. ამ დღემ გააერთიანა ასევე ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, ყველა ფენა და გააძლიერა ისინი. საქართველო უკვე ხმამაღლა ეუბნებოდა უარს იმპერიას და არ ეშინოდა მისი.”

 

ანა სადილიანი - სტუდენტი

“9 აპრილი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი  დატვირთვის მატარებელია, ერთი მხრივ გამარჯვების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების წინა პირობა და მეორე მხრივ დღე, რომელმაც ეროვნულ გამოფხიზლებას და სულისკვეთებას ერთიანი ბიძგი მისცა. ეს არის დღე, რომელმაც კვლავ დაგვანახა ქართველი ხალხის ერთობა, გმირობა და ის ძლიერი სულისკვეთება თავისუფლების, დამოუკიდებლობის მიმართ, რომელმაც გააერთიანა და მთელი სიძლიერით აღჭურვა ქართველი ერი. ამ დღემ საქართველოს და ქართველ ერს შეუნარჩუნა თვითმყოფადობა და ისე, როგორც არასდროს გახადა გაბედული, უშიშარი და  სრულიად შეცვალა საქართველოს ისტორია. ამ პროცესმა გზა მისცა  იმ დიდ მოვლენებს, რომელმაც ჩვენ საბოლოოდ მიგვიყვანა  დამოუკიდებლობასთან.  9 აპრილი ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც ყველა ქართველის მეხსიერებაში მუდმივად იარსებებს, ეს თარიღი დაუვიწყარია იმითი რომ ჩვენ ჩვენი სანუკვარი სურვილი ავისრულეთ, გავერთიანდით ყველაზე დიდი მტრის წინააღმდეგ შიშველი ხელებით, უიარაღოდ და  ერთიანობით, ქართული სულით, ჟინით და სამშობლოს, ერის სიყვარულით  დავამარცხეთ საბჭოთა კავშირი.”

 

თემურ ჯიმშელეიშვილი - სტუდენტი

“1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თავდაპირველად Საპროტესტო აქციები მოყვა აფხაზეთში გამართულ ლიხნის კრებას და იდეას, გაუქმებულიყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, თუმცა შემდეგ უპირველესი მოთხოვნა გახდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. ქართველი ხალხი ამ იდეის გარშემო გაერთიანდა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლებისათვის, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილი ძალადობრივად სცადა ჩაეხშო. 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ათეული და მოიწამლა რამდენიმე ათასი მოქალაქე. ამ მოვლენებმა კი ერთის მხრივ ნათელყო საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება და მეორეს მხრივ გააძლიერა ქართველთა სურვილი და მისწრაფება, მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა.”

 

y3uo6zp6x3bpctn

 

მაიკო მესხორაძე - სტუდენტი

“უდიდესი მნიშვნელობა აქვს 9 აპრილს საქართველოს ისტორიაში, რადგან მან შეცვალა მთელი საქართველოს ბედი,  განაპირობა და ნათელი გახადა ის ხედვა და პოზიცია, რომელიც ყოველთვის თანსდევდა ქართველ ერს,რომ თავისუფლება იყო უპირველესი მონაპოვარი და მისთვის არაფერს შეუშინდებოდა ქართველი ხალხი.

საქართველოს ისტორიაში მრავალი პერიოდი ყოფილა, როდესაც ქართველი ხალხის გმირობამ და შეუპოვრობამ ქვეყანა იხსნა გასაჭირისგან, ისეთი უძლეველი მტრისგან, რომლის დამარცხებაც პრაქტიკულად წარმოუდგენლად ესახებოდა მსოფლიოს და ასეთი მტერი საქართველოს  მრავლად ჰყოლია. 9 აპრილიც ამ მოვლენათაგან ერთ-ერთია ეს არის თარიღი, რამაც საფუძველი ჩაუყარა იმ დიდი და უძლეველი სისტემის ჩამოშლას რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია, მთელი საქართველო  ერთ მუშტად შეკრული არ შეუშინა სასტიკ და დაუმარცხებელ რეჟიმს. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ამასთან ერთად გადაარჩინა საქართველოს მომავალი. ახალი თაობისთვის, რომელიც იზრდებოდა საქართველოში, ნელ-ნელა იღვიძებდა ბრძოლის სურვილი და ქრებოდა შიში და მორჩილება, რომელსაც მამათა თაობაში ხედავდნენ.”

 

ნიკა ჯანელიძე - სტუდენტი

“1989 წლის 9 აპრილი არის დღე, როდესაც დამოუკიდებლობას მოწყურებული ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეიკრა რათა საბჭოთა კავშირის კლანჭებიდან თავი დაეხსნათ. ზუსტად საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილები იყო, ვინც უდანაშაულო ქალებს, ბავშვებს, სკოლის  მოსწავლეებს  და არა ერთ უდანაშაულო ადამიანს, რომელთაც მათთვის წინააღმდეგობის გაწევაც კი არ შეეძლო  სასტიკად გაუსწორდნენ და სასიკვდილოდ გაწირეს. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად 2 წელში საქართველომ დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი, რაც პირდაპირ უკავშირდება 9 აპრილის ამ ტრაგედიას. ეს ყველაფერი დასტურია იმისა , რომ ქართველი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის   უშედეგოდ არ ჩაუვლია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღემდე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მარტივი მაგალითია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს  გმირები, რომლებმაც 9 აპრილს,  თავი შესწირეს  ქვეყნის განვითარების და დამოუკიდებლობის მოპოვებას.”

 

ეკა კვიცარიძე - სტუდენტი

“9 აპრილი ჩვენთვის არის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც, როგორც სამწუხაროდ ასევე, საბედნიეროდ აღიქმება. ეს დღე მწუხარებასა და სიხარულს შორის გადებულ ერთგვარ ხიდს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც მოხდა დაპირისპირება რუს ჯარებთან, მოხდა დაპირისპირება იმ ცხოვრებასთან რომელიც არ მოსწონდათ ქართველ ხალხს, ახალგაზრდებს. მოგეხსენებათ ამ “ ბრძოლაში” უამრავი ქალი მონაწილეობდა, ჩემი ტოლი გოგო- ბიჭები, რომელთა სახელებიც ისტორიამ შემოგვინახა. 1989 წლის 9 აპრილი ზუსტად იმას მიგვანიშნებს, რომ ეს იყო დამოუკიდებელი ხალხის გადადგმული ნაბიჯი თავისუფლებისთვის, რომლის მნიშვნელობაც ჯერ კარგად არ იცოდნენ, თუმცა მაინც სიხარულით მიიწევდნენ წინ."

წაკითხვა 181 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 09 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.