„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის დამოკიდებულებას „პოლიტიკური მრუშობა“ ჰქვია"

ოპოზიციის არგუმენტი, რომ არ შევიდეთ ძიებაში და ვიძახოთ, რომ ეს „რუსული კანონია“, იმდენად უსუსური გახდა, რომ გადაწყვიტეს, საერთოდ არ შევიდნენ არანაირ სამართლებრივ გარჩევაში, ან თუ გარჩევაში შევლენ, იმდენად დიდი სიცრუე თქვან, რაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება და პოლიტიკური მრუშობა ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტსა და რუსულ კანონს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ამ თემაზე დისკუსიაში შესვლა მომგებიანი არაა.

„იმდენად დიდი და ნათელია განსხვავება რუსულ კანონსა და ჩვენს კანონპროექტს შორის, რომ ამ თემაზე დისკუსიაში შემოსვლა მომგებიანი არაა რადიკალური ოპოზიციისთვის. ამიტომაა გაცხადებული, არ შევიდეთ დისკუსიაშიო. გადაინაწილეს სფეროები და ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის იმ ადამიანებზე ზემოქმედება, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან საზღვარგარეთ მყოფი ახლობლისგან ფინანსურ დახმარებას იღებენ - თითქოს ისინი დაინგრევიან და არ იქნება მათი ინტერესი არათუ გათვალისწინებული, არამედ პირდაპირ დაარტყამს მათ. ეს სიცრუე იმდენად უღირსი და შემაძრწუნებელია, ეს არის დამადასტურებელი ფაქტი, თუ რა მეთოდით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები ამ კანონის წინააღმდეგ. რუსულსაც დაარქმევენ და ნებისმიერ სახელს დაარქმევენ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ სიხისტით, პრინციპულობით და მომთხოვნელობით, დასავლური კანონები გაცილებით უფრო აშკარაა, ვიდრე მნიშვნელოვნად ლოიალური ქართული კანონი. ერთადერთს ითხოვს - იყავით გამჭვირვალენი და გვითხარით, რა პროექტებს აფინანსებთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ვეღარ დაუშვებს იმას, რომ ვინმემ დააფინანსოს მაგალითად, ზონდერ ჯგუფის მომზადება, რომელიც ორიენტირებული იქნება მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებაზე. ეს არის ამ კანონის იდეა, რომ საზოგადოების წინაშე იყო პასუხისმგებელი ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უტიფარი ტყუილია, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ეს კანონპროექტი იმოქმედებს მათზე, ვისაც საზღვარგარეთიდან ურიცხავენ ფულს და ეს მიანიშნებს, „რა პათოსით მიდიან ამ საკითხის განხილვაზე ოპონენტები“.

„წინა კანონპროექტი რომ შემოვიტანეთ, იყო პრინციპული შეთანხმება მათ შორის ელჩებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომ მომავალში არ იქნებოდა დაშვებული არანაირი გაუმჭვირვალობა, რასაც ჰქვია კონკრეტული ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა ფულის გამოყენება საქართველოში - ეს არ შესრულდა. რაც მთავარია, ევრო დირექტივა არსებობს, რომ ანალოგიური კანონპროექტი უნდა იყოს მიღებული ევროპის ყველა ქვეყანაში. როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ეს კანონი იმოქმედებს მათზე, ვისაც საზღვარგარეთიდან ურიცხავენ ფულს, ეს იმდენად უტიფარი, უზნეო ტყუილია, რომ მიგვანიშნებს, თუ რა პათოსით მოდიან ამ საკითხის განხილვაზე ჩვენი ოპონენტები. როდესაც ასეთ ტყუილს კადრულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ შედგება არანაირი სამართლებრივ სფეროში თუნდაც მწვავე კამათი. ეს იქნება ტრენდი, რომელიც “ნაცმოძრაობას” დიდი ხანია აქვს”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

წაკითხვა 112 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 12 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.