May 2, 2024

"ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება" - ანა ნაცვლიშვილი

ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება - „ქართული ოცნება“ აპირებს გაამრუდოს, ჩახერგოს საქართველოს ევროპული მომავალი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისაკენ მოუწოდებს.

„მინდა, მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს: „ქართული ოცნება“ კრემლის დავალებით აპირებს, მოიპაროს თქვენი დიდი წარმატება. გასული წლის მარტში ერთობით მთელმა საზოგადოებამ შევაჩერეთ რუსული კანონი და ამით დავიცავით საქართველოს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს ევროპული გზა. „ქართული ოცნება“ აპირებს, მოიპაროს ეს გამარჯვება, დაგცინოთ ყველას და გაამრუდოს, ჩახერგოს საქართველოს ევროპული მომავალი. ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება. დღეს „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები, რომ შეცვალოს კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, ამიტომ მას შემოაქვს რუსული კანონი, რომ გვერდი აუაროს კონსტიტუციას და შეცვალოს ამ ქვეყნის კონსტიტუციურიო გარანტი, თქვენი არჩევანი, თქვენი ნება. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის ერთ მუჭა, კორუმპირებულ და რუსეთზე მიყიდულ ჩინოვნიკებს, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ეს ქვეყანა ეკუთვნის ამ ქვეყნის მომავალ თაობას, რომელსაც არაფერი დაუშავებია და რომელიც იმსახურებს ღირსეულ მომავალს. ამიტომ გთხოვთ და მოგიწოდებთ, მოდით დღეს პარლამენტთან. ჩვენ ვიქნებით აქ თქვენი ხმა, გავაჟღერებთ ქართველი ხალხის ნებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ საქართველოს პარლამენტთან და რადგან ხელისუფლება ჯიუტად არ ისმენს თქვენს ხმას, ძალიან ხმამაღლა, ძალიან მკაფიოდ კიდევ ერთხელ გააგონოთ ხელისუფლებას თქვენი ხმა - არა რუსეთს, არა რუსულ კანონს, კი ევროპას“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს.ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მასთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს - ერთია, "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - "გრანტების შესახებ" კანონსა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებები.

წაკითხვა 95 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 15 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.