April 30, 2024

"ბოლო 30 წელია, ერთი რამ ვიცით, მთავარია, რას ამბობს ქართველი ხალხი და არა ის, რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი"

ჩვენ ბოლო 30 წელია, ერთი რამ ვიცით, მთავარია, რას ამბობს ქართველი ხალხი და არა ის, რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საზოგადოება გუშინ დარწმუნდა, რომ არის მცდელობა, ყვირილით გადაიფაროს მსჯელობა.

„ჩვენ ახლა ვართ ქართულ საზოგადოებაზე დეზინფორმაციული შტურმის მოწმე, სადაც კვლავ ცდილობენ, სლოგანებით, ლოზუნგებით, დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი. დოგმატიზმია, როდესაც, არგუმენტების წარმოდგენის ნაცვლად, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას, როგორც არგუმენტი. ჩვენ რასაც ვისმენთ – რუსული კანონი და ასე შემდეგ – ეს ყველაფერი არის დოგმით მსჯელობა, როდესაც აღარ შემოდიან არგუმენტში. გუშინ ცხრა საათის განმავლობაში მამუკა მდინარაძე სვამდა მთავარ კითხვას. ვინაიდან, იმისთვის, რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები და დოგმატიზმი, არსებობს ერთი მარტივი ხერხი, ეს არის მარტივი კითხვა: რატომ? ამ კითხვაზე როდესაც არ არის არგუმენტირებული და ლოგიკური პასუხი, ესე იგი ჩვენ საქმე გვაქვს დოგმასთან, რწმენასთან, რომელიც უნდათ, წარმოადგინონ, როგორც არგუმენტი.

გუშინ დაისვა კითხვა: რატომ? – და ვერ გასცეს პასუხი. საქმე გვაქვს დოგმებთან. პასუხი იყო, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს, ბრიუსელი და ვაშინგტონი ხომ გეუბნებიან, რომ არა. ამ ქვეყანას გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპი თავის ცხოვრებაში და ამ ხალხსაც გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპი. ჩვენ, ბოლო 30 წელია, ერთი რამ ვიცით, მთავარია, რას ამბობს ქართველი ხალხი და არა ის, რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით, რატომ არ უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს არ უნდა. ვეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს, რატომ არ გინდათ, რადგან უცხოელები გვეუბნებიან, არ მიიღოთო. ასეთი ურთიერთმითითება მიდის. შეგახსენებთ, ზუსტად იგივე ხერხი იყო გამოყენებული ე.წ. ვეტინგის დროს. ვეკითხებით არასამთავრობო სექტორს, რატომ უნდა იყოს, გვეუბნებიან, რომ უცხოეთიდან გვეუბნებიან, ჩაატარეთო. ვეკითხებით უცხოელებს, რატომ უნდა ჩავატაროთ, იმიტომ, რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენო.

სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით აუკრძალონ საზოგადოებას აზროვნება. ვხედავთ, რომ საზოგადოებამ ეს ეტაპი გაიარა და ძალიან კარგად ხვდება, რომ მსჯელობის ალტერნატივა არ არსებობს. დოგმებით საუბარი და მსჯელობის ჩახშობა აღარ გამოუვათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 87 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.