April 27, 2024

ტოტალური ქაოსი ფოთის პორტის გარშემო და ხელისუფლების გაუგებარი თავის მართლება

“რასთან გვაქვს საქმე - ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 28 დღის წინ საიდუმლოდ გაცემული ნებართვა ეს დაბალი რანგის ჩინოვნიკის, სსიპ-ის ხელმძღვანელის შეცდომა იყო, როგორც ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, თუ ეს იყო ხელისუფლებაში რაღაც ჯგუფის მიერ დაგეგმილი ნაბიჯი და საბოტაჟი ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, და ის დიდი სკანდალის ატეხვის გამო ჩაიშალა?! ფოთის პორტის გარშემო დიდი ქაოსი შეიქნა და ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებები და გაუგებარი თავის მართლება პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ტოტალური ქაოსი ფოთის პორტის გარშემო და ხელისუფლების გაუგებარი თავის მართლება.

 

 

“ამის შემდეგ მონისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თურმე ამ მასშტაბური და სტრატეგიული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობაში არავინ არაფერი იცოდა და ნებართვის ჩუმად გაცემის მიზეზით გაათავისუფლა, ტექნიკური და სამშენებლო ზესამხედველობის სააგენტოს უფოსი გრიგოლ კაკაურიძე., რომელმაც შემდგომ მედიასთან თქვა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და მინისტრი კურსში არ ჩაუყენებია. ამ “აღიარებას” კითხვები ახლავს - რას ნიშნავს, როცა მინისტრის გვერდის ავლით დაბალი რანგის ჩინოვნიკი წყვეტს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს და და მოჰყვება თუ არა ამას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ბრიფინგზე ანაკლიის კონსორიუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, “ეს არის დაუჯერებელი, რომ 28 დღის განმავლობაში მთავრობაში ამის შესახებ არავინ იცოდა”. მისი თქმით ამ გადაწყვეტილებამ ანაკლიის პროექტი დააზიანა და უკან დახია.. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განმარტებით, აშკარაა, რომ ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი მოქმედებდა ანაკლიის პორტის წინააღმდმეგ და საქმე გვაქვს აშკარა საბოტაჟთან, რითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ანაკლიის პორტის პრიორიტეტული სტატუსი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციაში და ნებისმიერი საბოტაჟი ამ პროქტის მიმართა შეგვიძლია განციხილოთ, როგორც სს დანაშაული. ძალიამ მიამიტი უნდა იყო არ გესმოდეს, რომ ფოთის პორტში ანალოგი მშენებლობის შემთხვევაში ანაკლიის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ეჭვქვეშ დგება და შესაბამისად, ინვესტორები უარს ამბობენ პროექტზე. რა დიდი არითმეტიკა უნდა ამას - ეს იყო პირდაპირი საბოტაჟი. ბოლოს და ბოლოს უნდა დაეცადათ, სანამ ანაკლია აქტიურ ფაზაში გადავიდოდა და ამის შემდეგ ფოთში რაც უნდა, ის ეკეთებინათ... საინტერესოა, ვის ინტერესში მოქმედებდა ჩინოვნიკი და ვისთან ჰქონდა გარიგება, რომ ეკონომიკის მინისტრმა არ იცოდა? გამოსაძიებელია ვინ იყო დამკვეთი”,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ოპოზიცია აცხადებს, რომ თურნავას განცხადება არადამაჯერებელია, რადგან სააგენტოს ხელმძღვანელი ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა და თუკი მინისტრისგან ჩუმად ხდება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და ამის ერთი თვით დამალვა, ეს მიუთითებს მთავრობის მიერ ქვეყნის მართვის უნარის პრობლემაზე. კითხვები აქვს “ოცნების” დეპუტატს, დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას, რომლის თქმით შეცდომა დაშვებულია, დამაჯერებლობა აკლია განცხადებას, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას სსიპ-ის ხელმძღვანელი ისე იღებს, რომ მთავრობამ არაფერი იცის. მისი ქმით, 7 ივნისს ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში უნდა მივიდეს და ამ “სიურპრიზის” უკან რა დგას, ამ თემაზე ბევრი კითხვა დაისმება”, - დასძენს გამოცემა.

 

“კეთდებოდა განცხადებები, რომ თურნავა არის ის მინისტრი, რომელიც ქვეყანაში დინამიკას შექმნიდა, არადა ვხედავთ, რომ თურნავა არა თუ დინამიკას, არამედ ძლივს დაწყებული საქმეების შემაფერხებელიც კი აღმოჩნდა, რადგანაც ის ემსახურება კონკრეტული დაჯგუფებების ინტერესებს და შესაბამისად არ აინტერესებს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. არც ერთი თავმოყვარე მინისტრი არ გააკეთებდა იმ განცხადებას, რაც თურნავამ გააკეთა. მან ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, რითიც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ეკონომიკის მინისტრი, ხაზი გადაუსვა”,- აცხადებს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეიდან ფოთს აღარავინ გაეკარება, პლუს დაზიანდა ანაკლია” - დავით ჭიჭინაძე.

 

“თურნავას განცხადება იმდენად დაუჯერებელია, რომ საბავშვო ბაღის დონის განცხადებაა და ამას მინისტრმა რომ დააყოლოს, დედას ვფიცავარ, მართლა არ ვიცოდიო, შეიძლება ცოტა მეტი დამაჯერებლობაც მიეცეს. ასეთი განცხადებით ინვესტორებთან ყველანაირ ნდობას ვკარგავთ. დაუჯერებელია, რომ ეკონომიკის მინისტრმა არ იცის, რომ ქვეყანაში 250 მილიონი დოლარი უნდა ჩაიდოს, როცა ამის შესახებ იცის მთელმა ფოთმა და დიდი მოლოდინიც იყო ფოთში, რომ სამუშაო ადგილები და ფული გაჩნდებოდა. დღეიდან ფოთს აღარავინ გაეკარება, პლუს დაზიანდა ანაკლია, რომელიც არ არის კომერციული პროექტი, უფრო პოლიტიკური პროექტია. ვხედავთ, რომ ამ ვიწრო, ერთმანეთში დაპირისპირებას ეწირება, როგორც პოლიტიკური პროექტი, ისე ეკონიმიკური პროექტიც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე და შეკითხვაზე - “ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესია ანაკლიის პორტის ჩაძირვა და ფოთის პორტის განვითარება...”

 

“არ ვიცი. თუ ჩხარტიშვილი ასე აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უპირისპირდება და მათი ამხელა განცხადებების შემდეგ ამის უნარი შესწევს, მაშინ ჩხარტიშვილი ყოფილა ამ ქვეყანაში ყველაფერი. ეკონომიკური თვალსაზრისით ანაკლიის პროექტის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა იყო, მაგრამ, ბოლოს დავინახეთ, რომ ამ პროექტს სტაბილურობის მომტანი პოლიტიკური, რეგიონალური დატვირთვა ეძლევა და ამ პროექტთანაა დაკავშირებული გარკვეული გავლენები შავ ზღვაზე. ეს დაადასტურა აშშ-ის წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერმა, როდესაც თქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მათთვის ძალიან საინტერესოა. ასევე რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თქვა, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია შავ ზღვაში ბალანსის შესანარჩუნებლად”.

 

“ანაკლიის პორტმა უნდა მოიზიდოს ახალი ტვირთები, საუბარია 9 მილიონ ტონა ტვირთებზე, რაც ფოთის პორტს უპირისპირდება კონკურენციის თვალსაზრისით. ფოთის პორტში მხოლოდ ინვესტორის ფულია, ეკონიმიკური გათვლით, ეტყობა, ფოთის პორტი ბევრად უფრო მომგებიანია თავისი ბიზნეს გეგმით, ვიდრე ანაკლიის პორტი, რადგან იქ სახელმწიფოს უწევს რაღაც გარანტიების მიცემა და ამას თხოულობენ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები. მე ვთვლი, რომ რადგანაც ასეთი მძლავრი წნეხია ანაკლიის პორტის აშენებაზე, კონსტიტუციაშიც გვიწერია ეს და სახელმწიფომ უნდა იტვირთოს რაღაც გარანტიები, ამიტომ გადაწყვიტეს ალტერნატიული ეკონომიკური პროექტი, რომელიც მოგებას მოუტანდათ, მაგრამ ვხედავთ, რა შედეგიც მოჰყვა. მოხდა ის, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფოთის პორტის პროექტი, რომლის შესახებ დადგენილებები ჯერ კიდევ წლების წინ არის გამოცემული და ეს იდეა სამინისტროში დიდი ხანია ტრიალებს, მთელი ფოთიც ზეიმობდა ამას, ბანერიც კი იყო დამზადებული, ჩაშალეს. შესაძლებელი იყო ნორმალურად დალაგებულიყო ყველაფერი, მაგრამ ხალხის ინტერესები უკუაგდეს და ახლა მოძებნეს ადამიანი, ვისაც ხელები შეაწმინდეს. ამ ქმედებით ქვეყანამ რეპუტაცია დაკარგა და ინვესტიციების ჩადებასაც არავინ მოინდომებს. ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ბევრ კითხვას აჩენს. პანკისში ჩვენ ვნახეთ, რომ 7 მილიონი ღირებულების ინვესტიციის გამო ინვესტორის ინტერესებს როგორ იცავდა ხელისუფლება მთელი პოლიციის და სპეცრაზმის დახმარებით და აქ, ფოთში 250-მილიონიანი ინვესტიცია კი უცებ შეცდომად აღიარეს და ადამიანი მოხსნეს. ამის შემდეგ ვინ ჩადებს ფულს? ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული კითხვის ნიშანი დაუსვა „ქართულმა ოცნებამ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

წაკითხვა 688 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.