April 26, 2024

"მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც იმ პირობით, რომ ისინი აფხაზეთსა და ცხინვალს დაგვიბრუნებენ"

მიყვარს ამერიკელი ხალხი, მიყვარს დასავლეთ ევროპა, მაგრამ როგორი? ისეთი, რომელიც არ მოდის და არ მაძალებს იმას, რაც არ არის ჩვენთვის მისაღები, ამის მოთხოვნისთვის მე და ჩემნაირებს გვაბრალებენ რომ ვართ თურმე კრემლის აგენტები,- ამის შესახებ ბიზნესმენამ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

 

ვასაძე მის მიმართ ბოლო დროს გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ საქართველოს აგენტია.

 

„ჩვენ მშვიდობისმოყვარე ერი ვართ. უნდა დამთავრდეს ეპოქა ჩვენი დაპირისპირების გარე ძალებთან. ჩვენ არ გვინდა დასავლეთთან დაპირისპირება. ჩვენ მათთან მეგობრობა და ძმაკაცობა გვინდა. მე მიყვარს ამერიკელი ხალხი, მე ვსწავლობდი იქ, დიდ პატივს ვცემ მათ კულტურას და მე მიყვარს დასავლეთ ევროპა, მაგრამ როგორი? ისეთი, რომელიც არ მოდის და არ მაძალებს იმას, რაც არ არის ჩვენთვის მისაღები. ამის მოთხოვნისთვის მე და ჩემნაირებს გვაბრალებენ რომ ვართ თურმე კრემლის აგენტები. ამაზე დიდი უსინდისობა, ამაზე მეტი ცინიზმი არ მინახავს. ის ხალხი, ვინც შუბლით შეაჯახა ჩვენი სამშობლო ამ უდიდეს ჩრდილოურ იმპერიას, რომელმაც მერე ჩვენი ქვეყანა გახლიჩა, მისი ნაწილების ოკუპაცია მოახდინა, დასეირნობენ ახლა ჩვენი სამშობლოსგან მოპარული ფულით და ხელშეუხებლობით სარგებლობენ, გვდებენ ბრალს იმაში, რომ როცა ჩვენ ვიცავთ ეროვნულ ღირებულებებს და ტრადიციებს თურმე ვართ აგენტები. ისინი არიან აგენტები ყველასი, ვისაც უნდა რომ მათ ფული გადაუხადოს, რომ ჩვენმა სამშობლომ იზარალოს. მე ვარ საქართველოს აგენტი მთელ მსოფლიოში. მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც იმ პირობით, რომ ისინი აფხაზეთსა და ცხინვალს დაგვიბრუნებენ“,- განაცხადა ვასაძემ.

წაკითხვა 918 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.