"ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია, დეესკალაცია აუცილებელია" - სალომე ზურაბიშვილი

ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია და გამოსავლის მოძებნა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდაა.

 

„ჩვენ ვისაუბრეთ კონფლიქტურ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ აუცილებლობაზე, რასაც მე ვახსენებ ჩვენს პარტნიორებს, რომ აუცილებელია სხვა კონფლიქტთან ერთად, უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველო არ იყოს მივიწყებული. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რამე გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთი მიმართულება არის გაძლიერება მოლაპარაკებების იმ ფორმატებში, რაც არსებობს, ასევე სხვა ფორმატებშიც, სადაც სხვა კონფლიქტებიც შეიძლება იყოს განხილული. მეორე მიმართულება არის ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდა. ასევე ვახსენეთ ყველა ის მიმართულება, ევროკავშირი და ნატო, სადაც გერმანია არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი კომისიის თავმჯდომარე იქნება გერმანელი ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი. დიდი იმედი გვაქვს ჩვენ რომ ჩვენი პოზიციები სექტორალურ ინტეგრაციასთან მიმართებაში განმტკიცდება და ის მიმართულება, რომ საქართველო პრაქტიკულ ჭრილში გაწევრიანდეს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც ფაქტობრივად შეგვიყვანს ევროკავშირში, სანამ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გერმანია იქნება ჩვენს გვერდით.

 

ასევე განვიხილეთ რეგიონალური თანამშრომლობის, კულტურული თანამშრომლობის საკითხები. ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენ ურთიერთობებს. გერმანია ყოველთვის იყო ახლოს ჩვენს კულტურასთან. ვახსენეთ ფრანკფურტის გამოფენა, რომელზეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გადადგმული საქართველოს შესვლის ევროპის სივრცეში. ამის გაგრძელებაზე შევთანხმდით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

წაკითხვა 137 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.