" ხომ არ ჯობდა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის მიტაცების პროცესი? "

დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ქალაქ წყალტუბოს 22 სასტუმრო და 9 სამკურნალო აბანო გამოისყიდოს 27 კერძო ინვესტორისგან.

 

ეს არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება და ამის ავტორი არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს აღორძინების პროექტზე მუშაობის დაწყებას.

 

 

ხაზარაძის შეფასებით, ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ხოლო ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობისა და პანამის ოფშორული კომპანიიდან შემოსული ფულით განაგრძობს უკვე კერძო სტრუქტურების ნგრევასა და ჯიბეში ჩადებას.

 

 

„ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი ნიშნავს არარსებულ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც სახეზეა უცხოური ინვესტიციების 54 % - ით ვარდნა, მაშინ, როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტიდან გადიან უმსხვილესი უცხოელი ინვესტორები.

 

 

არცერთი ქვეყანა ასე არ განვითარებულა და არც ჩვენი ქვეყანა განვითარდება. რადგან ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი ნიშნავს სუსტ სახელმწიფოს, სუსტ ეკონომიკას, არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს, არც ისე შორეულ მომავალში კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას - უკიდურეს სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობას.

 

 

ხომ არ ჯობდა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა სახელმწიფო წიაღისეული, რკინიგზა, ტბები, მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის სრული მისაკუთრება-მიტაცების პროცესი?

 

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ამის უფლებას არ მოგცემთ! ეს უნდა დასრულდეს! ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია უნდა ჩამოშორდეს ქართულ სახელმწიფოს მართვის სადავეებს!“, - აცხადებს ხაზარაძე.

 

 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მზად არის, „პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გაასხვისოს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება“.

 

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 504 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.