April 27, 2024

“ქვეყანაში ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა”

“ის, რაც ხდება ქვეყანასა და ეკლესიაში, მძიმე დარტყმას აყენებს საზოგადოების განწყობას და საბოლოოდ მივიღებთ სახელმწიფოებრივ ნიჰილიზმს.

 

თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის უმეტესობამ შეიძლება ჩათვალოს, რომ არ შეგვიძლია საკუთარი თავისა და სახელმწიფოს პატრონობა. მეორე მხრივ, ევროპას ჩვენთვის არ სცალია, აქეთ თურქეთი გვიპირებს რაღაც ცუდ საქმეებს - ასეთი ჭორების გავრცელების მანქანა ამოქმედებულია და გვრჩება ერთმორწმუნე რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი 2”, - აცხადებს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქვეყანაში ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა”.

 

 

“ეკლესია მოსახლეობაში ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობს, ამიტომ ვისაც ასეთი გავლენა არა აქვს, ბუნებრივია, ეკლესიის გამოყენებით შეეცდება მის მოპოვებას. ეს ეხება როგორც მოქმედ ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთი, რომელიც შეუძლებელია ჩვენს ეკლესიაში არ ხედავდეს თავისი ინტერესების გატარების აუცილებლობას. “ოცნება” შეშფოთებულია, რომ შესაძლოა ძალაუფლება ხელიდან გამოეცალოს და წარმოუდგენელია, მას არ ჰქონდეს ამუშავებული ის ბერკეტები, რაც გავლენის მოპოვებაში დაეხმარება. ნუ გამოვრიცხავთ ბრძოლას პატრიარქის ტიტულისთვისაც... იმედია არჩევნებამდე მივალთ ახალი საარჩევნო სისტემით. თუმცა უკვე 5 თვეა გაჭიანურებულია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. თუმცა რიგგარეშესთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ქვეყანაში იმდენად ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა, ადამიანმა რომ არ იფიქროს მოსალოდნელ სიურპრიზებზე, გამორიცხულია. არის განცდა და განწყობა, რომ ადამიანები საკუთარი მუშტის იმედად უნდა იყვნენ, რადგან კანონი არ კანონობს და ვხედავთ შორიდან მაყურებელ ხელისუფლებას, რომელიც შესაძლოა კმაყოფილიც არის, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა თემებზე გადადის. ახლა იმაზე დაიწყეს მსჯელობა, რაღაც ფილმი უნდა ნახოს თუ არა ხალხმა.­ გაჭირვება, ქვეყნის დაცლა და ხელისუფლების სხვა მარცხი ამით გადაიფარება...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

 

 

“ივანიშვილმა წელიწადნახევრის წინ თქვა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება, ვინაიდან ქვეყნისთვის სერიოზული ხიფათები დაინახა. ამის შემდეგ ნახევარი წელი იყო გასული, როდესაც გვითხრა, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი ხიფათის წინაშე დადგა და შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში ხელი შეეშალოს, ამიტომ მიშველეთ, თორემ დაიქცა ქვეყანაო - ანუ მეორედ მოსვლიდან 6 თვის თავზე პოზიტიური შედეგის ნაცვლად, კატასტროფული შედეგი მიიღო და ერთი წლის წინანდელი განცხადებების გაკეთება დასჭირდა. შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და მივიღეთ ახალი პრობლემები, დაკავშირებული ხან ანაკლიის და ხან პანკისის საკითხებთან. ამას მოჰყვა პრემიერის წასვლა, რომელმაც თქვა, განვითარების ჩარჩო დავტოვეო... იყო ასევე 20 ივნისის კრიზისი, ლარის კურსის დაცემა, სასამართლოს სკანდალი და “ოცნებიდან” წევრების წასვლა. ამ ყველაფერში რამე არის პოზიტიური და ვერ ვამჩნევთ?” - დასძენს დავით უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტს შეწყალების საკითხზე სათათბიროს შექმნას სთხოვს. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თავისი დანაშაულის ჩაფარცხვას ცდილობს?” - პასუხობს:

 

 

“ჩვენ პრეზიდენტად გვჭირდება სიკეთით და შორსმჭვრეტელობით გამორჩეული­ ადამიანი. პრეზიდენტი არ უნდა ჩამოლაბორანტდეს იქამდე, ჯერ კრიტერიუმები დადგენილი არ არის, ამიტომ ვერავის შევიწყალებ და როცა იქნება, გეტყვითო, ხოლო ისინი, ვინც შევიწყალე და რატომ, არ გეტყვითო...”

 

 

წაკითხვა 473 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.