April 26, 2024

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციამ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ვერ გამოიყენა

“ოპოზიციამ ვერ შეძლო იმ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობის გამოყენება, რომელიც მმართველი პარტიის მიერ დაპირების გადათქმისა და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ მიიღო - ოპოზიციამ თავისი ბრძოლა წააგო მაშინ, როდესაც მან დესტრუქციული სცენარით მუშაობა დაიწყო, იმიტომ, რომ დღეს საზოგადოებაში რევოლუციის მხარდამჭერი განწყობები არაა, ხოლო ოპოზიციის მცდელობებში - “ნაციონალური მოძრაობის” ავანგარდს ვგულისხმობ -აშკარად რევოლუციური სცენარი იკითხებოდა, რომელიც მათ არ გამოუვიდათ. ეს სცენარი პოლიტიკისგან შორს მდგომი ნებისმიერი ადამიანისთვის ადვილად წასაკითხი იყო. მათ ვერ მოახერხეს იმ კრიტიკული მასის შეკრება, რომელიც მათი გეგმის განსახორციელებლად საჭირო იქნებოდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ოპოზიციამ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ვერ გამოიყენა - ანჯაფარიძე.

 

 

“გარდა ამისა, აშკარად ჩანდა, რომ მათ მკაფიოდ გაწერილი გეგმა არ ჰქონდათ და ძალიან სპონტანურად მოქმედებდნენ, რაც ეტყობოდა კიდეც მათ აქციებს. ამ ოპოზიციურ კოალიციაში, როგორც ჩანს, ერთიანობა არაა იმ საკითზე, თუ რამდენად რადილკალური უნდა იყოს აქციები და ამ რადიკალიზმში რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ. ამ მხრივ რამდენიმე პარტია გაემიჯნათ, თუნდაც იგივე “ლელო”, დავით უსუფაშვილის “შენების მოძრაობა”. აქედან გამომდინარე, ყველა აშკარად ხედავს, რომ ეს ფაქტიურად “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს აქციაა” და მათი მხარდაჭერაც ძალიან კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ პარტიებთან. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციაზე საპროტესტო პერფორმანსებს აწყობენ, მეეჭვება, რომ საერთოდ წარმოდგენა ჰქონდეთ რა განსხვავებაა პროპორციულ, მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებს შორის. მათ ეს დავალებული აქვთ და აჟღერებენ, თორემ ჩვენთან ახალგაზრდობას გაცილებით უფრო მწვავე საკითხები უნდა აწუხებდეს, ვიდრე პროპორციული საარჩევნო სისტემაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

“ოპოზიციას მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა შესაძლოა მაშინ ჰქონდა, როდესაც პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე გაცემული დაპირება არ შესრულდა. ეს შესაძლოა მას გარკვეულ უპირატესობას აძლევდა, მაგრამ მას შემდეგ ეს ყველაფერი რაშიც გადაიზარდა, ვფიქრობ, რომ მათ ეს მორალური უპირატესობაც დაკარგეს, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე. მაგალითად, ოპოზიციის ლიდერების სააკაშვილთან ვიზიტით, პარლამენტის პიკეტირებით, მათზე მომუშავე ტელევიზიების ფეიკნიუსებით და ა.შ.”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

 

 

“ვფიქრობ, რომ ამ ამბებს გაგრძელება ექნება მანამ, სანამ ოპოზიციას ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსები ეყოფა. ისინი ხელისუფლებაზე წერტილოვან დარტყმებს გააგრძელებენ, შემდეგ სიტუაციას დააკვირდებიან და თუ ნახეს, რომ ამ აქციებს დასავლეთიდან მხარდაჭერა შეუმცირდათ და აქციებზე სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მოვა, ალბათ მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ამ აქციებმა თავისი თავი ამოწურა და მოქმედების სხვა მეთოდებს მოიფიქრებენ. ან თუ ხელისუფლებამ მძიმე შეცდომა დაუშვა, შესაძლოა ამან პირიქით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა რაოდენობა გაზარდოს. ასე რომ, ეს ერთგვარი ნერვების და ინტელექტის თამაშია, როგორც ერთი ისე მეორეს მხრიდან და ვინც პირველი დაუშვებს მძიმე შეცდომას, ის გამოვა წაგებული” - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

წაკითხვა 707 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.