April 26, 2024

რუსეთის მცდელობები დაიბრუნოს ბალკანური სამყარო უშედეგოა

ბალკანეთი ყოველთვის წარმოადგენდა რუსეთის განსაკუთრებული ინტერესის საგანს.

 

რუსეთი ბალკანურ ერებზე გავლენის მოხდენას და ამ რეგიონში პოზიტიური იმიჯის შექმნას სხვადასხვა დროს,  სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა. რეგიონის გარკვეულ ნაწილში, რუსეთს დღემდე „უფროს ძმად“ მოიაზრებენ, მაგრამ ეს მითიც ნელ-ნელა ქრება, რადგან უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი „მეგობარი“ ქვეყნების შიდა საქმეებში უხეშად ჩარევასარ ერიდება.

 

 

ბალკანეთში გავლენების შესანარჩუნებლად რუსეთი რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს. რეგიონის სლავურ ქვეყნებში (ბულგარეთი, სერბეთი, ჩრდ. მაკედონია, მონტენეგრო) რუსეთი  პანსლავიზმის – დიდი სლავური სამყაროს იდეას ავითარებს (რასაც ასევე აქტიურად იყენებს აღმოსავლეთ ევროპის სლავურ ქვეყნებში). შეიძლება ითქვას, რომ კრემლი ამ ქვეყნებს რუსული სამყაროს (Русский мир) ნაწილად მიიჩნევს.

 

 

რუსეთის ინტერესების გატარების მეორე მნიშვნელოვანი ხაზი რელიგიაზე გადის. მართლმადიდებლური სამყაროს (Православный мир) იდეა კრემლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოდგენს, მით უმეტეს, რომ  ბალკანეთის იმ ქვეყნებში, რომლებშიც მოსახლეობის უმრავლესობა არაა მართლმდიდებელი ქრისტიანი (ხორვატია, ალბანეთი) რუსული გავლენა სუსტია.

 

 

ამ ორი იდეის აქტუალიზაციისთვის, კრემლი დეზინფორმაციისა და სახელმწიფო პროპაგანდის მანქანას იყენებს. ბალკანური ქვეყნების დიდ ნაწილში ფუნქციონირებს პრო-რუსული სატელვიზიო არხები, საინფორმაციო სააგენტოები და ბეჭდური გამოცემები. ამ მიმართულებით რუსეთი საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავს. ბოლო დროს ამ ყველაფერს დაემატა განსაკუთრებით შესამჩნევი  რუსული „ჯაშუშური თამაშებიც“.

 

 

ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში ბულგარეთი მოექცა, რომელმაც 2020 წლის იანვრის მიწურულს ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა. ბულგარეთმა დიმიტრი იაროშენკოსა და ალექსანდრ ხვატოვს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) აგენტობაში დასდო ბრალი.

 

 

ანალოგიური გადაწყვეტილება სოფიამ 2019 წლის ოქტომბერშიც მიიღო, როდესაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ( ГРУ)  აგენტობის ბრალდებით ქვეყნიდან ვლადიმირ რუსაევი გააძევა. ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობით ბრალდებით  ყოფილი ბულგარელი დეპუტატი და ამჟამად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი მალინოვი დააპატიმრეს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა რუსეთისა და მისი აგენტურის წინააღმდეგ აქტიური ქმედებებისგან, თუმცა ბოლო პერიოდში შიდა საქმეებში კრემლის უხეშმა ჩარევამ ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახადა ეს ნაბიჯები გადაედგა.

 

 

2018 წელს, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო,  ბულგარეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა. თუმცა სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ამოტივტივდა 2015 აპრილში მომხდარი შემთხვევა, როდესაც ბულგარელი იარაღის მწარმოებელი ემილიან გებრევი გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლეს. ის რამდენიმე წელი კომაში იმყოფებოდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ გებრევი სკრიპალების მსგავსად „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა „მტკიცებულებების არარსებობის გამო“ მალევე შეწყვიტა. ეს მაშინ თითქმის არავის გაკვირვებია, რადგან იმდროინდელი გენერალური პროკურორი სოტირ ცაცაროვი, რუს კოლეგა იური ჩაიკასთან ახლო ურთიერთობას არასოდეს მალავდა.

 

 

ბულგარეთი არაა ერთადერთი ბალკანური სახელმწიფო, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი ჯაშუშურ ომს აწარმოებს. რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეთახმებისთვის, რომელიც ამ უკანასკნელის ოფიციალური სახელწოდების განსაზღვრას ისახავდა მიზნად. საკითხი ორ სახელმწიფოს შორის წლების მანძილზე დავის საგანი იყო და ჩრდ. მაკედონიის ნატოში გაწევრიანების გზაზე პრაქტიკულად ერთადერთ დაბრკოლებას წარმოდგენდა. საბოლოოდ რუსეთმა მიზნის მიღწევა ვერ შეძლო. ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმებას 2018  წლის 17 ივნისს მოეწერა ხელი და ჩრდ. მაკედონია ალიანსის 30-ე წევრი გახდება. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე კვირაში საბერძნეთმა მისი ჩაშლის მცდელობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე თვით ადრე პრემიერმა ალექსის ციპრასმა სკრიპალების სკანდალის გამო ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.

 

 

2016 წელს რუსეთი სერბი ულტრანაციონალისტების დახმარებით მონტენეგროს არჩევნებში უხეშ ჩარევას ცდილობდა, გეგმის ჩაშლის შემთხვევაში კი ქვეყნის მთავრობის დამხობას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ლიკვიდაციის გზით. გეგმის ჩაშლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოპერაციას რუსეთის მოქალაქეები – გრუ-ს აგენტები ედუარდ შიროკოვი და ვლადიმირ პოპოვი (ნამდვილი სახელი ვლადიმირ მოისეევი) ხელმძღვანელობდნენ. მონტენეგროს სასამართლომ ორივე მათგანი დაუსწრებლად გაასამართლა.

 

 

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ პოპოვი 2014 წელს ბულგარეთში საქმიანობდა. არსებობს მოსაზრება, რომ ემილიან გებრევის მოწამვლა სწორედ მისი დაგეგმილია.

 

 

რუსეთი ჯაშუშურ ომს ბალკანეთში მისი ყველაზე დიდი და ტრადიციული მოკავშირის-სერბეთის წინააღმდეგაც აწარმოებს. 2019 წლის ნოემბერში, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვუჩიჩმა ღიად გაილაშქრა რუსეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელიც საიდუმლო ინფორმაციის მიღების მიზნით გადამდგარი სერბი ოფიცრის მოსყიდვას ცდილობდა. სერბეთი, როგორც რუსეთის ტრადიციული მოკავშირე, როგორც წესი თავს იკავებს მოსკოვის წინააღმდეგ ნებისმიერი დემარშისგან. ამაში მნიშვნელოვან როლს  კოსოვოს საკითხზე მოსკოვის მხარდაჭერაც ასრულებს, თუმცა აღნიშნულ საკითზე ბელგრადი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან რუსი დიპლომატისა და სერბი ოფიცრის შეხვედრის ჩანაწერი Youtube-ზე გამოქვეყნდა და სერბული საზოგადოების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.

 

 

ბალკანეთის ქვეყნები არ არიან გამონაკლისი იმ პირობებში, როცა რუსეთი ჯაშუშების მეშვეობით მთელს მსოფლიოში ერევა სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში. როგორც ვხედავთ, ის მსგავსი მეთოდების გამოყენებას არც მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ ერიდება. ბუნებრივია, კრემლი ამ ტაქტიკით მოქმედებას მომავალშიც გააგრძელებს, თუმცა მოსალოდნელია ისიც, რომ ბალკანური სახელმწიფოები კრემლის მავნე ზეგავლენისგან თავის დასაცავად ძალისხმევას კიდევ უფრო გააქტიურებენ.

 

 

https://gisp.ge/

წაკითხვა 460 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 14 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.