April 26, 2024

“ამ არჩევნებით დავითვლით, რამდენი იყურება დასავლეთისკენ და რამდენი რუსეთისკენ...” - თინა ხიდაშელი

“ვარდების რევოლუციის” შემდგომ პირველად გვეძლევა შესაძლებლობა ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე გადავიყვანოთ და კოალიციური მმართველობის შესაძლებლობა შევქმნათ, ამას კი მრავალპარტიული არჩევნები სჭირდება.

ასე რომ, მნიშვნელოვანი საკითხების გამო აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება - ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუ ამას მივაღწევთ, ხვალ-ზეგ ბრძოლა მოგვიწევს იმისთვის, რომ ის ინიციატივები საარჩევნო კანონმდებლობაშიც აისახოს”, - აცხადებს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ უნდათ, მეგის ქარდავაც მიიღონ თავიანთ რიგებში...”

 

“არ ვთვლი ვანო მერაბიშვილს ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად, რომ მისი რომელიმე ბანაკში ყოფნა მაღელვებდეს. ვისაც ის რეიტინგის ასაწევად სჭირდება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. მეტიც, თუ უნდათ, მეგის ქარდავაც მიიღონ თავიანთ რიგებში. არც წარმატებას ვუსურვებ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში და არც მისი გულშემატკივარი ვიქნები; მით უფრო, ვანო მერაბიშვილის შესახებ არა მაქვს დადებითი აზრი... არც უგულავას და ოქრუაშვილის პიროვნული და პოლიტიკური პრინციპების ცვლილება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი - ყველას არჩევანი ინდივიდუალურია. საკუთარ თავზე კი ზუსტად შემიძლია იმის თქმა, რომ გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილზე აზრი ოდესმე შემეცვალოს. ეს არც მაშინ მომხდარა, როდესაც ივანიშვილის ოპოზიციაში აღმოვჩნდი. ვინმეს ოპოზიციაში წასვლა არ გულისხმობს, რომ მოწინააღმდეგეს უნდა დაუმეგობრდე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

 

“ამერიკელი სენატორების კრიტიკა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები ეს ის უკიდურესი შემთხვევაა, როდესაც სხვა აღარაფერი მოქმედებს ხელისუფლებაზე და პერიოდულად ასე, შემოლაწუნებით მოჰყავთ აზრზე. სამწუხაროა, რომ ეს გარე ძალების გარეშე ვერ ხერხდება. ძალიან ცუდია, რომ 2020 წელს საქართველოს ეუბნებიან, პოლიტიკური პატიმრები გყავთო. ასეთ რამეებს რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ, ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო გადაიწევს. თუმცა ხელისუფლებამ უნიათო, დაუფიქრებელი და წინდაუხედავი ნაბიჯებით როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ, ფაქტობრივად, შეცდომების უწყვეტი ჯაჭვი გააბა და სხვა შანსი არ დაუტოვა როგორც ქართველ საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც ამდენ ხანს პოლიტიკური განცხადებებისგან თავს იკავებდნენ. თუმცა, რადგან ხელისუფლებას დასჩემდა ასეთი გაუგონარი კანონზომიერებები, რაც თურმე ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს, როგორც თავად ამბობენ, “გოიმებს”, არ გვესმის, ამიტომ მჭახედ ეუბნებიან, რურუა არის პოლიტპატიმარი და უნდა გამოუშვათო. როგორც უნდა შეეცადონ, ხელისუფლება ამას ინტერპრეტაციას ვეღარ გაუკეთებს. არადა, ეს ძალიან სამწუხაროა”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - ”რა შეიძლება მოჰყვეს “ქართული ოცნების” ამგვარ ურჩობას?”, - პასუხობს:

 

“ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, რომ თურმე ამერიკელი სენატორების განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტს ზღუდავს, სრული სიბრიყვეა. ასეთი რამ ხდება მხოლოდ უცხო ქვეყნის ძალების იძულებითი ღონისძიებების, სხვა სახელმწიფოს მიერ ჯარის შემოყვანის, ასევე, კიბერთავდასხმის, მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ოპერაციების ჩატარების შემთხვევაში... ვფიქრობ, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლის დასავლეთისკენ მაყურებელი ნაწილი სრულად გაემიჯნა “ქართულ ოცნებას” და მათი გულის მობრუნების შანსი ივანიშვილს არა აქვს. ამასთან, ეს არჩევნები წარმოაჩენს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დასავლეთისკენ არ იყურება და იჯერებს “ოცნების” ნარატივს, რომ სენატორების განცხადება “ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლინებაა”. შესაბამისად, ამ არჩევნებით დავითვლით, რამდენი იყურება დასავლეთისკენ და რამდენი რუსეთისკენ".

წაკითხვა 768 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.