April 26, 2024

გახარიას ერთსაათიანი მოხსენება - როგორ აპირებს ქვეყნის აღდგენას და რა ფორმით გაგრძელდება კორონავირუსთან ბრძოლა

“პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლა საათისა და ოცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

მისი მოხსენება თავიდან ბოლომდე ეხებოდა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მოქმედებებს და კორონავირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. შემდეგ კი ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. გახარიამ როგორც დეპუტატებს, ასევე საზოგადოებას აცნობა, როგორ და როფორმით გაგრძელდება პანდემიასთან ბრძოლა. მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები შეაფასა. გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ერთდროულად რამდენიმე ასეული ინფიცირებულის ეფექტურად მართვა შეუძლია. პრემიერის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია როგრც საზოგადოების ინფექციისგან გადასარჩენად, ასევე ეკონომიკის ეფექტური გახსნისათვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახარიას ერთსაათიანი მოხსენება - როგორ აპირებს ქვეყნის აღდგენას და რა ფორმით გაგრძელდება კორონავირუსთან ბრძოლა.

 

“ჯანდაცვის სისტემა ჩვენ რომ შევადაროთ როგორ მდგომარეობაში იყო მაშინ, იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა და როგორ მდგომარეობაში არის დღეს - ეს არის ცა და დედამიწა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ იმისთვისაც, როგორ ეფექტურად ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის გახსნას. საბოლოო ჯამში, გლობალური კონკურენცია სწორად ამ სივრცეში განვითარდება, ეკონომიკურ სივრცეში და გამარჯვებულები პანდემიასთან ბრძოლაში იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ როგორც ჯანმრთელობის დაცვას თავიანთი მოქალაქეების, ასევე ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ ჩვენთვის უკიდურესი მნიშვნელობა აქვს როგორ იფუნქციონირებს ჯანდაცვის სისტემა”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ის ამბობს, რომ საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ან ეჭვქვეშ იყო და არ მიეღო სტაციონარული მკურნალობა. გიორგი გახარიას თქმით, სწორედ ეს გახდა იმის საწინდარი, რომ ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების ასეთი დაბალი მაჩვენებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“პრემიერმა ასევე ეკონომიკის გახსნის შემდეგ, მასთან ადაპტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ თუკი გახსნას არ მოჰყვა კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, ქვეყნისთვის რისკის შემცველი იქნება. “გახსნა ყველაფრის შეიძლება ერთ დღეში, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის... თუ გახსნას არ მოჰყვება კონტროლის შესაბამისი მექანიზმები ეს არის უაღრესად რისკის შემცველი ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. და აქ პასუხისმგელობა არის ყველასი კიდევ უფრო დიდი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავრობის, ჩვენი მოქალაქეების, პარლამენტის, ბიზნესის და ა.შ.” - აღნიშნა პრემიერმა, რომლის თქმით, როდესაც ქვეყანა ამბობს, რომ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, აქ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ასევე, ლაბორატორიული ქსელების მზაობა. არავინ არ იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ეს არის სწორედ ყველაზე დიდი გამოწვევა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებაში არის მძაფრი შეგრძნება - რა იქნება ხვალ და ამ გლობალური პანდემიის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს არათუ რამე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზებიც. გახარია აცხადებს, რომ ქვეყანას კრიზისის გამოყენება შეუძლია როგორც შესაძლებლობა იმაზე უფრო განვითარებული გამოვიდეს კრიზისიდან ვიდრე პანდემიამდე იყო. ის მიიჩნევს, რომ ეფექტური სახელმწიფოები სწორედ მსგავსი გამოწვევებს დროს ყალიბდებიან, რამდენად ერთიანად და ეფექტურად შეძლებენ, რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ეს კრიზისი ეკონომიკისთვისაც და მოქალაქისთვისაც იყო უაღრესად მოულოდნელი. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, კომპანიას, ოპოზიციას მათ შორის, შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. რეალურად, ამისთვის ყველაფერია მზად, ჩვენ შეგვიძლია, რომ ის მეთოდები, მენეჯმენტი, სწრაფი ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, გავაძლიეროთ ჩვენი ლაბორატორიების ქსელი... ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გლობალურ კონკურენციაში, როდესაც გაჩნდება ვაქცინა, როდესაც მსოფლიო იქნება უკვე სხვა, როდესაც ყველა დაითვლის, აბა, ვინ რა შედეგებით გამოვიდა ამ კრიზისიდან, საქართველო საშუალო განვითარების იმ დონიდან, რომელიც იყო როდესაც შევედით კრიზისში, რამდენიმე საფეხურით ვიყოთ უფრო წინ. ეს ჩვენი შესაძლებლობა არ არის მხოლოდ, ეს არის ჩვენი ვალდებულება”, - თქვა გახარიამ, რომლის საბოლოო სიტყვით “ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, არანაირი აზრი არ ექნება, გარკვეული დროის შემდგომ ადამიანები შეაფასებენ რა გააკეთა საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში, შეაფასებენ საქართველოს, არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგოს არც პოლიციელს და არც მინისტრს, შეაფასებენ ქვეყანას”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“პრემიერის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციამ დასვა კითხვები, მათი თქმით ვერ მოისმინეს ბევრ მნიშვნელოვან თემაზე პასუხი და ამას არც შემდეგში ელოდებიან. მთავრობის წარმომადგენლები კი პრემიერის პასუხებამდე ოპოზიციის კრიტიკაზე საუბრობენ. გიორგი ვოლსკი ოპონენტების ზოგიერთ შეკითხვას საინტერესოს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ბევრი “უზნეო გამოხტომაც” დაფიქსირდა. “როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც ბევრი საინტერესო შეკითხვა იყო. თუმცა, ამავდროულად სამწუხაროდ, ყოვლად უზნეო გამოხტომაც დაფიქსირდა. ეს კი არის იმ ინფორმაციის გადაფარვისთვის, რაც ჩვენ მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზისას, სადაც იმ საშინელ დანაშაულებებზეა საუბარი, რაზეც სახელმწიფო ვალდებულია გარკვეული კომპენსაციები გადაიხადოს. ეს არის პოლიტიკური ძალა, ვისი სიმბოლოც გახდა ის ყავარჯნიანი კაცი თუ როგორ აუპატიურებს ადამიანს... ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ორი თემა - შემოდგომისთვის როგორ ვემზადებით და მეორე - სიღარიბის პრობლემა, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ექნება დაზუსტებები პრემიერს”, - ამბობს გიორგი ვოლსკი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინათინ ბოკუჩავას შეფასებით კი მთავრობის მეთაურის პარლამენტში გამოსვლა და მისი სიტყვები მოულოდნელი არ ყოფილა და პრემიერი დღეს კიდევ ერთხელ შეეცადა პოლიტიკური ქულების დაწერას”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერი ცდილობს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს იმ შრომის ხარჯზე, რომელიც ჩვენმა ექიმებმა გასწიეს და ასევე იმ უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ადამიანებმა, რომელთა გამოც გვაქვს ეპიდემიოლოგიურად ეს შედეგი. ჩვენი ძირითადი კითხვები იყო ეკონომიკაზე, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, მათ შორის, გაზრდილია სიღარიბის მაჩვენებელი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში - ბავშვებში და პენსიონერებში. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ვკითხეთ და მართლა მაინტერესებს რა პასუხს გაგვცემს ამაზე - 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე ერთი თეთრის დახმარება არ მიუღია საქართველოს არც ერთ მოქალაქეს. ეს გამოიწვია მათმა უუნარობამ და იმან, რომ ასეთი გამოწვევის დროსაც კი, საკუთარი ჯიბის გასქელებით იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, კომპანია “ჯიბეს”, რომელიც მართლაც პირდაპირი გაგებით ჯიბის გასქელებას ემსახურებოდა, მონოპოლია ჰქონდა აგროპროდუქტების გამოტანაზე. მაშინ, როდესაც 100 000-ობით ადამიანი გაჩერებული ეკონომიკის გამო სახლში იყო გამოკეტილი და შიმშილს ებრძოდა, მათ ისევ და ისევ საკუთარი ბიზნესის გამდიდრებისთვის გამოიყენეს”, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ, რომლის თქმით “რეალურად არანაირი გეგმა არ აქვთ იმისათვის, რომ სიღარიბე დაამარცხონ და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა დღეს გიორგი გახარიამ...” - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 418 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.