April 26, 2024

რუსეთის პირველი მადლობა საქართველოს ბოლო 14 წლის განმავლობაში - მოულოდნელი მინიშნებები მოსკოვიდან

“რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად უხდის მადლობას საქართველოს ხელისუფლებას - ასეთი რამ არ მომხდარა 2006 წლის შემდეგ, როდესაც ცნობილი ჯაშუშთა სკანდალის გამო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა.

თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს ერთის მხრივ, რბილი ძალის გამოყენების კლასიკური შემთხვევაა და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მესიჯი, რომელიც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მოსკოვში მზად არიან თბილისთან საკვანძო საკითხებზე კონსულტაციის დასაწყებად. თავისი მოულოდნელი “მადლობა” კრემლმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას პირით გააჟღერა. მან თავის ტრადიციულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოს ცალკე პუნქტი დაუთმო და ვრცლად ისაუბრა საქართველო-რუსეთის თანამშრომლობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. კერძოდ, საუბარია ნიგერიაში ჩარჩენილ რუს მესაზღვრეებზე, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაც სწორედ საქართველოს დახმარებით მოხერხდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთის პირველი მადლობა საქართველოს ბოლო 14 წლის განმავლობაში - მოულოდნელი მინიშნებები მოსკოვიდან.

 

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომელზეც განსაკუთრებული სიხარულით ვისაუბრებ. მინდა მოგითხროთ საქართველოსთან ეფექტური თანამშრომლობის შესახებ, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქეები სახლებში დაბრუნდნენ. მადლობას ვუხდით საქართველოს სპეცრეისით რუსეთის სამი მოქალაქის - ვ. კრეიცუსის, დ. სივოხინისა და ო. ორდინის ნიგერიიდან ჩამოყვანისთვის. მათი კონტრაქტები ამოიწურა, ხოლო რუსეთსა და ნიგერიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა შეწყვეტილი იყო”, - განაცხადა ზახაროვამ. მისივე ცნობით, ქართული მხარის ჩარევის შედეგად, რუსი მეზღვაურები ნიგერიიდან სპეცრეისით საქართველოში ჩაფრინდნენ, სადაც მათ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები დახვდნენ და ზემო ლარსში რუსეთის საზღვრამდე მიაცილეს. “გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ მადლობა ვუთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციასა და თბილისში შვეიცარიის საელჩოს, რომლებიც ათანხმებდნენ და წყვეტდნენ იმ მრავალრიცხოვან პრობლემებს, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციასთან იყო დაკავშირებული”, - თქვა ზახაროვამ, რომლის აზრით, “მნიშნელოვანია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული რთული ურთიერთობის მიუხედავად, ასეთი ჰუმანიტარული ურთიერთქმედება შესაძლებელი გახდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სწორი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საერთო გასაჭირო გვაქვს. კარგი იქნებოდა, თუ შემდეგ შემთხვევას არ დაველოდებოდით და ამ გამოცდილებას ყოველდღიურად გამოვიყენებდით. ვიმედოვნებთ, რომ დადებითი გამოცდილება მოთხოვნადი იქნება გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგაც”, - დასძინა ბრიფინგზე მარია ზახაროვამ. საქართველოს პარლამენტში ამის საპასუხოდ ზახაროვას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შეახსენეს და განაცხადეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის რაიმე ახალი ფორმატი არ განიხილება. “ოკუპანტი ოკუპანტად რჩება და შესაბამისად, ფორმატი არსებობს ის, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. სხვა ფორმატები არ განიხილება. ოკუპანტი რჩება ოკუპანტად და ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეაქციები. ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის ფორმები განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად”, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ კონკრეტული მიზეზისა და ქვეტექსტის გარეშე ზახაროვა კომენტარს არ გააკეთებდა, თუმცა ჯერჯერობით ბოლომდე გასაგები არაა, რა მიზნები ამოძრავებს მოსკოვს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ზახაროვას ასეთი ჟესტი საქართველოს მიმართ, ჩემი აზრით, შემთხვევითი არაა. ეს რბილი ძალის კლასიკური ინსტრუმენტია. ზახაროვა გამორჩეული ფიგურა და კრემლის რუპორია პესკოვთან ერთად. ცოტა ხნის წინ პუტინმა იგი დააწინაურა - ზახაროვა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა და პუტინმა სახელმწიფო ჯილდოც გადასცა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დაწინაურების შემდეგ ეს ზახაროვას პირველი ოფიციალური განცხადება იყო, გამოვრიცხავდი რაიმე შემთხვევითობას”, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. მისივე აზრით, ეს განცხადება შესაძლო საქართველოს წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს, რადგან რუსეთს ამ მიმართულებით თავისი კონკრეტული ინტერესები აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, რომ შეცვალოს მიდგომები და გააძლიეროს თავისი გავლენები, მათ შორის, საინფორმაციო, კულტურული, ჰუმანიტარული და შეიძლება პოლიტიკური კუთხითაც. თან ეს იმ ყველაფრის ფონზე ხდება, როდესაც საქართველოში დაგეგმილია ყველაზე მნიშვნელოვანი და, მე თუ მკითხავთ, ისტორიული საპარლამენტო არჩევნები. სიტუაცია იმდენად აჭრელებული და აზელილია, რომ აქ ვერ გაარკვევ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება შედარებით “მღვრიე წყალში” თავისი გავლენები გაზარდოს. ზახაროვას განცხადებაში შეიძლება იყოს გარკვეული სიგნალი აქ მოქმედი პრორუსული თუ პროევრაზიული ძალებისათვის, შეიძლება ეს იყოს მესიჯი საქართველოს ხელისუფლებისათვის იმის შესახებ, რომ მზად არიან განიხილონ თანამშრომლობის ნებისმიერი ფორმა და ა.შ. როგორც ჩანს, რუსეთში განიხილება იმის ვარიანტები, თუ როგორ შეიძლება საქართველოსთან კონსენსუსის მიღწევა. რუსეთიდან წამოვიდა სასიგნალო დიპლომატიის მესიჯი, რაც გულისხმობს შეფარული წინადადების გაგზავნას სხვა ფორმების გამოყენებით - ზახაროვამ ეს განახორციელა და აღნიშნული მოქმედება შემთხვევითი არ იქნება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

წაკითხვა 563 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 15 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.