April 27, 2024

საკმარისია თუ არა ახალი საარჩევნო სისტემა?

ახალი საარჩევნო სისტემის ამსახველი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით „ქართული ოცნება“ სრულად შესრულებულად თვლის ოპოზიციასთან 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას.

 

თუმცა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მხოლოდ ახალი საარჩევნო სისტემა არ განსაზღვრავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ის განაგრძობს ბრძოლას მართლმსაჯულების პოლიტიზების წინააღმდეგ და კვლავაც ითხოვს გიორგი რურუას გათავისუფლებას. უქმნის თუ არა ეს პროცესები პრობლემას 2020 წლის არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებას?

 

29 ივნისს დაგვირგვინდა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს შეთანხმებული ახალი საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციაში აისახა. 29 ივნისს ისტორიული დღე უწოდა ბევრმა, რადგან ახალი საარჩევნო სისტემით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებისკენ და მრავალი თაობის პოლიტიკური დავის დასრულებისკენ.

 

ყველა აღიარებს, რომ ფასილიტატორების, მათ შორის - აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების გარეშე უბრალოდ არაფერი გამოვიდოდა.

„გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში“, - ვკითხულობთ ელჩების მიერ 29 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც ასევე წუხილია გამოხატული არასათანადოდ ფართო მხარდაჭერის გამო - „8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში]“.

 

ფასილიტატორი ელჩების მიერ 29 ივნისს გამოქვეყნებული განცხადება კვლავაც იმეორებს მათ მიერ მანამდეც არაერთგზის ხაზგასმულ მოცემულობას, რომ - 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცებით არ შემოიფარგლება, ის სრულად უნდა შესრულდეს და კვლავაც ყურადღების ცენტრში რჩება მართლმსაჯულების პოლიტიზების საკითხი.

 

განცხადებაში ვკითხულობთ:

„8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში“.

„ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში“.

ფასილიტატორი ელჩების პოზიცია ბევრისთვის კონკრეტულად და მკაფიოდ იქნა გამოხატული აპრილშიც, როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 14 აპრილს ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის განცხადებები.

 

ამერიკის საელჩო აცხადებდა, რომ:

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას;

8 მარტის ერთობლივი განცხადება სამართალწარმოების მიუკერძოებლობის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ისახავდა მიზნად;

ხელმომწერმა მხარეებმა სრულად უნდა დაიცვან 8 მარტის შეთანხმების შინაარსი და სულისკვეთება.

8 მარტის შეთანხმებას ახსენებდა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც - „ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით“.

 

4-თვიანი დავა: იყო თუ არა დაპირება


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების გარშემო დავა 8 მარტის შემდეგ, თითქმის უკვე 4 თვეა მიმდინარეობს. ხელისუფლება აცხადებდა და აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის არ მიუცია არც წერილობითი და არც ზეპირი დაპირება პოლიტიკური ნიშნით დევნილი კონკრეტული პირების გათავისუფლების შესახებ.

 

ხოლო 8 მარტის შეხვედრის მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და ცალკეული პოლიტიკოსები იმთავითვე დარწმუნებით აცხადებდნენ და იმავე აზრზე რჩებიან, რომ ხელისუფლებისგან მიიღეს ზეპირი დაპირება ოთხი პირის გათავისუფლების შესახებ. ესენი არიან: გიგი უგულავა - „ევროპული საქართველო“, ირაკლი ოქრუაშვილი - „გამარჯვებული საქართველო“, ბესიკ თამლიანი - 20 ივნისის მოვლენების გამო მსჯავრდებული და გიორგი რურუა - „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ხსენებული პირებიდან სამი უკვე თავისუფალია: თამლიანი - გირაოს წესით, უგულავა და ოქრუაშვილი - პრეზიდენტის შეწყალების აქტით. მოვლენების ამგვარი განვითარება ბევრმა სწორედ ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირების ბუნებაში არსებობისა და შესრულების დასტურად აღიქვა.

თუმცა ამ დრომდე საპატიმროში რჩება გიორგი რურუა, რომელსაც პოლიტპატიმარი არაერთხელ უწოდეს საქართველოს მეგობრებმა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამ ფაქტის გამო არ დაუჭირეს მხარი 29 ივნისს ახალ საარჩევნო სისტემას „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.


საპასუხოდ კი, ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებს გიორგი რურუას ძველ, მართლმსაჯულების მიერ დაუმტკიცებელ დანაშაულებზე დაუწყო ლაპარაკი და ამ ჭრილში მისი გათავისუფლების მომთხოვნი პარტიებიც „კრიმინალებად“ მონათლა.

„ქართულმა ოცნებამ“ წერტილი დასვა


როგორც კი ახალი საარჩევნო სისტემა დამტკიცდა, „ქართულმა ოცნებამ“ წერტილი დაუსვა 8 მარტის შეთანხმებას, თქვა - რომ სრულად შესრულდა და თითი ისევ ოპოზიციისკენ გაიშვირა. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის არმიცემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ არათუ მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით შეირცხვინეს თავი.

 

„დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული - რადიკალური დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა“, - ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი;

 

„დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, იყო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“... მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა - „ქართული ოცნება“ და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა - მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს... მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ითვალისწინებდა ამ პირობას, რომ ყველა მხარეს უნდა დაეჭირა მხარი საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის... შეთანხმება შესრულებულია ჩვენი მხრიდან და საქართველოს მიერ“ - არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი;

 

„მათ უკვე საერთაშორისო დონეზე მოიჭრეს თავი იმ შეთანხმებიდან გასვლით, რომელიც მდგომარეობდა 8 მარტის შეთანხმებაში - რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა და მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა, მათ პოლიტიკურ ლიდერად გაიხადეს რა ვინმე რურუა, მათ თავი მოიჭრეს საერთაშორისო დონეზე და ამით ფარდა აეხადა მათ ე.წ. პროდასავლურობას“ - ანრი ოხანაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.

 

29 ივნისს ახალ საარჩევნო სისტემას, სხვებთან ერთად, მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

 

თუმცა როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება დღის წესრიგიდან არავითარ შემთხვევაში არ ხსნის მართლმსაჯულების დეპოლიტიზების მოთხოვნას და მნიშვნელობა არა აქვს, გიორგი რურუაზე იქნება ლაპარაკი თუ სხვაზე.

 

„რაც შეეხება პოლიტიზებასა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას... ეს თემა არ მოიხსნება დღის წესრიგიდან. რა მნიშვნელობა აქვს სახელსა და გვარს, ვისი გვარი ისმის ყველაზე ხშირად“; ​


„როდესაც ქვეყანაში ვთანხმდებით ყველა - როგორც შიგნით, ასევე გარეთ - მმართველი პარტიის გარდა, რომ არა გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და მოხდა პოლიტიკური გარიგება ხელისუფლებასა და სასამართლო შტოს შორის, ასეთ პირობებში ბევრი სხვა გვარი გაჩნდება“;


„პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე კითხვები არ დასრულდება, ვიდრე სასამართლოში ეს კლანური მმართველობა არ დასრულდება“.


გამოსავალს ოპოზიცია მომავალ არჩევნებში ხედავს, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ასეთ პირობებში მომავალი არჩევნებისთვის მშვიდი და სტაბილური გარემოს შექმნა მოხერხდეს.

 

ოპოზიციის მოთხოვნა არ იცვლება


ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწევს გიორგი რურუას გამოშვება და პოლიტიკური ანგარიშსწორების შეწყვეტა. ხოლო თუკი ბოლომდე არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება, მათი თქმით - ვერ მოხდება პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

 

 

„ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცება კარგი შედეგია... ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომ მიეღოთ (საკონსტიტუციო ცვლილებები) და ეს კარგია... მაგრამ ამით არ ამოწურულა საქართველოს წინაშე ამ ფაზაში მდგომი გამოწვევა - 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს მთლიანად და ეს გულისხმობს დარჩენილი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას“ - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“.

 

„კონსენსუსით მიღებული საარჩევნო ცვლილებები იქნებოდა არჩევნების უფრო მშვიდად და უფრო სანდო ატმოსფეროში ჩატარების გარანტია. როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პატიმრით შედის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კვლავ ჩაფიქრებული აქვს გააგრძელოს პოლიტიკური დევნა, გამოიყენოს ძალადობა, თავისი ფინანსური თუ ადმინისტრაციული რესურსები, ანუ ის, რაც გვინახია დღემდე“ - რომან გოცირიძე, „ნაციონალური მოძრაობა“.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იდეალურ შემთხვევაში, დიდხანს ნანატრ მოვლენას - საარჩევნო სისტემის უკეთესობისკენ შეცვლას უფრო ფართო მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა; მაგრამ ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ „ქართული ოცნების“ თამაშში, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და 8 მარტის შეთანხმება სრულად არის შესრულებული.

 

დაპირისპირება გერმანიის ელჩთან


ბოლო დღეებში ოპოზიციისა და საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა გერმანიის ელჩი, ჰუბერტ კნირში 26 ივნისს გაკეთებული განცხადების გამო, რომ - 8 მარტის შეთანხმების ტექსტებში გიორგი რურუას სახელი და გვარი ნახსენები არ იყო.

8 მარტს ხელმოწერილ 2-ნაწილიან შეთანხმებაში გვარები მართლაც არ არის ნახსენები, თუმცა ოპოზიციამ ელჩს სიზუსტე დაუწუნა.

„არაზუსტი ინფორმაცია თქვა იმიტომ, რომ, დიახ, კონკრეტული სახელი და გვარები არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმებაში, მაგრამ ზეპირი შეთანხმებით ყველამ იცოდა, რა საკითხებს შეეხებოდა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა.

ელჩი ოპოზიციის ნაწილმა შედარებით რბილად გააკრიტიკა და მის სვლას დიპლომატიური შეცდომა თუ გამოცდილების ნაკლებობა უწოდა. თუმცა სიხისტით გამოირჩეოდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი. მან ჰუბერტ კნირში ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაში დაადანაშაულა და გერმანიის მთავრობას მისი გაწვევა მოსთხოვა.

მიმდინარე კვირაში გერმანიის ელჩს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციაც გაუნაწყენდა.

 

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 385 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 01 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.