April 26, 2024

“საფრთხეების შეფასების განახლებული დოკუმენტი უსაფრთხოების საბჭომ დღემდე ვერ შეიმუშავა” - ლევან ბოძაშვილი

“მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა, პროპაგანდისტული მითი, რომ რუსეთთან ურთიერთობის `დალაგებით' საქართველოს ეშველება, კვლავაც ბევრია.

ეს ე.წ. ყალბ საინფორმაციო მასალებშიც აისახება. აქ მთავარია შემდეგი განმსაზღვრელი ფაქტორი - არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარების ბერკეტი მხოლოდ დასავლურ ინსტიტუციებს აქვთ - ეუთოს, ევროკავშირსა და აშშ-ს. ამიტომ ოპოზიციური ძალების ნაწილი ცდილობს პრორუსულობის იარლიყი ხელისუფლებას მიაკეროს, რაც შეიძლება დამაჯერებელი სწორედ დასავლეთისთვის იყოს. მეორე მხრივ, ბოლო წლის განმავლობაში ხელისუფლების ნაბიჯებმა ასეთი არაერთი ეჭვის საფუძველი გააჩინა”, - აცხადებს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ლევან ბოძაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რომელ პოლიტიკურ ძალებს დაეყრდნობა კრემლი საქართველოში?! / “უსაფრთხოების საბჭომ დღემდე ვერ შეიმუშავა საფრთხეების შეფასების განახლებული დოკუმენტი”.

 

“თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიცაა - რა ფაქტორებს აქვთ გავლენა ანტიდასავლური განწყობის ზრდაზე? უპირველესად იმ პოლიტიკური პარტიების ნეგატიურ აღქმადობას საზოგადოების თვალში, რომლებიც, ერთი მხრივ, ულტრაპროდასავლურ ძალად წარმოაჩენენ საკუთარ თავს, დასავლეთისთვის მუდმივად “ჩვენი ბიჭის” როლის მტკიცებაში არიან და ამავე დროს სწორედ ანტიდასავლურ პროპაგანდას უწყობენ ხელს. ზოგიერთი პარტიის მიერ საკუთარი თავის შეთავაზება იმდენად ინტენსიურია, რომ ეროვნული სუვერენიტეტის ფარგლებსაც ივიწყებენ. ბუნებრივია, ამას ხედავს მოსახლეობა და ანტაგონიზმიც უჩნდება. ამიტომ უნდათ თუ არა, პარტიები ირიბად სწორედ ანტიდასავლურ განწყობას აღვივებენ. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა. ისინი ცდილობენ ამომრჩევლის კონცენტრაცია პარტიების პოლიტიკური შესაძლებლობებიდან ორიენტაციაზე გადაიტანონ. ეს ამომრჩევლის მოტყუებაა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებზე სათანადოდ ვერ რეაგირებს, მუდმივად თავს იმართლებს და იმისთვის, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ეს ბრალდებები არ დაიჯერონ, ცდილობს “რომის პაპზე უფრო კათოლიკე” გამოჩნდეს. საშინაო პოლიტიკა საგარეო პოლიტიკისა და ფაქტორების უფრო დიდი მძევალი ხდება, რის გამოც საქართველოს მოქალაქეს სრულფასოვანი არჩევნის საშუალება ეზღუდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბოძაშვილი.

 

“პირობითად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა სტაბილურად 70%-ია. თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ამდენივე უჭერს მხარს, მაგალითად, “ნაცმოძრაობას” ან “ევროპულ საქართველოს”. აი, სწორედ აქ ცდება ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, თუმცა სხვა გამოსავალი არც აქვთ, ვინაიდან პროდასავლურობის ხაზგასმის გარეშე ბევრს არაფერს წარმოადგენენ საარჩევნო წონის თვალსაზრისით. ასეთ ვითარებაში ამომრჩეველმა სიმართლე უნდა იპოვოს მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური არჩევნით. ის, ვინც ცდილობს ეს განწყობა შეცვალოს და გამოიყენოს, ის ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობს და რეალურად პოლიტიკური სოციოპათია, რომელიც დიდად არ დაგიდევს ამომრჩევლისა და სახელმწიფოს მდგომარეობას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“პრობლემა ის არის, რომ ამომრჩეველი ინტერნეტ და ციფრული მედიის ეპოქაში დაუცველია მანიპულაციებისგან. ფეიკნიუსების გამავრცელებელიც ამ დაუცველობით სარგებლობს. თუმცა ეს დიდწილად ამომრჩევლის ბრალიცაა, რადგან სიღრმისეულად და კრიტიკულად არ უყურებს ბევრ რამეს. ამის კარგი მაგალითია ე.წ. 5G-ის საკითხი. ცოტა მეტი დაინტერესებითა და ლოგიკითაც შესაძლებელია ადამიანმა დაინახოს, რომ ეს ტექნოლოგიები კორონავირუსთან კავშირში არ არის. მაგალითად, სომხეთში, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, 5G არ ამოქმედებულა. დასავლეთმა ჩინურ “ჰუავეის” დაუბლოკა 5G-ის დაყენების შესაძლებლობა. ხალხს ჰგონია, დასავლეთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ 5G მავნებელია, სინამდვილეში კი “ჰუავეი” ჩინეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობს. უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ამ ამბავს, როგორც ბევრ სხვას, ნეგატიური განწყობის დასანერგად იყენებს. ამ პროპაგანდის მიზანი მხოლოდ ანტიდასავლური მიზნები კი არა, ხელისუფლების წნეხში მოქცევა და დასუსტებაა”, - განმარტავს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი.

 

“ძალიან მომრავლდნენ პრორუსული განწყობის პარტიები და ინდივიდები. ისინი, ვინც ხან პირდაპირ, ხანაც ირიბად ცდილობენ ათასგვარი სიყალბის გავრცელებით, განსაკუთრებით ღირებულებებზე დარტყმითა და ამ საკითხის მანიპულირებით, გააღვივონ ანტიდასავლური განწყობა, რუსული სპეცსამსახურის დასაყრდენი ძალები არიან. ეს ის ძალებია, რომლებიც ქუჩაში მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც ვინმე ულტრალიბერალური ტენდენციების მატარებელი ფილმის ჩვენებას აპირებს, და ამით სწორედ ასეთი განწყობის გაღვივებას უწყობენ ხელს. ქმნიან მითებს და მეორე უკიდურესი პროპაგანდის მესვეურებს სწორედ იმ წისქვილზე უსხამენ წყალს, რომელსაც სწორედ ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება სურს. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ორი ტიპის დასაყრდენი - დასავლური ღირებულებებით შენიღბული საზოგადოებრივი ჯგუფები და ეროვნული ფასეულობებით შენიღბული მეხუთე კოლონისტური ჯგუფები. საბოლოოდ, ორივე ერთ ამოცანას ემსახურება - ანტიდასავლური განწყობის ზრდას. ამას რუსული სპეცსამსახურების ენაზე “აქტიური მოქმედებების ტაქტიკა” ჰქვია და ეს ბოლო წლის განმავლობაში არაერთხელ დავინახეთ. რუსეთი კარგა ხანია ცდილობს განწყობის ფორმირების გზით არჩევნებამდე განსაზღვროს არჩევნების ბედი”, - დაასკვნის ლევან ბოძაშვილი.

 

“ამ ყველაფრის გამკლავებას ადეკვატური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება სჭირდება. უსაფრთხოების საბჭომ დღემდე ვერ შეიმუშავა საფრთხეების შეფასების განახლებული დოკუმენტი. დასავლური დახმარება მოსახლეობამდე არ მიდის, ის მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს ისმენს. შესაბამისად, ესეც მოქმედებს მის განწყობაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება თავს არიდებს საფრთხეების იდენტიფიცირებას, დოქტრინალიზაციას და მათ დასახელებას მთავარ დოკუმენტებში”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თავის არიდების მიზეზი რა უნდა იყოს?” - პასუხობს:

 

“ძალიან კარგი, ეს შეკითხვა რომ დასვით, მაგრამ ვერ გიპასუხებთ. მე მაქვს ჩემი ვერსიები, თუმცა ამაზე საუბარი დასაბუთების გარეშე ბრალდებად ჩამეთვლება. ახლა მხოლოდ ამას ვიტყვი - გვიპასუხონ, 2018 წლის შემდეგ უსაფრთხოების საბჭომ რატომ ვერ განაახლა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი?"

 

“არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად უფრო გახშირდება ფეიკნიუსები, განსაკუთრებით სექტემბერში, ოქტომბერში კი უფრო ინტენსიური გახდება. ამას სჭირდება არა მარტო პოლიტიკური ფეიკნიუსების წინააღმდეგ, არამედ განწყობითი პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაც. მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ფეიკნიუსებთან გამკლავების ერთეული, რაც კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში ტექნოლოგიები ძალიან დაგვეხმარება. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები დღეს ფართოდ გამოიყენება ფეიკნიუსების დასადგენად და გავრცელების ხელის შეშლისთვის. ვნახოთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება”, - დასძენს ბოძაშვილი.

წაკითხვა 455 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.