რატომ დაიწყეს რუსებმა გადაჯგუფება სამხრეთში და რამდენი “ჰაიმარსი” სჭირდება უკრაინას ომში გარდატეხის მოსახდენად

“რუსებმა თავისი ძალების უკრაინის სამხრეთისკენ გადასროლა დაიწყეს, სადაც უკრაინელებმა ცოტა ხნის წინ კონტრშეტევა დაანონსეს.

სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევის მხრიდან კონტრშეტევის ღიად გამოცხადება უცნაური იყო და მახეს ჰგავდა. შესაბამისად, ეს, დიდი ალბათობით, შესაძლოა საოკუპაციო ძალებს გააზრებულიც ჰქონდეთ და ამიტომ აღმოსავლეთ ფრონტსაც არ შეეშვებიან და შეეცდებიან, რომ სამხრეთის მიმართულებაზე კონტრშეტევა უკრაინელებს დაასწრონ. ამის პარალელურად, “სი-ენ-ბი-სი”-მ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ თეთრმა სახლმა ყველა შეზღუდვა გააუქმა, რომელიც უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და 300 კმ-ზე მოქმედი ტაქტიკური რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას ეხებოდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამერიკელები ხვდებიან, რომ არსებული პოლიტიკით, რომელიც მათ აქამდე ჰქონდათ, ომი სწრაფად ვერ დამთავრდება. ამიტომაც უკრაინისათვის უკვე ყველა იარაღის მიწოდებაზე არიან თანახმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ დაიწყეს რუსებმა გადაჯგუფება სამხრეთში და რამდენი “ჰაიმარსი” სჭირდება უკრაინას ომში გარდატეხის მოსახდენად.

 

“ამის პარალელურად, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით თურქეთისა და გაეროს ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებაც ამოქმედდა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კვირას უკრაინის პორტებიდან ხორბლით დატვირთული კიდევ ოთხი გემი გავიდა, რომელთა ბორტზეც თითქმის 170 000 ტონა მარცვლეულია განთავსებული. უახლოეს მომავალში კი იგეგმება, რომ პორტებმა თვეში მინიმუმ 100 გემის გაყვანა შეძლონ. გემები იტალიის, ჩინეთისა და თურქეთის პორტებში იგზავნება…როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რუსების სამხრეთით გადაჯგუფება უკრაინის მიერ დაანონსებული კონტრშეტევის გამო ხდება. ეს შესაძლოა უკრაინელების მხრიდან მახე იყოს, რაც რუსებს გააზრებული ექნებათ, თუმცა თავის უპირატესობაში დარწმუნებული არიან. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს,რომ სამხრეთის მიმართულებით რუსების გააქტიურება ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ უკრაინელებს კონტრშერევა დაასწრონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“იმ ფონზე, რომ უკრაინელებს კონტრშეტევა ჰქონდათ დაანონსებული, როგორც ჩანს რუსები პრევენციული დარტყმის განხორციელებას ცილობენ. ანუ ისინი ცდილობენ შეტევაზე მანამ გადავიდნენ, სანამ უკრაინელები რამეს მოახერხებენ. მაგრამ უკრაინელებს კონტრშეტევა იმდენად ნათლად და ღიად ჰქონდათ დაანონსებული, რომ ეს შესაძლებელია რუსული შეტევის ერთგვარი პროვოცირება იყოს. უკრაინელთა მხრიდან ასე ღიად კონტრშეტევაზე საუბარი ძალიან უცნაური იყო და მათ შესაძლოა რაიმე სხვა გეგმა ჰქონდათ მომზადებული. ამასთანავე, რუსებს ოდესის მიმართულების გაჭრაზე ხელი რა თქმა უნდა არ აუღიათ და შესაბამისად, რუსების მხრიდან შესაძლოა გააზრებულიც იყოს, რომ ისინი უკრაინულ მახეში ებმებიან. მაგრამ ამასთანავე ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინელებთან შედარებით იმდენად დიდი უპირატესობა აქვთ, რომ წარმატებას მიაღწევენ, რაც ერთობ საეჭვოა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

 

“რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ფითარებას, რუსებს ორი ძირითადი მიმართულება აქვთ - დონეცკის და ხერსონის. მაგრამ ეს ორი მიმართულება დიდი ხანი აქვთ, უბრალოდ ჯარები გადასროლა-გადმოსროლა და გამაგრება მას შემდეგ მოუწიათ, რაც ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის ბაზის ძალიან დიდი ნაწილები დაკარგეს და შევსება სჭირდებოდათ, იძულებულები გახდნენ ახლა ძალები ნელ-ნელა შეევსოთ და ამისთვის დრო დასჭირდათ, თორემ მათ სამხრეთის მიმართულებაზე უარი არასდოს არ უთქვამთ… დასავლეთი უკვე ყველა იარაღის მიწოდებაზეა თანახმა, რადგან, რაც დრო გადის, ომი იწელება და ამერიკელებიც ხვდებიან, რომ არსებული პოლიტიკა, რომელიც მათ აქამდე ჰქონდათ, ომს სწრაფად ვერ დაამთავრებს. ომის შედარებით სწრაფად დამთავრებისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემა და ახალი სტრატეგიის შემუშავება აუცილებელია. ეს კარგი სიგნალია. 5-6 დღის განმავლობაში ტენდენციამ აჩვენა, რომ უკრაინელები სრულად მზად არიან იმისათვის, რომ არა მხოლოდ ქვეყანა დაიცვან, არამედ დასავლური შეიარაღება ძალიან ეფექტურად გამოიყენონ. დასავლეთის მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, რომ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით არ მოხდეს აღნიშნული ტექნიკით შეტევა, უკრაინელები პრაქტიკულად ასრულებენ”, - მიიჩნევს ჯიპას პროფესორი.

 

“უკრაინისათვის შორსმსროლელი შეიარაღებისა და რაკეტების დამატებითი რაოდენობის გადაცემის შედეგად უკრაინული შეტევა ძალიან დაცული იქნება. ეს ნიშნავს, რომ მტრის ზურგში უკვე ნებისმიერ სიღრმეში მისწვდება, მათ შორის როგორც კი დამატებითი რუსული ტექნიკა საზღვართან გადმოვა, ამას უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტა მოხვდება, რაც რუსეთის შემტევ პოტენციალს პრაქტიკულად გაანადურებს. რუსების მიზანია შეტევის სიღრმის მოპოვებაა, რომ ზურგი დაიცვან. მაგრამ ამ ზურგის დაცვა შეუძლებელი გახდება, როგორც კი უკრაინელებს შორსმსროლელი რაკეტები ექნებათ, რომლებიც ამ ზურგსაც პრაქტიკულად დაუცველს გახდის”, - დაასკვნის კობერიძე.

 

“რუსები სამხრეთის მიმართულებით იმიტომ აქტიურდებიან, რომ უკრაინელებს დაასწრონ და ნიკოლაევი-ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა განავითარონ. როგორც რუსული მედია ამბობს, რუსულმა ძალებმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული სოფელი დაიკავეს, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ქალაქ ნიკოლაევს 27 კილომეტრზე მიუახლოვდენ. აქ რუსების კონცენტრაცია იმითაა განპირობებული, რომ უკრაინელებმა ათიათასიანი დაჯგუფება განათავსეს და კონტრშეტევაზე გადასვლას აპირებენ, რათა დონეცკის ოლქის მიმართულებით რუსული შეტევები შეასუსტონ. ახლა იქ პოზიციური ბრძოლები მიდის, რუსებმა უკრაინული ე.წ. მარენჰეიმის ხაზი ჯერ კიდევ ვერ გაარღვიეს - ესაა ბახმუტი, სოლედარისა და ავდეევკას ფრონტის თავდაცვის ზღუდე. რუსები ნიკოლაევის მიმართულებითაც გააქტიურდნენ. სამხრეთის მიმართულებაზე ველოდები, რომ რუსები კონტრშეტევას განახორციელებენ, ყოველ შემთხვევაში ისინი ამას შეეცდებიან. თუმცა, რამდენად გამოუვათ და წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე პოზიციური ბრძოლები მიდის და არცერთ მხარეს მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“თუ უკრაინას დასავლური შეიარაღების კომპლექსების კრიტიკული რაოდენობა არ მიეწოდა, რომლებიც სიტუაციას მართლაც ფუნდამენტურად შეცვლიან, ასეთ ეპიზოდურ მიწოდებას აზრი არ აქვს. ეს გინდა 80 კილომეტრის რადიუსში მოქმედი არტილერია იყოს იყოს და გინდა 300. ტაქტიკურ დონეზე რაღაცეებს კი შეცვლის, მაგრამ სტრატეგიულად ვერა, რადგან რუსებმა კონტრსაბატარეო შენაერთები შექმნეს, რომლებიც “ჰაიმარსებზე” ნადირობენ, ამტკიცებენ, რომ დაახლოებით 3-4 “ჰაიმარსი” გაანადგურეს, თუმცა ამას უკრაინა უარყოფს. თუ მინიმუმ 60-80 ერთეული არ იქნება, მანამდე ისეთ გარდატეხას ვერ შექმნიან. კი, ეფექტურობა აჩვენა, მაგრამ ამასაც გონივრული საზღვარი აქვს. მაგალითად, ომის პირველ ეტაპზე “ბაირაქტარიც” ეფექტური იყო, მერე რუსებმა მისი ჩამოგდება უკვე ისწავლეს და ჩვეულებრივ იარაღაც გადაიქცა”, - დასძენს მაისაია.

წაკითხვა 283 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.