May 10, 2024

"ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, მტკიცებულებები არის გაყალბებული "

არანაირი ნდობა არ გამაჩნია, რომ აღსრულდება მართლმსაჯულება, პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს, – განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ, რომლის ბრალდების საქმეზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

„მე და ჩემი მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებას. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მტკიცებულებები არის გაყალბებული და ჩვენებები მიღებულია შურისძიების, შანტაჟისა და წამების გამოყენებით.

 

არანაირი ნდობა არ გამაჩნია, რომ აქ აღსრულდება მართლმსაჯულება და დადგება ობიექტური განაჩენი. მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს“, – განაცხადა პროცესზე მეგის ქარდავამ.

 

მეგის ქარდავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მას ბრალი წარდგენილი აქვს ციხეში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით. დღევანდელი პროცესი სწორედ ამ ეპიზოდს ეხება. საუბარია ელდარ ქობალიას, მერაბ ყოლბაიასა და კობა მატკავას წამების საქმეზე.

 

ბრალდების მხარის ცნობით, 2011 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მაშინდელმა მოადგილე მეგის ქარდავამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძესთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილედ დასახელების მოთხოვნით აწამა ტერორისტული აქტის მომზადებისა და ჩადენის ბრალდებით დაპატიმრებული ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია, კერძოდ, რამოდენიმე საათის განმავლობაში სცემდა მათ, აწამებდა ხელკეტებისა და ელექტროშოკის გამოყენებით.

 

მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს განხორციელდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, ექვს საქმეზე კი, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

მეგის ქარდავას მიმართ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის ნავთლუღის სპეცოპერაციის, „ციხის ბუნტის“, სერგო თეთრაძის, ე.წ. კასრების საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი.

წაკითხვა 286 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.