"შეთანხმების მიღება პრეზიდენტის კომპეტენცია იყო - გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა" - ზურაბ ნოღაიდელი

თბილისის სასქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა აღნიშნა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.

„როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს საკითხი ჩემი თანდასწრებით, იქ დაისვა საკითხი, თუ იყო შანსი, დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელზეც იყო მუდმივად საუბარი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ (მალხაზ მიქელაძემ) თქვა, რომ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა. კომისიის თავმჯდომარის პოზიცია იყო ძალიან მკაფიო. ჩვენი ამოცანა გახდა მონასტერი შენარჩუნებულიყო, როგორც ქართული მონასტერი... უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მართავდა და გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა”, - განმარტა ნოღაიდელმა.

კითხვაზე, 2006 წელს ბევრი მონაკვეთი შეთანხმდა საქართველოს საწინააღმდეგოდ, ეს ფაქტი თუ იყო მისთვის ცნობილი, ყოფილმა პრემიერმა უპასუხა: „მხოლოდ დაკითხვის დროს გავიგე, რომ ეს შეთანხმება ყოფილა. ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე არ ვიხილავდი, ამ საკითხის შეთანხმება ჩემთან საჭირო არ იყო, ეს კონსტიტუციურად იყო პრეზიდენტის კომპეტენცია", - განაცხადა ნოღაიდელმა.

ადვოკატის კითხვაზე, საქართველოს რა რუკები ჰქონდა აზერბაიჯანთან წარდგენილი, თუ დაინტერესებულა, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ - არა.

„ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის, დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩებაო", - განაცხადა ნოღაიდელმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდაა, თუმცა მოგვიანებით ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მელაშვილი და ილიჩოვა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

წაკითხვა 146 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.