"მე გადავრჩი და ახლა ვეღარ გამაჩუმებთ" - რატომ გაათავისუფლა "იმედის" დირექტორმა პროდიუსერი მაია სტეფნაძე
პროდიუსერი მაია სტეფნაძე ამბობს, რომ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის გამო ტელეკომპანია "იმედიდან" გაათავისუფლეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტი სტეფნაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"ტელეკომპანია "იმედის" დირექტორს, გიორგი კალანდარიშვილს და ამ ხელისუფლებას მაგრად არ გაუმართლა, რომ მე ზუგდიდელი ქალბატონის, ია კერზაიასავით გული არ გამისკდა. მე გადავრჩი და ეხლა ვეღარ გამაჩუმებთ! თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ "ფეისბუქზე" დადებული პოსტის გამო, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შეფასების გამო, იმის გამო, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ!! თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!!
თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხარით, ისე რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის თავიც კი არ შეიწუხეთ!ამბავი კი მდგომარეობს შემდეგში: მას მერე რაც "ფეისბუქზე" პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა "იმედის" დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო...
ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე. "იმედის" ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ მე სანიმუშოდ დაგესაჯეთ, რომ ამ ხელისუფლების უტიფრად გამპრავებელი ტელევიზიის ვერც ერთმა რიგითმა პატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნალისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს...არ გამოგივათ!!! გარეთ 21-ე საუკუნეა!!! ქართველი ხალხი ყველაფერს იტანს... ოღონდ დროებით... სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა. მე კარგად ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა არ იქნება მარტივი, რომ წინ მაქვს ათასგვარი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ტალღა, მაგრამ ამ ბრძოლას ვიწყებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შევქმნა პრეცენდენტი, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითი თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მე მინდა, რომ სხვებს მივცე მაგალითი. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში, რაც არ უნდა ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდე, ეს გაგიბედოს ვინმემ და მითუმეტეს გაუვიდეს," - წერს სტეფნაძე, რომელიც "იმედში" გადაცემის "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად" პროდიუსერი იყო.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"