"მესმის ხალხის, ვინც პროდუქტებს იმარაგებს - ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ.."
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დაფიქსირების გამო, საქართველოში აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, ასევე უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.
როგორც სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დააგვიანა.
მისი ვარაუდით, კორონავირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება, არამედ შესაძლოა, ეკონომიკაც დააზარალოს.
„მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა ძალიან შეშფოთებულია, მათ შორის მათი, ვინც პროდუქტებს იმარაგებს, იმიტომ, რომ ხალხი სისტემას არ ენდობა. ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი დაცული არიან. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად, 2008 წელს. ომის ცხელი ფაზის დროსაც კი, მიახლოებითაც არ ხდებოდა ასეთი რამ, რადგან მაშინ ნდობა იყო და ახლა არ არის. ნდობა რომ არ არის, ამას თავისი მიზეზები აქვს. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ვაი ხელისუფლებამ საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დაიგვიანა. როდესაც გაჩნდა ვირუსის შემთხვევები პრაქტიკულად ჩვენს მეზობელ ირანში, რომელთანაც აქტიური მიმოსვლა გვაქვს, საზღვარი მხოლოდ მას შემდეგ დახურეს, რაც არაერთი საერთაშორისო რეკომენდაცია მოვიდა. ეს უკვე დაგვიანებული იყო. უნდა ჩაეკეტათ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლის მეშვეობითაც შემოდიოდა ხალხი ირანიდან. ახლა უკვე მისაღებია შემდგომი ზომები.
ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები, იმიტომ, რომ ეს ვირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება, არამედ ძალიან ემუქრება ეკონომიკას. პრაქტიკულად, ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ქვეყნის ბიუჯეტს. რაც უფრო მეტი ზომა იქნება მიღებული, მით უფრო ნაკლებ ზიანს მივიღებთ ყველაფერ ამისგან და კიდევ ერთი, ლუგარის ლაბორატორია რომ არის, ეს არის მართლაც სასწაული, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლოში ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია. ივანიშვილის ხელისუფლება დღემდე მასამართლებს მათ შორის იმისთვის, რომ ჩემი მეგობარი რიჩარდ ლუგარი საქართველოში მივიღეთ და გავუმასპინძლდით. აი, ასე გადააყოლა ამ კაცმა თავის პირად ბოღმას ქვეყნის ინტერესები. ამიტომ, როცა ხალხი მას არ ენდობა, გასაგებია, მაგრამ ახლა მაინც უნდა ვაიძულოთ ისინი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ზომები მიიღონ“,-განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
