კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე - ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“

დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

 

„ქართველმა მეცნიერებმა დაახლოებით 30-40 წლის წინ დაიწყეს მუშაობა „ნამახვანჰესზე“. ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც არის დაწყებული, აბსოლუტურად გაუგებარია. მინდა გავმიჯნო გულწრფელად ჩართული მოქალაქეეები ამ პროცესში და მეორე მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგიც - უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები. ჩვენ უკვე გავზარდეთ იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი, ყოველ წელს იზრდება მოხმარებაც და შესაბამისად, იმპორტიც იზრდება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ, ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ჰესების, მათ შორის, დიდი, მცირე და მიკროჰესების მშენებლობა. იმ მოქალაქეებისთვის მინდა განვმარტო, ვინც გულწრფელად წუხს იმიტომ, რომ ზოგს ინფორმაცია არ აქვს და მეტი კომუნიკაციაა საჭირო. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ეკონომიკისა მინისტრს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავავალე, ისინი ადგილზე ჩავიდნენ და ნახეს, ყველას შეხვდნენ და დაიწყეს საუბარი. ასევე, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე. ის, რომ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ. ასევე, შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი, დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი, ასევე რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ხუთ მილიონიანი ფონდი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის თქმით, უნდა შეწყდეს ანტისახელმწიროებრივი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის მეზობელ სახელმწიფოებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას.

 

„მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ 30 მილიონი უკვე დახარჯული აქვს კომპანიას კომპენსაციებში. გარდა ამისა, კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს „ნამახვანჰესში. დამისახელეთ კომპანია, რომელიც კრიზისის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით და ვაფერთხებთ სამუშაოებს. ასევე საუბარი იყო რამდენიმე წლით ტერიტორიების იჯარით გადაცემაზე, ეს მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი, ანტისახელმწიროებრივი და ისეთი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას, უნდა შეწყდეს.

 

ახლა საპროტესტო ტალღები დაიწყეს მცირე და მიკრო ჰესებზეც. რეალურად ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას, ეს უნდა შეჩერდეს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული რესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ.

 

„ვინაიდან ჩვენ ვართ პატარა და ღარიბი ქვეყანა, ის რესურსი რაც გვაქვს, მაქსიმალურად რაციონალურად და გონივრულად უნდა იყოს ათვისებული. ჩვენ ოქროს შუალედს ყოველთვის ვიპოვით და ინვესტორებთან და სახელმწფოსთან ერთად ამ პროექტებს განვახორციელებთ. მთავრობაში უკვე დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ დიდ ჰესებში სასურველია სახელმწიფოც ჩაერთოს. ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები სახელმწიფოს ჩართულობით და მონაწილეობთ, მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას, ეკონომიკის განვითარებას სწრაფი ტემპებით, მეტ დასაქმებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 619 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.