“აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
ოკუპირებულ აფხაზეთში 2023 წლის ივლისში მოკლეს გალის მკვიდრი, 28 წლის ნათია ბახტაძე. ახალგაზრდა ქალის მკვლელობა რამდენიმე დღეში აღიარა 26 წლის ოჩამჩირელმა აინარ წვიჟბამ და მხოლოდ ორი წლისა და ორი თვის შემდეგ გადაწყვიტა დე ფაქტო გენპროკურატურამ წვიჟბას წინააღმდეგ სს საქმე განსახილველად გაეგზავნა ე.წ. გალის რაიონულ სასამართლოში.
როდის დაიწყება სასამართლო განხილვა, უცნობია, თუმცა აფხაზეთში არც ერთ ქართველს არა აქვს მოლოდინი, რომ დამნაშავე დაისჯება, რადგან წვიჟბა გავლენიანი და შეძლებული აფხაზური ოჯახის წევრია, ხოლო ქართველების სიცოცხლეს, გალელების თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩალის ფასი აქვს. ნათია ბახტაძის მკვლელობის საქმე დე ფაქტო გენპროკურატურამ ოქტომბერში გაიხსენა. განცხადებაში მითითებულია, რომ ბრალდებულის მიმართ ადრე განიხილებოდა “სავალდებულო სამედიცინო ზომების” გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა “პროკურატურა” ახლა თვლის, რომ “მისი ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალურია და მას შეუძლია გამოძიებისა და სასამართლო პროცესის წინაშე წარდგეს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”.
“ადრე სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავის გავლენიანმა ნათესავებმა წვიჟბას გაუგზავნეს ყალბი სამედიცინო ცნობა, თითქოს ის ფსიქიკურად აშლილი იყო, რათა სასამართლოსთვის აერიდებინათ. ამ წლების განმავლობაში ნათია ბახტაძის დედა მუდმივად ითხოვდა დამნაშავის დასჯას - რამდენჯერმე წერილიც მისწერა დე ფაქტო პრეზიდენტს, დე ფაქტო შსს-სა და აფხაზ ომბუდსმენს. ნათია ბახტაძე გალის საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. ის 2023 წლის 28 ივლისს გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების შესახებ 31 ივლისს დედამ, იამზე აგუმავამ, სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავდა, ერთადერთი შვილის მოძებნაში დახმარებოდა. 2 აგვისტოს დააკავეს ეჭვმიტანილი 26 წლის აინარ წვიჟბა. მან აღიარა, რომ გოგონა მოკლა 28 ივლისს “ლექსუსის” მარკის ავტომობილის სალონში, შემდეგ კი ცხედარი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესი-3-ის ტერიტორიაზე და გამოძიებას დანაშაულის ადგილიც აჩვენა. აფხაზი მაშველები ცხედარს რამდენიმე დღე ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ... ითქვა, რომ წვიჟბამ ნათია ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ნათია მოსწონდა, მაგრამ უარის მიღების შემდეგ მუდმივად ემუქრებოდა. წვიჟბას მამა წლების განმავლობაში გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, ოჯახს რამდენიმე ბიზნესიც ჰქონდა, ბიძამისი კი “დეპუტატი” იყო. დე ფაქტო პროკურატურამ სს საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა, რაც 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ წვიჟბა დღესაც არ არის დაკავებული”, - აღნიშნავს გამოცემა.
“2023 წელს აფხაზებმა სამი ქართველი მოკლეს. ერთ-ერთი იყო ჩემი მეზობელი, ჯემო მარღანია, რომელიც აპრილში, გაგრაში მოკლეს. ჯემო გაგრაში ტაქსაობდა. ერთმა ნაცნობმა აფხაზმა სთხოვა, ალახაძში უნდა მიხვიდე, რაღაცას გამოგატანენო. მისცა მისამართი და გაგზავნა ისე, რომ ჯემომ არც იცოდა, ვისთან მიდიოდა და რა უნდა წამოეღო. როგორც გაირკვა, ორ აფხაზს შორის ფულზე დავა იყო, ჯემო კი შუაში აღმოჩნდა. ჯემოს ნაცნობს მანქანა გაუყიდია და 200.000 რუბლი (დაახლოებით 6.700 ლარი) უნდა გადაეხადა მყიდველს, რომელიც ჯერ უარს ამბობდა ვალის გადახდაზე, დიდი ჩარევების შემდეგ კი უთქვამს, რომ დათქმულ დღეს ფულს ძველი მეფრინველეობის ფაბრიკასთან მიიტანდა. ჯემოს ნაცნობს შეშინებია წასვლა და ჯემო გაუშვია, ოღონდ არ უთქვამს, რომ ფული უნდა წამოეღო. როგორც კი ჯემო მანქანიდან გადავიდა, ავტომატით ჩაცხრილეს - 14 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ცხედარი მეფრინველეობის მიტოვებულ ფაბრიკასთან, სამშენებლო ნაგავსაყრელზე იპოვეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გალის რაიონის სოფელი წარჩეს მცხოვრები გიორგი.
“დააკავეს დავით ახიბა, რომელიც განთიადში (წანდრიფში) რუსეთთან საზღვარზე ოფიცრად მუშაობდა. ახიბა დანაშაულს არ აღიარებს. ჯემოს ოჯახის თქმით, ახიბა არ არის მკვლელი, მკვლელია ვიღაც სმირი, გავლენიანი ოჯახის წევრი. სასამართლოში დაკავებულის მამაც ამტკიცებდა, რომ ავტომატი, რომელიც საქმის მასალებში ფიგურირებს, მისია, ომისდროინდელი, წლებია არავის გაუსვრია და უბრალოდ სახლში ჰქონდა შენახული. ამ საქმეზე 2025 წლის ივლისში, მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ, ახიბას 14 წელი მიუსაჯეს განზრახ დამამძიმებელი გარემოებებით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ აფხაზეთში არავის სჯერა, რომ ის 14 წელს ციხეში გაატარებს - ერთი-ორი წლის შემდეგ აუცილებლად გამოუშვებენ. აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველის მკვლელობისთვის ვინმეს სასჯელი მოეხადოს. აფხაზეთი პატარაა, ყველა აფხაზს ჰყავს გავლენიანი ნათესავი რომელიმე მმართველ რგოლში და არავინ ისჯება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მეორე მკვლელობა იყო ზაფხულში - ნათია ბახტაძის, მესამე კი დეკემბერში. აფხაზმა მილიციონერებმა ცემით მოკლეს თემურ კარბაია. ეს გახმაურებული მკვლელობა იყო, მაგრამ იმ ორ მილიციონერს მხოლოდ 50.000 რუბლის ჯარიმა გადაახდევინეს და გაუშვეს. თემური მეზობლის სახლიდან მოდიოდა, ცოტა ნასვამი იყო და აფხაზ მილიციონერებს გადაეყარა. ისინი ხშირად ატარებენ რეიდებს ქართულ სოფლებში. რეალურად ფულის გამოძალვის მიზნით შემოდიან... ჩანს, აფხაზებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, თემურმაც უპასუხა. სცემეს, განყოფილებაში წაიყვანეს და იქაც სცემეს. შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ გარდაიცვალა... მხოლოდ მკვლელობები ხდება ცნობილი, თორემ ქართველების შევიწროება და დაუნდობლად ცემა აფხაზეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. ქართველმა ქართულად რომ იმღეროს ან ხმამაღლა ჩართოს ქართული სიმღერა, აფხაზები ჩხუბს იწყებენ. ზოგჯერ ქართულად ლაპარაკზეც კი შეიძლება აგიშარდნენ. გასულ წელს სომეხმა გოგომ ქართულად იცეკვა და ჯერ ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, შემდეგ ვიდეოებში ბოდიში მოახდევინეს მასაც, მის მშობლებსა და ბებია-ბაბუასაც კი. თუ ვინმე ქართველი არ მოეწონებათ, აპრობირებული მეთოდი აქვთ იარაღს უდებენ სახლში და იარაღის შენახვის ბრალდებით იჭერენ”, - დასძენს წარჩეს მცხოვრები გიორგი.
“როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების უფლებების დარღვევაზეა საუბარი, პრაქტიკულად დე ფაქტო კანონი არ მოქმედებს. ეს გამორიცხულია, თუნდაც ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზულ დარღვევებზე იყოს საუბარი. აფხაზეთში ქართველი, ფაქტობრივად, უუფლებო მოქალაქეა. ნათია ბახტაძის საქმეც ამის ნათელი მაგალითია. მკვლელობა ორი წლის წინ მოხდა, დამნაშავე წვიჟბამ აღიარა დანაშაული, თუმცა დღემდე გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი. ეს აჩვენებს, რომ დე ფაქტო სტრუქტურებს სამართლის აღსრულება არ აინტერესებთ. დამნაშავის გასათავისუფლებლადაც მოიძებნა საბაბი, თითქოს ის ფსიქიკურად შეურაცხადი იყო და ამიტომ არ უნდა ეგო პასუხი. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მკვლელობა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. მაშინ, როცა მდინარე ენგურში ბახტაძის ცხედარს ეძებდნენ, სხვა დანაშაულებიც გამოავლინეს, იპოვეს ორი ადამიანის ნეშტი, რომელთა შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ბახტაძის მკვლელობა რეზონანსული გახდა ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ოჯახმა ყველა ინსტანციას მიმართა: დე ფაქტო პრეზიდენტს, დე ფაქტო შსს-ს, აფხაზ ომბუდსმენს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის”დირექტორი უჩა ნანუაშვილი.
“როდესაც საქმე ქართველების მდგომარეობას ეხება, არ მახსენდება შემთხვევა, რომ დამნაშავე დასჯილიყო. პირიქით, ყოველთვის გამონახავენ გზას, რომ პასუხი არავინ აგოს. ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძიმებს გალში ქართველების ყოფას. ეს ეხება არა მხოლოდ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა მკვლელობა, არამედ სხვა სახის დარღვევებსაც. იქ დაუსჯელობის სინდრომია, რომელიც მხოლოდ ქართველების მიმართ მოქმედებს. მსგავსი იყო თემურ კარბაიას შემთხვევაც. მას მილიციელები სასტიკად გაუსწორდნენ და ის კლინიკაში გარდაიცვალა. ძალიან მძიმე დაზიანებები ჰქონდა: მოტეხილობა, დაჟეჟილობა, დამნაშავეებს მხოლოდ ჯარიმა გადაახდევინეს. მსგავსი პრაქტიკა გვახსოვს გიგა ოთხოზორიას შემთხვევაშიც, როდესაც 2016 წელს აფხაზმა “მებაჟემ” დაშიდ კანჯი-ოღლიმ ის გამშვებ პუნქტზე ჩაცხრილა. მაშინაც ფორმალურად აღიძრა საქმე და მკვლელს მხოლოდ დროებითი შიდაპატიმრობა მიუსაჯეს. ეს, პირიქით, უფრო წახალისება იყო დამნაშავისთვის”, - განაგრძობს “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის”დირექტორი.
“ზოგჯერ გამოძიება ფორმალურია, ზოგჯერ კი არც იძიებენ - ასეთი იყო 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საქმე. კვარაცხელია 2019 წელს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, როდესაც გალიდან აქეთ გადმოსვლას ცდილობდა. ის რუსულ სამხედრო ბაზაში გადაიყვანეს. აფხაზების ე.წ. ოფიციალური ვერსიით, მან დაკითხვის ოთახში თავი ჩამოიხრჩო. აშკარა იყო, რომ ის მოკლეს. ხმაურის საგანი მხოლოდ ის დანაშაულებია, რომლებიც სიკვდილით მთავრდება, თუმცა ბევრ სხვა დარღვევაზე არაფერი გვესმის. ეს აისბერგის პრინციპია - 1-2 მძიმე შემთხვევა ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ რეალური სურათისა, რაც აფხაზეთშია. ხშირია ცემა, დაშინება, მაგრამ ასეთი შემთხვევების შესახებ არაფერი ვიცით. დაზარალებულთა ოჯახები ხშირად ცდილობენ ჩუმად მოაგვარონ საქმე, არაფორმალური კავშირებით, რადგან ეშინიათ, ხმაურმა მათი მდგომარეობა უფრო არ გააუარესოს”, - დასძენს ნანუაშვილი და შეკითხვაზე - “რამდენი ქართველია დღეს აფხაზურ ციხეში? 2024 წელს დააკავეს სამი ქართველი, რემიკო და მურთაზ ჭინათავები და არჩილ საკანია ”უკანონო მიგრაციის ორგანიზების ბრალდებით” და არ ვიცით, მიუსაჯეს რამე თუ გაათავისუფლეს...” - პასუხობს:
“როგორც ვიცი, სამივე ისევ პატიმარია. ჩვენი მონაცემებით, ციხეში 4-5 ქართველია. ზუსტ რაოდენობაზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რამდენიმე თვის წინ მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მათ მოგვწერეს, რომ დაკავებულია ორი პირი. ქართული მხარე დაკავებულებად მხოლოდ იმ პირებს მიიჩნევს, ვისაც საქართველოს პასპორტი აქვს და ქვეყნის ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. გალში მცხოვრები ქართველები, რომლებიც შესაძლოა ასევე დაკავებულები იყვნენ, ამ მონაცემებში არ ფიგურირებენ. ირაკლი ბებუა და ასმათ თავაძე გაათავისუფლეს, თუმცა ახლა "ჯაშუშობის ბრალდებით" დაკავებულია შალვა ხიზანიშვილი, რუსულის მასწავლებელი. ამჟამად ვაზუსტებთ დაკავებულთა სრულ სიას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში და დაზუსტების შემდეგ გვინდა გავავრცელოთ”.
სიახლეები
- "ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"
- "ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - APA
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ნოემბრისთვის
- "სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი" - შსს
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
