May 18, 2024

ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა - რა დრო დაგვჭირდება პანდემიის შესაჩერებლად

“საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა, ვაქცინის შემოტანიდან ზუსტად ერთ კვირაში 21 მარტის მონაცემებით ჯანდაცვის სექტორის 3800-ზე ოდნავ მეტი თანამშრომელია აცრილი - პროფესიონალები თვლიან, რომ თუ ეს პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა, სასურველი შედეგის მისაღწევად შესაძლოა 10 წელზე მეტი დრო დასჭირდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა - რა დრო დაგვჭირდება პანდემიის შესაჩერებლად, თუ პროცესი ასე გაგრძელდა / “ამ ტრაგედიებს და გაცხადებული სიკვდილის ქრონიკას მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინა შეაჩერებს”.

 

“საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “ასტრაზენეკა” 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინის პირველი დოზები 15 მარტს პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის სექტორის ცნობილმა სახეებმა გაიკეთეს. 18 მარტს, ახალციხის კლინიკა “იმედის” ახალგაზრდა ექთან მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს, სადაც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, ამ ფაქტმა ვაქცინაციის ტემპზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” აცხადებს, ამ შემთხვევაში, როდესაც ვაქცინაციის ტემპი საერთოდ არაა, აუცილებელია, რომ ადამიანს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ სარგებელი რისკებს განუზომლად აჭარბებს. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე კი აცხადებს, რომ ტემპის აჩქარება იმაზეა დამოკიდებული, თუ იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწობილნი, საინფორმაციო წყაროები ინფორმაციას რამდენად კარგად მიაწვდიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საინფორმაციო კამპანიაა აუცილებელი. ეს დღეები ბევრი გადაცემა მიეძღვნა, მაგრამ საკმარისი არაა, ის კითხვები, რაც ვაქცინის უსაფრთხოებას უკავშირდება, აუცილებელია, რომ პასუხგაუცემელი არ დარჩეს და ამომწურავი ინფორმაცია მოვაწოდოთ. ეს მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით უნდა დაიყოს, ანუ კოლეგებს სხვა ტიპის ინფორმაცია სჭირდებათ, უფრო ღრმა, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ვისაც სპეციალური განათლება არ აქვს, სხვა ტიპის ინფორმაცია. მთავარია, რომ ეს ყველა არხით და საინფორმაციო საშუალებით იქნას მიწვდენილი - ძირითადად საზოგადოება საზრდოობს ამ ტიპის ან არასრული, ან დამახინჯებული ინფორმაციით, ან ტყუილებით, რომელიც სოციალური ქსელებით ვრცელდება, რომელიც უფრო ადვილადაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ინფორმაცია სანდო წყაროებიდან. ამის გარდა, ვისაც საზოგადოებაში პატვისცემა აქვს, საკუთარი მაგალითით აჩვენოს ყველამ, რომ ვაქცინის სარგებელი ნებისმიერ რისკს განუზომლად აჭარბებს, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელიც სამი დღის წინ მოხდა და რომლის საბოლოო მიზეზის დადგენისას აუცილებელია დაზუსტება და ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება თუ 27 წლის ექთნის გარდაცვალების მიზეზი რა გახდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

 

“ამის გარდა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის ოჯახს, რომ ვუსამძიმრებთ, ასევე უნდა მივუსამძიმროთ ამ მინიმუმ 10 ადამიანის ოჯახსაც, რომლებიც ყოველდღიურად კოვიდის შედეგად იღუპება. ამ ტრაგედიებს და გაცხადებული სიკვდილის ქრონიკას მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინა შეაჩერებს, სხვა გამოსავალი არაა. ეს გზავნილები ადამიანების მიმართ აუცილებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც აცრას გავიკეთებთ, ამითი ჩვენთვის საყვარელ ადამიანებსაც დავიცავთ. მთავარია, რომ მაქსიმალურად სარწმუნო ინფორმაცია მივაწოდოთ, ამის გარდა ალბათ ვაქცინაცია გაიხსნება არა მხოლოდ მედიკოსებისთვის, არამედ ასაკობრივი ჯგუფებისთის, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ავითვისოთ ის ოდენობა, რაც შემოტანილია, არავითარ შემთხვევაში არცერთი დოზა არ უნდა გაცდეს და არ უნდა ჩავარდეს ისე, როგორც 2010 წელს წითელას ვაქცინაცია სწორედ ასეთი დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად ჩავარდა და რომლის დროსაც დაგვეღუპა ბავშვები. და ამ შედეგებს წლებია ვიმკობთ, როცა შემდეგ ზრდასრულ ასაკში განუვითარდათ დიდი გართულებებით, ბევრი ადამიანი დაიღუპა და დღემდე ითვლება რომ ჩვენთან წითელას ეპიდემია მიმდინარეობს, რადგან ყოველწლიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა გვაქვს, წელს შეზღუდვების ფონზე შედარებით უკეთესი სიტუაციაა”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“ვინმეს თუ 90-იანი წლები ახსოვს, როცა “ბეცეჟეს” ვაქცინა არ გვქონდა, მაშინ ძალიან ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი ტუბერკულოზური მენინგიტით გარდაიცვალა, ბევრმა ოჯახმა ეს სიმწარე თავის თავზე გამოსცადა. ასე რომ, ეს ყველაფერი უნდა გავიხსენოთ, როდესაც ავკარგიანობაზე და რისკზე ვსაუბრობთ... დღეს ტემპი არ არსებობს, ამ ტეპით ვერსად ვერ წავალთ - აქ მხოლოდ ექიმებზე და ექთნებზეა საუბარი და ვერც შენარჩუნდება, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის ადამიანები არიან, ვინც სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ და დანარჩენ მოქალაქეებსაც დიდი რისკის ქვეშ აყენებენ. ყველა ევროპულმა ქვეყანამ “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია განაახლა, ვისაც კი ამ საქმეში რამე გაეგება იცის, რომ სარგებელი ასიათასჯერ აჭარბებს ნებისმიერ რისკს. დავუშვათ მანქანაში რომ ვსხდებით უფრო მეტ რისკზე მივდივართ, ვიდრე ამ ვაქცინის გაკეთებით”, - განაგრძობს ზოიძე.

 

“ის ადამიანები, რომლებიც სიგარეტს ეწევიან, ვაქცინაციის რისკზე საუბრობენ, ცნობილია, რომ თამბაქო კლავს, ოღონდ თეორიულად კი არა, პრაქტიკულად კლავს, თითოეულ სიგარეტში 267 ცნობილი ტოქსინი შედის. ცნობილია, რომ ტოქსინები და კობოს გამომწვევი შიგნითაა, მაგრამ ადამიანები აუღელვებლად ერთ, ორ და სამ კოლოფს მოიხმარენ. ამ დროს ეს ადამიანი მოტრიალდება და ამბობს, რომ თითქოს ვაქცინაში რისკის შემცველი ნივთიერებები იყოს, ესაა სასტიკი ირონია. სამწუხაროდ ამ დონემდეა მისული სიტუაცია და ძალიან მნიშვნელოვანია,რომ დეზინფორმაციის ნიაღვარიც ასევე შეჩერდეს და ის ადამიანები, ვინც დღეს ყოყმანობენ, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ საზოგადოების ყველა ინსტიტუტმა და მედიამ”, - დაასკვნის აკაკი ზოიძე.

 

“ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ საინფორმაციო წყაროები რამდენად კარგად იმუშავებენ, როგორ იმუშავებენ თვითონ ექიმები, რომლებსაც ხელეწიფება, რომ ადამიანებამდე ინფორმაცია მიიტანონ, რომ ვაქცინის ხარსიხი ერთი შემთხევით არ განისაზღვრება და ის, რომ ეს ყველაფერი არა ვაქცინის უხარისხობა, არამედ იმ კომპონენტების მიმართ აუტანლობამ გამოიწვია, რომლებიც ამ ვაქცინაში შედის. ნებისმიერმა საჭმელმა, წამალმა, ან ფუტკრის ნაკბენმა შესაძლოა იგივე გამოიწვიოს, “ასტარზენეკა” ის ფირმა არაა, რომელიც უხარისხოდ მუშაობს, მათი პრეპარატების გამოყენების გამოცდილება მაქვს და ვიცი როგორც მუშაობს და რამდენიმე მედიკამენტი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას და უკეთესი ვერავინ ვერ შექმნა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“თუ “ასტრაზენეკას” მიმართ კრიტიკული გამოხტომები იქნება, მე კიდევ ერთ გამოსავალს ვხედავ, სახელმწიფო შეეცადოს და “ფაიზერის” და “ჯონსონი და ჯონსონის” ვაქცინები შემოიტანოს, რომ მოსახლეობაზე რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად იმოქმედებს. მესმის, არის ხალხი რომელიც ერკვევა და არის ხალხი, რომელიც მაინცდამაინც ვერ ერკვევა და ამიტომაც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ და ისინი რაღაცნაირად შემოვატრიალოთ.ასეთი ადამიანები არა მხოლოდ თავიანთ თავებზე არ ზრუნავენ, არამედ ოჯახის წევრებზეც. ხელმძღვანელი ხალხი გამოვიდა და პირდაპირ თქვეს, რომ თუ ასე იქნება, მაშინ მესამე ტალღის მოლოდინში უნდა ვიყოთო. თუ ეს ადამიანები არ აიცრებიან, მათ ვირუსი დაემართებათ, როცა ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ მეტი გზა არ დაგვრჩა. სხვა გზა არაა - მინიმალურ რისკებზე უნდა წავიდეთ, რომ მაქსიმალური მივიღოთ. ამასთანავე აცრის გაკეთება უნდა მოხდეს ისეთ კლინიკაში,სადაც გვერდზევე რეანიმაციული განყოფილებაა და იქვე იქნება ინტენსიური თერაპიის ჩატარება და როცა ასეთი სერიოზული აცრა კეთდება პაციენტი აცრის შემდეგ საკმაო ხანს კლინიკაში რამდენიმე საათითაც კი უნდა დაყოვნდეს, რომ გართულებები და ექსცესები თავიდან ავირიდოთ”, - თვლის ირაკლი ხმალაძე.

 

“საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით, ვაქცინაციის დროს რისკები მნიშვნელოვნად მცირეა. მედდის ვაქცინაცია ისეთ დაწესებულებაში მოხდა, სადაც ყველა დარგის ექიმი იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა და დასძინა, რომ იმისათვის, რომ ვაქცინაციამ ქვეყნის მდგომარეობაზე დადებითი გავლენა მოახდინოს, ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში ვერ იქნება. რადგან 300-400 ადამიანის აცრით სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ”, - დასძენს გამოცემა.

 

“კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ მეგის ოჯახს. გმირი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის სერიოზული დანაკარგია - ოჯახური და ადამიანური. ჯანდაცვის სისტემასაც და ვაქცინაციასაც ზიანი მიადგა, უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს და ქვეყანასაც. ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყველა დარგის ექიმი მის ირგვლივ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, რატომ, როგორ და რანაირად ამას გამოძიების პროცესი სჭირდება, სამედიცინო გამოძიებას ვგულისხმობ. ასევე, მყარი არგუმენტებით დასაბუთების დადება. გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობაში ნდობის თვალსაზრისით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში იყოს ვაქცინაცია, თუმცა შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გვინდა, რომ ვაქცინაციამ გავლენა მოახდინოს და ჩვენი ქვეყანა უკან-უკან არ წავიდეს ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში ვერ იქნება. რადგან 300-400 ადამიანის აცრით სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ”, - განაცხადა კულუმბეგოვმა “დილის შოუში”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 394 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.