May 17, 2024

დაწესდება თუ არა ნოემბრიდან შეზღუდვები

“ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია. სპეციალისტები კვლავ რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ, პირბადის ტარებისა და ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ და რეკომენდაციას უწევენ ყველა შეზღუდვას, რაც ეპიდემიის სტაბილიზაციისთვის გახდება საჭირო.

ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი ვაქცინაციის ასაკის დაწევაზეც საუბრობს. ამირან გამყრელიძე კი ნოემბრიდან შეზღუდვების შემოღებას აანონსებს, თუკი ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა. აცრების ყოველდღიური რაოდენობა ზაფხულიდან მოყოლებული იკლებს და სულ უფრო სათუო ხდება წლის ბოლომდე სპეციალისტებისათვის სასურველი ნიშნულის - ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის სრულად აცრის მიღწევა. ვითარები გაუარესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ეს დაბალი ტემპი სახელდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მე-5 ტალღა ცუდად დაიწყო, ნოემბრიდან შესაძლოა ისევ შეზღუდვები დააწესონ.

 

“17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 010 739 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %; სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.5%. 16 ოქტომბერს აიცრა 4 681 ადამიანი. ამის პარალელურად კი კვირას, 17 ოქტომბერს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 4 581 შეადგინა და გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი. სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ იმას, რომ ასეთი მაღალი მაჩვენებელი დასვენების დღეს, კვირას დაფიქსირდა, როდესცა, როგორც წესი, კვირის სხვა დღეებთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობა ფიქსირდება. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ რეკომენდირებულია ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მაქსიმალურად გამოიწვევს ადამიანთა თავშეყრის აღმოფხვრას. თუმცა, უჭირს საქალაქო ტრანსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაცემა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაწესებულება დაიჩაგრება, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ადამიანთა თავშეყრის ნიველირება შეზღუდვების დაწესებით. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პირბადის ტარებისა და სხვა არსებული რეკომენდაციების დაცვის საკითხი. ამასთან, მაქსიმალური ყურადრება დაეთმოს ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსპორტის შეზღუდვამ საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნა ამიტომ ამასთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაწევა მიჭირს”, - განაცხადა ხმალაძემ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კი აცრების ტემპის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის ასაკმა უნდა დაიწიოს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ვფიქრობ, კვლავ არსებული რეკომენდაციების მაქციმალური დაცვა, თავშეყრის ადგილებიდან დისტანცირება და ვაქცინაციაა გამოსავალი. ამასთან, სწორი იქნება თუ აცრის რეკომენდაციის ასაკი დაიწევს”, - განაცხადა ზოიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს შექმნილი ვითარება ეპიდემიის მეხუთე ტალღის დასაწყისია და შემაშფოთებელია, რომ მეხუთე ტალღას ასეთი მაღალი მაჩვენებლით ვიწყებთ. ამასთან, მან საკოორდინაციო საბჭოს მიერ ახალი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების შესახებაც ისაუბრა. “ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში - კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც შედარებით დაბალია აცრით მოცვის მაჩვენებელი. ამ მხრივ უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს სხვა რეგიონებთან შედარებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას. “მილიონი ადამიანია აცრილი და სულ მცირე, კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს”, - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის განმარტებით, რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს”, - დასძენს გამოცემა.

 

“რა იქნება ჩემი რეკომენდაცია ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, ამას მე აქ ღიად ვერ განვაცხადებ, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო. აღსანიშნავია, რომ იწყება ვაქცინაციის მარათონი და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს. 160 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ამ 49 სოფელში, სადაც ჩვენ მარათონს გავმართავთ და ვნახოთ როგორი იქნება აქტივობა... თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს. უნდა გავითავისოთ, რომ ამ ეპიდემიას მხოლოდ აცრა აკავებს. ის 40-50 ქვეყანა, რომელიც დღეს წარმატებულია და რომლებმაც ასე თუ ისე შეამსუბუქეს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც მოსახლეობის 70% აცრეს. თუ ჩვენ არ ავიცრებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის, მაშინ გვექნება ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღა. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით ახალ წლამდე, ჩვენ 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ისეთი ტალღა მოდის, რომ თუ შესაბამისი შემაკავებელი ღონისძიებები არ გატარდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ნოემბერი”, - თქვა გამყრელიძემ, რომლის განმარტებით, “შემაკავებელ ღონისძიებებში ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას გულისხმობს”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 291 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.