May 19, 2024

შევძლებთ თუ არა 60%-ის აცრას წლის ბოლომდე

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან დაახლოებით 15% მოზარდებია. არსებული ვითარების გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო.

მისი განმარტებით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% ვაქცინაციაა აუცილებელი, რასაც მიუღწევლად მიიჩნევს “რეზონანსთან” საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. კოვიდვითარება კვლავ რთულია მსოფლიოშიც, ჯანმოს ცნობით პანდემიის დასრულება ჯერ შორსაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შევძლებთ თუ არა 60%-ის აცრას წლის ბოლომდე - “სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინირებულია, არ დგება ფატალური შედეგები”.

 

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე 20 ათასამდე პირი აიცრება, რეალურია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას. “60%-ზე რომ ავიდეთ, 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად გვინდა 17-20 ათასი აცრა. რეალური იქნება, თუ ყველა ერთად მოვინდომებთ. მე არ ვსაუბრობ, რომ დღეში 50-60 ათასი აცრა იყოს, რომელიც კარგი იქნებოდა, მაგრამ ვერ გავაკეთეთ ჩვენ ეს აგვისტო-სექტემბერში. ვამბობდი, ძალიან კარგი იქნებოდა აგვისტო-სექტემბერში 30-40 ათასი ყოფილიყო და ვერ შევძელით. აქვს საზღვარი რაღაცას, რაც შეგიძლია და რაც ვერ შეძელი. ახლა ვსაუბრობთ, 15-20 ათასზე, რომელიც გაგვიკეთებია და შესაძლებელია. თუ აგვისტოში ვაკეთებდით, ახლა რატომ არ შეგვიძლია, თუ ყველა მოვინდომებთ”, - განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან მოზარდების დაახლოებით 15%-ია ინფიცირებული. ამასთან, აღნიშნა, რომ ციფრებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველაზე მეტი აცრა თბილისშია ჩატარებული, ხოლო ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამ ხნის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან მოზარდების დაახლოებით 15%-ია ინფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ 18 წლამდე ასაკის 103 927 ბავშვისა და მოზარდის ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 6 979 მოზარდს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და ხოლო 9 შემთხვევა დასრულდა ლეტალური გამოსავლით. მსოფლიოს დაახლოებით 233 ქვეყანასა და ერთეულში, დღეში იცრება 28 მილიონი ადამიანი, ამ ტემპით მსოფლიოს დაახლოებით 5-6 თვე სჭირდება 75%-იანი მოცვის მისაღწევად. ჩვენთან დღევანდელი დილის მონაცემებით, 1 955 000 აცრაა ჩატარებული, პირველი დოზა გაკეთებულია 98 908 შემთხვევაში, სრულად აცრილია 928 021 პირი და სულ მცირე 1 აცრა გაკეთებული აქვს 1 260 989-ს, მინიმუმ 1 დოზით მოცვა მოზრდილებში არის 36.15%, ხოლო სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 32,5%”, განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, “სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესში კვლავ კლების დინამიკა შეინიშნება, ჩატარებულია 4 927 აცრა, საიდანაც პირველი აცრა ჩაუტარდა 2 000-სს, ხოლო დანარჩენ 2 927-ს ჩაუტარდა განმეორობითი აცრა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“აბსოლუტურ ციფრებში ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია თბილისში, 50,4% მოდის თბილისზე, შემდეგ მოდის აჭარა და იმერეთი. ჩვენთვის სამიზნე პოპულაციის ანუ 60%-ის მიღწევასთან ყველაზე ახლოს არის თბილისი. სადაც სამიზნე პოპულაციის 77% არის ორჯერადად აცრილი, შემდეგ მოდის რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი და შემდეგ მოდის აჭარა. ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი გვაქვს ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში, ამიტომ მარათონში ყველაზე დიდი აქცენტი ამ ადგილებზე კეთდება... უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს დიდ სოფლებში მარათონი, დღევანდლამდე ამ მარათონის ფარგლებში დამატებით აცრილია, სახლებში ან ამცრელ პუნქტებში 1 401 ადამიანი. ჩვენ თუ იმუნიზაციის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, სამწუხაროდ, ეს 2-თვიანი ციკლი ამ ტალღების გვექნება ხოლმე და სამწუხაროდ გვექნება დამაზიანებელი ეფექტი”, - თქვა მან. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო კამპანია ბევრად უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო”, - დასძენს გამოცემა.

 

“49 დიდ სოფელში, სადაც დავდივართ, ბევრი ადამიანი ემზადება იმისთვის, რომ აიცრან და ეს შემდგომში გაიშლება სხვა დასახლებულ პუნქტებში. როცა მეკითხებიან, რა დავაკელით, დავაკელით, ვაღიარებთ იმას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო”. ამიტომ როცა გვაკრიტიკებენ, რატომ ადრე არ დაიწყეთ, ამაზე პასუხი მაქვს, რომ ეს უნდა დაიწყო მაშინ, როდესაც ვაქცინები გაქვს შესაბამისი”, - განმარტავს გამყრელიძე. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა მსოფლიოშიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, კოვიდ-19-ის კრიზისი დასრულებისგან შორს არის”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“მიუხედავად იმისა, რომ პროგრესს მივაღწიეთ ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენების გაზრდის გზით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირები იმაზე მიუთითებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის”, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებაში. კომიტეტი რომელიც 19 კაციანი ჯგუფისგან შედგება და 3 თვეში ერთხელ იკრიბება პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, ვირუსის გასაკონტროლებლად გრძელვადიანი ზომების მიღების მოწოდებით გამოდის. კომიტეტის წევრების განცხადებით, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა, ასევე დახურული სივრცეების ვენტილაცია. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, რომ საქართველოში წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირება მიუღწევლად ეჩვენება”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“მიუხედავად ინფიცირებულთა მატებისა, ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია ვაქცინირებული, არ დგება ფატალური შედეგები და არ მძიმდება პაციენტის მდგომარეობა. ამასთან, სადაც მაღალია მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვა, ეპიდვითარება მკვეთრად არ გაუარესებულა. აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია ვირუსის გართულებებით მიმდინარეობას ამცირებს. სამწუხაროდ, ძირითადად ვირუსის გავრცელება გამოწვეულია აუცრელი ადამიანების ხარჯზე. პანდემიის დასაარული რომ შორსაა, გამოწვეულია იმით, რომ მსოფლიოში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 50%-ია ვაქცინირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად, ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა დაკავშირებულია არავაქცინირებულ ადამიანებთან და ცივი სეზონების დადგომასთან, როდესაც რესპირატორული ინფექციები აქტიურდებიან”, - მიიჩნევს გამოცემის მორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“მიუხედავად ყველაფრისა, ძირითადად გაუარესება იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. ხოლო ქვეყნებში სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია აცრილი, შესაძლოა იმატა ინფიცირებულთა შემთხვევებმა, თუმცა, არ დგება ფატალური შედეგები და არ გაზრდილა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. რაც შეეხება წლის ბოლომდე საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირებას, შესაძლოა ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს ეპიდემიის დასარეგულირებლად. თუმცა, დღეს არსებულ მაჩვენებელზე უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად გვექნება. მაგრამ, იმ გადმოსახედიდან რაც დღეს გვაქვს, ეს ყველაფერი საკმაოდ მიუღწეველი ჩანს”, - დასძენს გოგინავა.

 

წაკითხვა 320 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.