"მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ"
საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
„წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:
საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.
ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.
მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
სიახლეები
- „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა
- "არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა"
- "გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზია, რომ ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია" - ბიზინა ივანიშვილი
- "საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - ბიძინა ივანიშვილი
- "პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა"