რა ფორმის მმართველობის სისტემას შექმნიან თალიბები - გიორგი სანიკიძის ანალიზი ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე

პროფესორი (აღმოსავლეთმცოდნე) გიორგი სანიკიძე ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში "ავღანოლოგია" არ არსებობს, ფბ და ზოგადად, მედია სივრცე აივსო საექსპერტო-ანალიტიკური პოსტებით. რამდენიმე მართლაც ლოგიკასა და ცოდნაზე დაფუძნებული პოსტისა თუ სტატიის გარდა, "ანალიზებში" ძირითადად შემზარავი მომავლის სურათებია წარმოდგენილი - მოხდება ცენტრალური აზიის „თალიბანიზაცია“, რუსეთი დაიშლება (რა შუაშია?), ამერიკა დაუბრუნდება იზოლაციონიზმის პოლიტიკას, დაბოლოს - არიქა, მალე საქართველოშიც შემოვარდებიან (ისე, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების შემოვარდნა იწინასწარმეტყველეს..), ანდა ვიკიპედიიდან (რუსული) გადმოქართულებული ავღანეთის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის ცოდნით იწონებენ თავს...

 

რამდენადაც ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი ვარ (ასეთად მთვლიან, უცხოეთში მაინც, და რა ვიცი, აბა... ). ქვემოთ წარმოვადგენ რამდენიმე მოსაზრებას და ფრთხილ ვარაუდს (აღმოსავლეთის შემთხვევაში რთულია რაიმეს, თუნდაც ლოგიკისადმი დაქვემდებარებულის „წინასწარმეტყველება“)

 

1) ავღანეთი რეალურად ხელოვნული სახელმწიფობრივი წარმონაქმნია და არასოდეს ყოფილა შემდგარი სახელმწიფო, ანუ ვერც საგარეო ძალა (დაწყებული მე-19 საუკუნის „დიდი თამაშიდან“) და ვერც ცენტრალური ხელისუფლება პრაქტიკულად ვერასოდეს აკონტროლებდა მთლიანად ქვეყანას.

 

2) არასწორია თალიბების ხელისუფლების სათავეში მოსვლის აშშ-ის უპირობო მარცხად აღქმა (ისე, ავღანეთის ომი ამერიკისთვის ყველაზე ხანგრძლივი ომი აღმოჩნდა). ინტერვენციის, ალბათ, მთავარი მიზანი - ალ-კაიდას განადგურება შესრულებულია. მეორე მიზანი - ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა პროდასავლური ხელისუფლებით სათავეში - თავიდანვე სათუო ჩანდა. ინტერვენცია 11 სექტემბრის შემდეგ აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო - ამის შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს განსხვავებული აზრი. რა თქმა უნდა, წარუმატებლობაა, როდესაც „ესოდენ ძვირადღირებული პროექტი“ ამგვარი შედეგით სრულდება, თუმცა, ვიმეორებ ამ „დასასრულის დასაწყისი“ უკვე დიდი ხანია დაიწყო. შესაბამისად, თალიბების ამგვარი ტრიუმფალური სვლა შეიძლება მოინათლოს „მოსალოდნელ მოულოდნელობად“ (მოულოდნელობად იმ ვარაუდიდან გამომდინარე, თითქოს თალიბები ქაბულში მინიმუმ ექვსი თვე ვერ შევიდოდნენ).

 

3) თალიბების ძალა, მათი დამარცხების შეუძლებლობა და ის, რომ ადრე თუ გვიან ისინი შეძლებდნენ ავღანეთში ძალაუფლების ხელში აღებას, არაერთი წლის წინ გაიაზრეს დასავლეთშიც. თალიბებს ჰქონდათ „დიპლომატიური“ წარმომადგენლობები არაბულ ქვეყნებში, მოლაპარაკებებს მართავდნენ აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებთან (არ ვესწრებოდი, სამწუხაროდ და შინაარსი ჩემთვის უცნობია ).

 

4) თალიბების მხრიდან საკუთარი იდეოლოგიის, მმართველობის ფორმის ექსპორტის ან ავღანეთის საზღვრებს გარეთ ძალადობის გამოყენების სურვილი არასოდეს ყოფილა გამოკვეთილი. თალიბთა მოძრაობა, განსხვავებით ცნობილი ისლამისტური რეგიონული და გლობალური მოძრაობებისგან (ალ-კაიდა, ისლამური სახელმწიფო), ლოკალური ხასიათისაა და ავღანეთის ფარგლებს არ სცდება. მიმდებარე რეგიონებსა და ქვეყნებში (უპირველესად ცენტრალური აზია და ირანი) არ არის არც თალიბთა იდეოლოგიის ფართოდ გავრცელების, არც ტერორისტული სახის ინტერვენციის საფრთხე. ცენტრალურ აზიაში ხისტი ავტორიტარული რეჟიმებია, რომლებიც მკაცრად აკონტროლებენ რელიგიურ საქმიანობას (მიუხედავად მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებში ისლამიზაციის მომხრეთა არსებობისა). ერთადერთი გამონაკლისი ტაჯიკეთია, მაგრამ აქაც, მიზეზთა გამო, ნაკლებად სავარაუდოა „თალიბანიზაცია“. ირანი კი სრულიად სხვა შემთხვევაა...

 

5) ავღანეთი მრავალეთნიკური ქვეყანაა. თალიბების ხელისუფლების სათავეში მოსვლით პრაქტიკულად მყარდება „პუშტუნური (უმრავლესობის) წესრიგი“ (დაახლოებით წააგავს ერაყში მრავალი წლის მანძილზე მმართველობიდან გარიყულობის შემდეგ შიიტი უმრავლესობის ხელისუფლების სათავეში მოსვლას - ამერიკელების დახმარებით). მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პუშტუნური (თალიბთა) წესრიგი მთელ ქვეყანას მოიცავს. როგორც ზემოთ დავწერე, უკიდურესად რთულია მთელი ქვეყნის გაკონტროლება. თალიბებისთვის საუკეთესო შემთხვევაში, ეს იქნება ახალი (აღმოსავლურ-ისლამური) ტიპის ფედერაცია ან კონფედერაცია.

 

5) მთავარი კითხვაა, თუ რა ფორმის მმართველობის სისტემას შექმნიან თალიბები - იქნება ეს პირველი „თალიბური ექპერიმენტის“ განმეორება და უფრო პრაგმატულ გზას აირჩევენ, ანუ შეეცდებიან ნაწილობრივ მაინც ჩაერთონ არსებულ საერთაშორისო სისტემაში? ვინ იქნებიან მათი მტრები და მეგობრები? დასავლეთიდანაც თითქოს, არაპირდაპირ, მაგრამ გაისმა დაახლ. „ჩვენ პატივს ვცემთ ავღანელი ხალხის არჩევანს, მაგრამ...“. რაც მთავარია, დღეისთვის ჩინეთმა და ირანმა (სრულიად განსხვავებული მოტივებით) გამოთქვეს ახალ რეჟიმთან თანამშრომლობის სურვილი... მთავარი კითხვა შემდეგი სახისაა: შეიქმნება სახელმწიფოებრივი ისლამიზაციის ახალი ფორმა, რომელსაც ვუწოდებდი „ზომიერ რადიკალურ ისლამს“, თუ (ისევ) ისლამური რადიკალიზმის გამოვლენის წინაშე აღმოჩნდება მსოფლიო? ერთი მაგალითია ირანის „რადიკალური ისლამი“, რომელიც ბევრად უფრო გამოგონილია, ვიდრე რადიკალური. მეორე მაგალითია თურქეთის თითქოსდა „ზომიერი ისლამი“, რომელიც თავის დროზე, მაგალითად სურდათ გაეხადათ დასავლეთში მუსლიმური ქვეყნებისთვის, მაგრამ პრინციპში შეცდნენ.

 

მოკლედ, „მოსალოდნელი მოულოდნელობა“ მოხდა. ჯერჯერობით მთავარი კითხვა შემდეგია: „ზომიერი რადიკალური ისლამი“ თუ უბრალოდ „რადიკალური ისლამი“.? ამასთანავე კი, უკიდურესად ნაადრევია დასკვნების გამოტანა," - წერს გიორგი სანიკიძე.

წაკითხვა 419 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.