"ლარს არ უდგას მშვიდი დღეები და ასეთი მდგომარეობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება"

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლარი ამ დღეებში  რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ გააუფასურა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე წერს.

"ჯერ ერთი, ეს საფუძველშივე მცდარია და მეორეც, ეს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა, რადგან ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა  მხოლოდ “საგარეო ფაქტორის” ბრალი ყოფილა და არა მთავრობის და ეროვნული ბანკის ცუდი მუშაობის. 

 

ჩემი ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა  მხოლოდ ლარის კურსზე ზემოქმედების მარტივ ახსნას ემსახურება და არა რაიმეს გამართლებას(ვგულისხმობ რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას).

 

მიგრაციის პრობლემები უნდა გადაჭრას მთავრობამ.  აკრძალავს, სავიზო რეჟიმს შემოიღებს თუ კონტროლის სხვა ფორმას დააწესებს, ეს მისი საქმეა. შემოსვლა-არ შემოსვლას უნდა წყვეტდეს სასაზღვრო სამსახურები და არა ბანკები. “თი ბი სი” ბანკის ერთ დღიანი არასერიოზულ აქცია იმის თაობაზე, რომ შემოსულებს საბანკო ანგარიშებს არ გაუხსნიდნენ, წარუმატებლად დამთავრდა, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ “პური მეპურემ უნდა გამოაცხოს”.

 

დავუბრუნდეთ ლარს.  ჩვენს ეკონომიკურ განსწავლულობაში ჩაბეტონდა და სწორადაც ის აზრი, რომ ტურისტები ამყარებენ ლარს. მარტივი ამბავია-შემოაქვთ უცხოური ვალუტა. რუსები და ბელორუსები, არა აქვს მნიშვნელობა, ტურისტს  ვუწოდებთ, ლტოლვის, რეჟიმებს გამოქცეულებს, დეზერტირებს თუ სხვას, საზღვრის კვეთის საერთაშორისო აღრიცხვით არიან ვიზიტორები, მაშასადამე ჩვენს ტერიტორიაზე ფულის მხარჯავები. ისინი კი არ აუფასურებენ, არამედ ამყარებენ ლარს. როგორ ხდება ეს:

 

-თუ ჯიბით შემოაქვთ ფული, მას ახურდავებენ ბანკში ან ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში და აჩენენ ლარზე მოთხოვნას. თუ ვაშლს ბაზარში ასი კაცი ყიდულობდა გუშინ და დღეს ორასს მოუნდა, ვაშლის ფასი გაიზრდება. ასეა ლარზეც. 

 

-თუ გადმორიცხავენ ქართულ ბანკში: ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. რუსეთში 350 ბანკია და აქედან ჯერჯერობით მხოლოდ 12 ბანკს აქვს გათიშული სვიფტი), თანაც რუსეთის მოქალაქეს რუსეთის ხელისუფლება   უცხოეთში თვეში 5 ათასი დოლარის გადარიცხვის  უფლებას აძლევს. ბანკში ჩარიცხვისას ხდება შემდეგი რამ  ა) ყიდულობს ლარებს აქაური ხარჯების დასაფარავად( ბინა, სასტუმრო, კვება და ა. შ. ), ანუ ამყარებს ლარს, ბ) რიცხავს უცხოეთში(ნებისმიერ ადგილას, რადგან უკვე ქართული ბანკის კლიენტია). ასეთ შემთხვევაში ეს ტრანსაქცია ნეიტრალურია ლართან დაკავშირებით-რაც შემოვიდა, ის გავიდა. სამაგიეროდ ბანკი ხეირობს-უცხოეთში გადარიცხვა ძვირი სიამოვნებაა, პლუს ანგარიშის გახსნის საკომისიო, ვალუტის გატანის საკომისიო, პლასტიკური ბარათით უზრუნველყოფა და სხვა შემოსავლები. გასაგებია, რომ ბანკების მოგების ნაწილი ბიუჯეტში მიდის და სამუშაო ადგილებსაც ქმნის.

 

მოკლედ რომ შევაჯამოთ, პრობლემა იქ არ უნდა ვეძებოთ, სადაც არ არის. სადაც არის, ეს მთავრობის მისახედია. ეროვნული ბანკი კი, კვლავ მდუმარე მდგომარეობაშია. ის უნდა ესაუბრებოდეს ხალხს და აძლევდეს მითითებებს კომერციულ ბანკებს და არ უნდა უწყობდეს ხელს ეგზოტიკური ჭორების გავრცელებას და ეგზოტიკურ ქმედებებს ბანკების მხრიდან. ამაში “საქართველოს ბანკის” აქციასაც ვგულისხმობ, რომელიც ყველას მოეწონა, როცა  რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშის გახსნისას აწერინებს ქაღალდზე ხელს, რომ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.  სინამდვილეში ეს მხოლოდ მორალური აქტია და იგი სამართლებრივად ნულოვანი ეფექტის მქონეა. 

 

ლარს კი არ უდგას მშვიდი დღეები და ასეთი მდგომარეობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მთავარი ფაქტორი ხელისუფლების სწორი ქმედებებია, აგრეთვე უცხოური ვალუტის ის რეზერვები, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წყალობით საკმაოდ დაგვიგროვდა," - წერს რომან გოცირიძე,

წაკითხვა 291 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 08 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.