May 2, 2024

"პუტინი, როგორიც ის დღეს არის, უფრო სულელია თუ უფრო გიჟი?"

უკრაინული ჯარის ეფექტურობამ და უკრაინული საზოგადოების ერთიანობამ და შემართებამ რადიკალურად შეცვალა გლობალური გარემო. უკრაინელების შემხედვარე, დასავლეთი უპრეცედენტო სანქციების გარშემო გაერთიანდა. ახლა დომინანტი აზრია, რომ რუსეთი არა მარტო ამ ომს, არამედ თავსაც აგებს, მისთვის ეს ომი ეპოქალურ კატასტროფად შეიძლება იქცეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წერს.

"კონკრეტულად რა და როგორ მოხდება, არავინ იცის, და ომის ბედიც შეიძლება შეტრიალდეს. ისტორიამ გვაჩვენა, რომ შუა ომში პროგნოზები ძალიან სათუოა. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, დასავლეთში ეს განწყობაა.

 

რასაც პარადოქსული შედეგი აქვს: ფაქტობრივად, უკრაინამ დასავლეთი დააჯერა, რომ მას დამოუკიდებლადაც შეუძლია რუსეთისთვის ომის მოგება - ცხადია, დასავლეთის იარაღით და ფინანსური დახმარებით და მკაცრი სანქციების ფონზე. ფუკუიამას ამ თეზისებში (ჩემი აზრით, საკმაოდ ჭკვიანურში) ეს არის მთავარი დაკვირვება.  

 

ასე რომ, დახმარება სავარაუდოდ გაიზრდება, მაგრამ ნატოს რაიმე ფორმით უშუალოდ ჩართვა (თუნდაც არასაფრენი ზონის უზრუნველყოფით - რაც, ცხადია, ომში ჩართვას ნიშნავს) დაგეგმილი არაა. ამ ეტაპზე ასეა, მერე ვნახოთ. (მე ნატოს უფრო პირდაპირი ჩართვა გამიხარდებოდა, მაგრამ რაც რეალისტური მგონია, იმას ვამბობ). 

 

კონკრეტულად რას ნიშნავს რუსეთის დამარცხება, რა ფორმით უნდა შედგეს ის, ამას ვერავინ ამბობს. ამ ფონზე მნიშვნელოვანი კითხვაა: პუტინი, როგორიც ის დღეს არის, უფრო სულელია თუ უფრო გიჟია? 

 

ეს პირადად მისი ომია, რომლის დაწყებაც, როგორც ჩანს, ძალიან, ძალიან ვიწრო წრეში გადაწყდა და მისი გარემოცვის დიდი ნაწილისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლაც ამ ერთი კაცის ხუშტურებზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, ხუშტურების პროგნოზირება კი ძნელია. 

 

პუტინმა დიდი სისულელე გააკეთა და საკუთარი თავიც და ქვეყანაც ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა. აქედან როგორ გამოვიდეს, არ იცის - ეს ვარიანტი, უბრალოდ, არ გაუთვლია. ფუკუიამას ამ ტექსტში სათაურია ყველაზე საკამათო: ემზადება კი პუტინი მარცხის აღიარებისთვის? ამ ვითარებაში, როცა კუთხეშია მიმწყვდეული და, ფაქტობრივად, მარტოა (ვიზუალურადაც ვხედავთ, რამხელა დისტანციაზე ჰყავს ხალხი, ვინც წესით მისი უახლოესი გარემოცვაა), მისი ფსიქიკური მდგომარეობა ხდება მნიშვნელოვანი ცვლადი: კიდევ რაზეა წამსვლელი? და მისი ეს „გარემოცვა“ რისი გამკეთებელია?"- წერს გია ნოდია.

წაკითხვა 294 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.