May 4, 2024

"სად ვართ, საით მივდივართ და სად არის ჩვენი ადგილი მსოფლიოში" - ფრიდონ შუბითიძე

Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი, - ფრიდონ შუბითიძე სოციალურ ქსელში რუსეთ უკრაინის ომსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება. FirstNews.ge მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ამ დღეებში, უამრავი შეკითხვა მომდის საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ისმის კითხვა სად არის გამოსავალი? პირველ რიგში მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს და ცივილიზებულ სამყაროს ამ ომში. ეს არის ომი არა იმიტომ რომ უკრაინას სურს ნატოში შესვლა, არამედ იმიტომ რომ რუსეთს არ უნდა მის მეზობლად იყოს მდიდარი, წარმატებული და დემოკრატიული სახელმწიფო და თავისუფალი საზოგადოება. დარწმუნებული ვარ მსოფლიოს ცივილიზებული სამყარო გაიმარჯვებს სიბნელეზე ამ ომში. მეორე, მინდა დავაფიქსირო, რომ მე არ ვარ პოლიტიკაში ჩაბმული, მაგრამ ჩემი კავშირებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე მინდა აღვწერო სად ვართ, საით მივდივართ და სად არის ჩვენი ადგილი მსოფლიოში.

 

ცხადია, უკრაინისთვის ეს ომი დამთავრდება მხოლოდ ერთი შედეგით- გამარჯვებით, რომლის შემადგენელი ნაწილი იქნება უკრაინის სრული ინტეგრირება დასავლეთის ცივილიზაციასთან.

 

ასევე გადაწყვეტილია, რომ ომის დამთავრების შემდეგ რუსეთის იზოლაცია გაგრძელდება რამდენიმე ათეული წელი. ამის გამო რუსეთი შეეცდება რაც შეიძლება მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ჩაიყოლოს ამ იზოლაციაში. აქედან გამომდინარე საქართველოს აქვს ორი არჩევანი: 1. საქართველო რჩება ცივილიზებულ, პროგრესული საზოგადოების მხარეს, ან 2. ირჩევს რუსეთის მხარეს და ისევ უერთდება ბნელ წარსულს, როგორც ეს მოხდა 1921 წელს.

 

ჩემი არჩევანი რა თქმა უნდა არის ცივილიზებულ სამყაროში ყოფნაა და ამას ვუსურვებდი ჩემს ქვეყანას, საქართველოს. ალბათ, გიჩნდებათ შეკითხვა, რატომ დასავლეთი და არა რუსეთი. ამ კითხვის პასუხისათვის ნება მომეცით, მოვიყვანო რამდენიმე შედარება ჩემი უშუალო გამოცდილებიდან, როგორც პიროვნებისგან რომელსაც უცხოვრია ორივეგან-საბჭოთა კავშირში და ევროპა-ამერიკაში. მაშ ასე:

 

ა. შევადაროთ ადამიანი დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროში და ბნელ წარსულში საითაც გვექაჩება რუსეთი.

დასავლეთში ყველაზე დიდი დაფასება აქვს ადამიანს, მის ჯანმრთელობას, თავისუფლებას, რწმენას, კულტურას, და შემოქმედებას. აქ ადამიანის წარმატება ხდება არა ეროვნების, ასაკის, წარმომავლობის ან კანის ფერის მიხედვით, არამედ მისი შემოქმედებით, ნიჭით, შრომითა და წვლილით საზოგადოებაში. დასავლეთში არის გამჭვირვალე კონკურენცია, სადაც გამარჯვებული განისაზღვრება არა პროტექციით და დიპლომის ყდით, არამედ გამოცდილებით, წარმოდგენილი სიახლეებით და გეგმებით. ამის შედეგია, რომ დასავლეთში პროგრესი არ ჩერდება, ყოველ დღე ადამიანები ქმნიან სიახლეს, რომელიც უადვილებთ ყველას ცხოვრებას. დასავლეთში ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს იმუშაოს არა სახელმწიფო სტრუქტურებში, არამედ კერძო კომპანიებში, ან შექმნას თავისი საკუთარი კომპანია/ბიზნესი.

 

შედარებისათვის, რუსეთში და სამწუხაროდ ნაწილობრივ საქართველოშიც, კი ყველაფერი საპირისპიროდ ხდება, კერძოდ ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და თავისუფლება არის მეორე ხარისხოვანი; ადამიანის „დაფასება“ ხდება არა მისი თავისუფალი აზროვნებით, არამედ მისი ლოიალობით, მონობის ხარისხით სხვის მიმართ; არ ფასდება პროფესიონალიზმი, შრომა, საქმის სიყვარული. უბრალოდ ხდება ადამიანების აბუჩად აგდება, მათი პიროვნული და პროფესიონალური ღირსებების ფეხქვეშ გათელვა. არ არსებობს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები/საზოგადოების ჯგუფი. ყველა ფიქრობს სახელმწიფოს გაძარცვაზე. ეს არის რუსული/საბჭოთა წყობილების ყველაზე დამახასიათებელი თვისება და სწორედ აქეთკენ ექაჩება რუსეთი ყველა მეზობელ სახელმწიფოებს. ეს არის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში გაბატონებული კორუფციის და განუვითარებლობის/სიბნელის.

 

ბ. შევადაროთ ადამიანის ფასეულობა -ურთიერთობები

ადამიანის ფასეულობებს შორის დასავლეთის წამყვან ქვეყნებში, და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიტყვას და ნდობას. აქ ადამიანები ერთმანეთს ენდობიან სიტყვაზე. ეს არის ამ საზოგადოების ყველაზე დიდ დამსახურება. იკითხავთ ალბათ, რა მანდ არ იტყუებიანო? რა თქმა უნდა არიან რომლებიც ამ თვისებას იყენებენ თავიანთ საკეთილდღეოდ, მაგრამ ეს შეუმჩნევლად არასოდეს არ რჩება. ადამიანმა თუ მოიტყუა პირველ ეტაპზე მის მიმართ ნდობის დაკარგვა ხდება და საბოლოოდ კი მასთან ურთიერთობების გაწყვეტა.

 

შედარებისთვის, სიცრუე რუსეთის და მასთან დაახლოებული მეზობლები ქვეყნებში ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილია. ყველგან ტყუილია, ყველგან გამოგონლი ინფორმაციები ადამიანების მისამართ. ხდება მათი გაშავება და მორალურად განადგურება. სწორედ ამ ტყუილების შედეგია განუვითარებლობა და ჭაობში ყოფნა.

 

გ. შევადაროთ გამოცდილების გადაცემა/მომზადება

დასავლეთის ცივილიზებული ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ გამოცდილება, განათლება და წარმატებები გაუზიარონ ყველას. ამის მაგალითია, დასავლეთის ქვეყნების მიერ უდიდესი ენერგიის და ფინანსების ჩადება პატარა, ახალგაზრდა სახელმწიფოების პროფესიონალების მომზადებაში ყველა მიმართულებით და მათ შორის საკუთარი ჯარის შექმნაში. უკრაინის არმიის მომზადება ბოლო რვა წლის მანძილზე ამის დასტურია.

 

ისევ, რუსეთი (საბჭოთა კავშირი დროს) ყველაფერს აკეთებდა რათა ყველა საკვანძო სამრეწველო, სამხედრო თუ განათლების სისტემები ცენტრალიზებული ყოფილიყო მის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით შეზღუდული იყო რეალური სამხედრო გამოცდილების გადაცემა. მაგალითისათვის, აფხაზეთის ომის პერიოდში ჩემს უბანში ცხოვრობდა 20-სად და 40 წლამდე ასაკის დაახლოებით 100-120 ახალგაზრდა, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ ორ წლიანი სამხედრო სამსახური. ჩემთვის შოკი იყო როდესაც აღმოვაჩინე ამ ახალგაზრდების თითქმის 99%-ს საბჭოთა (რუსეთის) ჯარში ყოფნისას შეხება არ ჰქონდათ რაიმე რეალურ საბრძოლო მოწყობილობებთან, დაგეგმარებასთან ან ბრძოლის მეთოდებთან. აღმოჩნდა მე უფრო მეტი ვიცოდი თეორიულად და პრაქტიკულადაც. ჩემი აზრით ეს ხდებოდა სპეციალურად რათა შეექმნათ წარმოდგენა, რომ მხოლოდ რუსები იყვნენ მეომრები და ყველა დანარჩენი მათი დამხმარები. სამწუხაროდ ეს კარგად გამოსდიოდათ და გამოდით ახლაც.

 

ეს არის ის სამი მკვეთრი მაგალითი რის გამოც ჩემთვის ევროპულ-ამერიკული მხარეს დგომას ალტერნატივა არ აქვს.

 

ახლა როგორ შეიძლება და რა არის გამოსავალი რომ საქართველო დაადგეს სწორ გზას დასავლეთისაკენ.

 

უკანასკნელი 2-3 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ძალიან ბევრი დანაპირები მისცა დასავლეთს. ამ დანაპირების უმრავლესობა არ შესრულდა, ანუ სიტყვა რაზეც ენდნენ საქართველოს (მხედველობაშია მთავრობა და პარლამენტი) არ შეასრულა. ამის შედეგად მათ მიმართ დაკარგა ყველაზე ღირებული-ნდობა. დღეს უცხოელი მთავრობების უმაღლესი წარმომადგენელი პირები დისტანცირებულები არიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებისაგან.

 

თუ საქართველოს ხალხის (რაც კონსტიტუციაში არის ჩაწერილი) არჩევანი არის დასავლურ-ცივილიზებულ მხარეს ყოფნა, აუცილებელია ამ ნდობის აღდგენა. ამისთვის კი აუცილებელია:

1. საქართველოს მთავრობის გადადგომა.

 

2. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ეს არჩევნები საშუალებას მისცემს მთავრობას და პარლამენტს დაიბრუნონ ნდობა, და გამართულად ვსაუბრობ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს.

 

3. პრეზიდენტმა, ახალმა მთავრობამ და ახლად არჩეულმა პარლამენტმა მოახდინონ ერის კონსოლიდაცია საქართველოს ევრო-კავშირსა და ნატოში(ან სხვა გარანტორების კავშირში) გაწევრიანების გარშემო.

 

4. ჩაებან ყველა საერთაშორისო ფორუმებში/შეხვედრებში მიმდინარე მოვლენების გარშემო.

 

5. მოახდინონ ქართველი მოსახლეობის სრული ინფორმირება მოახლოებული საშიშროების და მათი თავიდან აცილების გზებზე.

 

6. პრეზიდენტმა, მთავრობამ და პარლამენტმა გამოიყენონ ყველა არსებული შესაძლებლობები ქვეყნის შიგა და გარე ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მკაფიოდ და დეტალურად აუხსნან საკუთარ მოსახლეობას რატომ შემოიღეს ან რატომ ვერ შემოიღეს ესა თუ ის სანქციები.

 

7. მთავრობამ, პარლამენტმა და ოპოზიციამ ერთად გამოაცხადოს მორატორიუმი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებზე შიგნით და გარეთ.

 

8. მოახდინონ ქართველი მოსახლეობის მობილიზება, ინფორმირება და მომზადება შესაძლო დაცვითი ომისათვის.

 

9. მოახდინონ საქართველოს ყველა ეთნიკურ ჯგუფის ინფორმირება ევრო-კავშირსა და ნატოში შესვლისას მათი უფლებების, კეთილდღეობის და უსაფრთხოების შესახებ. რეალურად აჩვენონ, რომ ევროპაში და ნატოში შესვლით მოხდება არა იდენტურობის, ენის, ეთნოსის, ღირსების გაქრობა, არამედ პირიქით კიდევ უფრო მოხდება მათი დაცვა და გაძლიერება. მინდა გითხრათ, ჩვენ საინტერესოები ვართ ისეთები როგორებიც ვართ, და არა გადაკეთებულები/შეცვლილები. ჩვენ ეროვნული კულტურით და მრავალ საუკუნოვანი ისტორიით ჩვენი წვლილი შეგვაქვს მრავალფეროვან ევროპულ ოჯახში.

 

სამ ათეულ წელზე მეტია ვცდილობთ ავაშენოთ სახელმწიფო და ჯერ კიდევ იგივე ეტაპზე ვართ. ეს იმიტომ, რომ ჩვენს თავზე ორი საუკუნეა რუსეთის ურჩხული ვერ მოვიშორეთ. ბოლო წლებში, როგორც კი რაიმე დიდი ნახტომი გავაკეთეთ ამ ურჩხულმა ეგრევე დაგვგლიჯა-დაგვანაწევრა. ასე, მაგალითად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა ომი ოსეთსა და აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის გამოდევნით; საქართველოს დასავლეთის კურსთან დაახლოებას და რეფორმებს მოჰყვა 20% ტერიტორიის ანექსია, და ახლა კიდევ ღიად გვეუბნებიან, რომ საერთოდ უნდა დავივიწყოთ სახელმწიფოებრიობა და დავუბრუნდეთ სიბნელეს. დღეს, როგორც არასდროს რეალური გახდა საბოლოოდ განვთავისუფლდეთ ამ ურჩხულისაგან და შევქმნათ თანამედროვე წარმატებული, კონკურენტულ-უნარი და ცივილიზებული სახელმწიფო. ამის მისაღწევად აუცილებელია დავდგეთ დასავლეთის გვერდით და შეუერთდედთ სანქციებს მაქსიმალურად.

 

ხშირად ისმის კითხვა თუ რუსეთი წამოიწყებს ომს საქართველოს წინააღმდეგ მაშინ როგორ გაუძლებს საქართველო?. ომი ძალიან ცუდია, ამიტომ ერთის მხრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ (გარდა ჩვენი მომავლის განადგურებისა) თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თუ მისი აცილება შეუძლებელია მაშინ უნდა ვიყოთ მზად. დღეს ყველა ვხედავთ უკრაინელი ხალხის შეუპოვარ ბრძოლას ოკუპანტების წინააღმდეგ. უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მარტო თავის ქვეყნის დასაცავად, არამედ ისინი იბრძვიან მთელი ცივილიზებული სამყაროს დასაცავად. მათ მხარში უდგას მთელი საღად მოაზროვნე საზოგადოება. უკრაინელმა ხალხმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ერის ერთიანობაზე და თავგანწირვაზე.უახლოეს ისტორიაში არაერთი მაგალითი გვაქვს ქართველი ხალხის თავგანწირვის და გმირობის შესახებ. ამიტომ, საბოლოოდ მინდა დავასრულო შემდეგი სიტყვებით:

 

ომი ცუდია მაგრამ თუ საომარი გვაქვს უნდა მოვემზადოთ რათა გავიმარჯვოთ,"- წერს ფრიდონ შუბითიძე.

წაკითხვა 1143 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.