"ვიღაცამ ამ ყველაფერში შესაძლოა “უკრაინის დროშას ამოფარებული რუსეთი" დაინახოს - გია ხუხაშვილი

საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის თემაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადებების სისტემატიზირების შემთხვევაში მწყობრი ლოგიკის დანახვა შესაძლებელია.

„თუ მოვახდენთ უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ ჩვენი ხელისუფლების განცხადებების სისტემატიზირებას, შესაძლოა დავინახოთ მწყობრი პოლიტიკური ლოგიკა, რომელიც კარგ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება (არგაღიზიანების პოლიტიკა, “ომი გინდათ” ნარატივი), ცუდ შემთხვევაში კი სრულად ჯდება რუსულ პროპაგანდისტულ ხაზში.

 

მარტო კობახიძის გუშინდელი განცხადება რად ღირს უკრაინის ხელისუფლების “დენაციფიკაციის” თაობაზე, ღარიბაშვილის მუდმივი განცხადებები, რომ ეს უკრაინის ომია და ჩვენ არ გვეხება და ა.შ. აღარაფერს ვამბობ მათი პრომოუტერების მხრიდან უკრაინის მტრად გამოცხადებაზე, ოხანაშვილის წარმოუდგენელ განცხადებაზე…

 

ეს ყველაფერი ინიღბება ფორმალური, რიტორიკული მხარდაჭერით, პულტზე ხელის მიჭერით 100 სხვა ქვეყანასთან ერთად და უკრაინის დროშის გამოფენით. თუ მთელ სურათს გადავხედავთ, ვიღაცამ ამ ყველაფერში შესაძლოა დაინახოს “უკრაინის დროშას ამოფარებული რუსეთი,” - წერს გია ხუხაშვილი.

 

მისი თქმით, შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთ ნაწილს გულწრფელად სჯერა, რომ მხარს უკრაინას უჭერს და უკვე ფორმირებულ „მესიჯს“ ისე ახმოვანებს, რომ არც კი ფიქრობს, რას და რატომ ამბობს.

 

„ახლა მთავარი - აღწერილი სურათის ფორმირებაში ჩართული ადამიანები ამას შეგნებულად აკეთებენ, თუ არა? მე ვფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა ვერ ხედავს დიდ სურათს და უბრალოდ მიყვება ზემოდან დაშვებულ ინსტრუქციას. უფრო მეტიც, მათ გარკვეულ ნაწილს სჯერა კიდეც, რომ უკრაინას უჭერს მხარს.

 

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ვინც იცის როგორ მუშაობს სისტემა, ის ადვილად მიხვდება, რომ ასეთი მატრიცის შექმნა სავსებით შესაძლებელია და აი რატომ: სადღაც ხდება ე.წ. “მესიჯის” ფორმირება, რომელიც ეგზავნება გამხმოვანებელს და ისიც იმეორებს მოწოდებულ ტექსტს, ისე რომ არც ფიქრობს იმაზე, თუ რას ამბობს და რატომ ამბობს. ეს ხდება ყოველდღიურად, გამხმოვანებლების როტაციით. ისე, რომ ვერავინ დაინახოს სრული სურათი. იქ კი სადაც “მესიჯის” ფორმირება ხდება, კაცმა არ იცის რა ხდება და ვინ რა ინტერესს ემსახურება,“- წერს გია ხუხაშვილი.

 

შეგახსენებთ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო დაიძაბა დაპირისპირება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას უკრაინისათვის არასაკმარის დახმარებასა და არასწორი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

წაკითხვა 319 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.