May 15, 2024

აქვს თუ არა საერთო გაციებას ინფექციებთან - მაია ბუწაშვილის განმარტება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "ფეისბუქზე" გაციებასთან დაკავშირებული მითების შესახებ წერს. ექიმის განმარტებით, ადამიანები სხვადასხვა ინფექციური დაავადების სიმპტომებს, ხშირად, სწორედ გაციებას აბრალებენ და სხვა ადამიანებთან კონტაქტს არ ერიდებიან, მაშინ, როდესაც, შესაძლოა, ავადმყოფობა გადამდები იყოს. 

"ადამიანები უამრავ ინფექციურ დაავადებას უკავშირებენ გაციებას, მაგალითად, არაერთხელ გაგვიგია:

 

„სველი თმით არ გახვიდე, მენინგიტი დაგემართება“,

 

„ორპირში ნუ ხარ, მენინგიტი დაგემართება“,

 

„გავცივდი და შარდის ბუშტის ანთება დამემართა“

 

“ფეხები გაუცივდა და საკვერცხის ანთება დაემართა“

 

„ცივ ქვაზე არ დაჯდე, საკვერცხის ანთება დაგემართება“ ან „შვილი არ გეყოლება“

 

„ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ და იმიტომ მახველებს (ან სურდო მაქვს)“ და ა.შ.

 

სინამდვილეში, ეს ყველაფერი ძირითადად ინფექციურ დაავადებებს უკავშირდება. რაც შეეხება „საკვერცხის ანთებას“, როგორც წესი, ტკივილი დაკავშირებულია მცირე მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებთან, საკვერცხის კისტასთან, მენსტრუალურ ტკივილთან და ა.შ. და „ფეხების გაციება“ ან ცივ ქვაზე ჯდომა არაფერ შუაშია.

 

შარდის ბუშტის ანთება კი ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებაა. თუმცა ცივ ამინდში გახშირებული შარდვა ჩვეულებრივი ამბავია და აუცილებლად „შარდის ბუშტის ანთებას“ სულ არ ნიშნავს. ეს ორგანიზმის გარკვეული დამცველობით რეაქციაა. და აქვე ვიტყვი, წყლის სმა ცივ ამინდშიც მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ზაფხულში.

 

მენინგიტს იწვევს სხვადასხვა ვირუსი, ბაქტერია ან პარაზიტი. ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, მენინგოკოკი), შეიძლება გადამდები იყოს და ამას ორპირ ქართან, სველ თმასთან ან კონდიციონერთან საერთო არაფერი აქვს.

 

რაც შეეხება სასუნთქი გზების სიმპტომებს, ანუ რასაც ხალხი „გაციებას“ უწოდებს, ესეც, როგორც წესი, ვირუსულ ინფექციებთან არის დაკავშირებული და ადამიანი ამ დროს გადამდებია. ყველაზე ხშირად „გაციებას“ რინოვირუსები და ადენოვირუსები იწვევს.

 

მოკლედ, ტერმინებს დიდი მნიშვნელობა მართლაც არა აქვს, უბრალოდ, ეს ყველაფერი იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ თუ ჩვენი ავადმყოფობის მიზეზს სწორად არ შევაფასებთ, ვერც სწორი მიმართულებით პროფილაქტიკას და მკურნალობას მივმართავთ და ასევე, ზოგ შემთხვევაში, გულწრფელად გვეგონება, რომ გარშემომყოფებს არ ვუქმნით საფრთხეს, რადგან ეს ყველაფერი სიცივის ბრალია და არა ინფექციის," - წერს მაია ბუწაშვილი.

წაკითხვა 277 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.